გადაწყვეტილება №20636/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.11.2023
№ დოკუმენტი 20636/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20636/2/2023

29 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (პ/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 21.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20636/2/2023).

 

დავის საგანი:

1. წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება;

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.08.2023 წლის №19041 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 828 145,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 8 416 149

მიწაზე (არასასოფლო)

ქონების გადასახადი - 1 872

მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 14 277

საშემოსავლო გადასახადი - 8 400 000

ჯარიმა - 4 200 000

საურავი - 4 211 996,92

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.08.2023 წლის №19041 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

30.12.2019 წელს შპს ---ის 100%-იანი წილი შეძენილი აქვს ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად ---ს რეზიდენტი კომპანიისგან (90%) და ---ის მოქალაქე ფიზიკური პირისგან (10%). აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ხელთ არსებული (მათ შორის, ---დან მიღებული) ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც კომპანიებში არ ფიქსირდება, ჩაითვალა ამ პერიოდის შემოსავლად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაირთო ფ/პ ---ის ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად შეძენილი აქვს შპს ---ის 100%-იანი წილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან). შემოწმებით, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც საწარმოებში არ ფიქსირდება, ჩაირთო ფ/პ ---ს 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულებები განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ პირის მიერ შემოსავლები მიღებულია 2019 წლის საანგარიშო პერიოდში და არ დასტურდება აღნიშნული შემოსავლის დაბეგვრა კომპანიებში. ასევე, როგორც შემოწმების აქტშია მითითებული საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების საფუძვლით. საგადასახადო ორგანომ ფიზიკური პირის მიერ შპს ---ს შეძენისას მითითებული ღირებულება უტყუარად მიიჩნია 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლად ისე, რომ არ შეუსწავლია და არ დაუდასტურებია აღნიშნული შემოსავლის მიღების პერიოდი. ასევე, არ შეუსწავლია აღნიშნული შემოსავლის წარმოშობის წყაროები. ეს კი მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით ცალსახად განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით, „იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემული წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.

ზემოაღნიშნული განმარტებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ კონკრეტული თანხა მიჩნეულ იქნეს პირის შემოსავლად, მათ შორის შემოსავლად, რომლის კანონიერება სადავოა, უპირველესად უნდა დგინდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემოსავლის მიღების ფაქტის გამოკვლევა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის ფაქტის კვლევის დადასტურება, რომლითაც ასევე უტყუარად დადასტურდებოდა აღნიშნული შემოსავლის 2019 წლის საანგარიშო პერიოდში მიღების ფაქტი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია პირის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ასევე საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოება, რომლის მიხედვით შემმოწმებელი მიუთითებს, რომ „ჩვენს ხელთ არსებული (მათ შორის ---დან მიღებული) ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან)“.

უცნობია რა გარემოებებზე მიუთითებს შემმოწმებელი, ასევე რა ინფორმაცია იქნა ---დან მიღებული და საბჭომ უნდა განიხილოს შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელს გადაეცეს შემოწმების შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებების ამსახველი მტკიცებულებები. ამასთან, შემმოწმებლის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოება, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული შემოსავლის მიღების ფაქტი, ადასტურებს გარემოებას, რომ აღნიშნული შემოსავალი უტყუარად ვერ იქნება მიჩნეული 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის და პერიოდების დადასტურების მიზნით მტკიცებულებების მოძიება.

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია ფაქტები და არ იმსჯელა შემოწმების შედეგების მართლზომიერებაზე. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე განხორციელდა სს ---ს საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები ასევე გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

სს ---ს საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ფ/პ ---სგან სს --ის წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, კერძოდ შემოწმებამ სადავო გარემოებად მიიჩნია სს ---ის წილის ღირებულება და შემოწმების შედეგებით წილის ღირებულებად განისაზღვრა სს ---ის აქტივების ღირებულება - 7 867 904 ლარი, ხოლო სს ---გან წილის ნასყიდობისთვის გადახდილი თანხები ზემოაღნიშნული 7 867 904 ლარის გამოკლებით, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად.

ზემოაღნიშნული ორი საგადასახადო შემოწმების შედეგები ერთის მხრივ ფ/პ ---ის შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და მეორეს მხრივ სს ---ს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ერთმანეთთან კოლიზიაში მოდის, ვინაიდან ორივე შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა სს ---ნის წილის ღირებულების ნაწილში. თუ შემოწმება ერთის მხრივ ფ/პ ---ის მიერ სს ---ს წილის ღირებულების გადახდად უტყუარად მიიჩნევს 42 000 000 ლარის გადახდას, შესაბამისად ადასტურებს, რომ სს ---ის წილის ღირებულება მინიმუმ 42 000 000 ლარია, როგორ შეიძლება იმავე წილის ღირებულება სს---ს საგადასახადო შემოწმების აქტით განხილული იყოს 7 867 904 ლარად.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე არ იმსჯელა და არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა არც ფ/პ ---ს მიმართ დარიცხული თანხების მართლზომიერების და არც სს ---ს მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის ნაწილში.

სს ---ის წილის რეალიზაციის საფუძვლით სს ---ს და ფ/პ ---ის საგადასახადო დავების განხილული უნდა იქნას კომპლექსურად, ვინაიდან ფ/პ ---ის საგადასახადო შემოწმების შედეგები გამორიცხავს სს ---ას მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორეს და ასევე პირიქით, სს ---ს საგადასახადო შემოწმების მართლზომიერად მიჩნევა გამორიცხავს ფ/პ ---ს მიმართ ვალდებულების განსაზღვრის სისწორეს.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურმა უგულვებელყო საჩივარში მითითებული არგუმენტები/გარემოებები და მტკიცებულებები და გამოსცა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასწორია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით. ამდენად, დამატებით დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს სრულად და საჩივრის განხილვა მოხდეს მომჩივნის წარმომადგენლების მონაწილეობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის ირგვლივ არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საგადასახადო დავის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულით შეიზღუდა მომჩივნის არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მომჩივნის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 მუხლით დავის განმხილველი ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მომჩივნის დაუსწრებლად საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ---ს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მომჩივნის დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილად არ იხდის ქონების გადასახადს. შემოწმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი და დაერიცხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ --- ფლობს როგორც სასოფლოსამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გადამხდელის დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილად არ აქვს გადახდილი ქონების გადასახადი.

შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი, რის საფუძველზეც გადამხდელს გადასახადი დაერიცხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების (მიწის) გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ იყო სრულად შესრულებული მის საკუთრებაში არსებულ მიწებზე. საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილია, რომ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით ლარში, ხოლო ამავე ნაწილით მოცემულია საბაზისო განაკვეთები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე.

ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწებზე გადასახდელი ქონების გადასახადი მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმების შედეგად განსაზღვრული გადასახადისგან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულება 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ფიზიკური პირის მიერ შესრულებულია და წარდგენილია შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც ასევე წარმოდგენილია დანართის სახით.

ამდენად, არამართებულია იმ საანგარიშო პერიოდზე შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რომელზეც გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, შემოწმების შედეგად არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილშიც და აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო უნდა შემცირდეს და საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მომჩივნის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოწმების შედეგად, მომჩივნის დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ არასრულად არის დეკლარირებული მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაანგარიშებული ქონების გადასახადი. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის შესახებ მონაცემები საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულია სსიპ საჯარო რეესტრიდან. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.08.2023 წლის №19041 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის (წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება;

2. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.08.2023 წლის №19041 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4); 100; 203; 204; 205.