N 342 - 15/10/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №342
2024 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:
„მუხლი 461. საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული რამდენიმე პირის დღგ-ით დასაბეგრ ერთ პირად განხილვა
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
2. ამ მუხლის მიზნისთვის:
ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით:
ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება;
ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა;
ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ა.ე) დივიდენდის განაწილება;
ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია;
ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება;
ა.თ) ვალდებულებათა აღება;
ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა;
ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან;
ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას;
ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე;
ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს;
ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.
4. ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.
5. პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
მაგალითი:
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა გაგამ სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო 2024 წლის თებერვლიდან. იმავე წლის ივნისის თვეში დაარეგისტრირა შპს „გაგა“, რომლის წილის 100%-ის მფლობელი თავადაა, ხოლო ივლისის თვეში 50/50-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მეუღლესთან ერთად დაარეგისტრირა შპს „გუგა“. სამივე პირისათვის საქმიანობის სახე იდენტურია და არცერთი მათგანი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მათ მიერ განხორციელებული ბრუნვები შეადგენს:
#assignedTableId-1729075135984 {null margin: 0 auto !important; }თვე
(2024წ.)
დასაბეგრი ოპერაციების თანხა
ი/მ „გაგა“
შპს „გაგა“
შპს „გუგა“
საერთო ბრუნვა
თებერვალი
10000
10000
მარტი
12000
22000
აპრილი
10000
32000
მაისი
13000
45 000
ივნისი
5000
13500
63500
ივლისი
7000
7 000
12000
89500
1 აგვისტო
5500
95000
15 აგვისტო
4000
99000
20 აგვისტო
6000
105000
31 აგვისტო
20000
125000
სექტემბერი
9 500
14800
19000
ოქტომბერი
8 000
10600
25000
ნოემბერი
5 000
12000
15 000
დეკემბერი
7 000
13500
14 500
იანვარი
7 000
14000
16500
12 კალენდარული თვის ჯამი
99000
95400
95500
დადგინდა, რომ გაგა იღებდა როგორც საკუთარ, ისე საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს.
შედეგი:
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ინდივიდუალური მეწარმე, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“ განიხილოს ერთ დასაბეგრ პირად, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. შესაბამისად, სამივე პირის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, დღგ-ის მიზნებისთვის, განხილული უნდა იქნეს ერთი პირის ბრუნვად. ამრიგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და საგადასახადო ვალდებულებები ჯგუფის წევრი თითოეული პირისათვის განისაზღვრება სამივე პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის გათვალისწინებით – აგვისტოს თვის იმ ოპერაციის განხორციელებიდან, რომლის მიხედვითაც, დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს.
აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ მეწარმეს, შპს „გაგას“ და შპს „გუგას“ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობათ 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებული ოპერაციით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ჯგუფის თითოეული წევრი დაარეგისტრიროს დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულ შემთხვევაში, 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებულ ოპერაციაზე შპს „გაგა“, ხოლო ყოველ შემდეგ დასაბეგრ ოპერაციაზე ინდივიდუალური მეწარმე გაგა, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“, ჩაითვლებიან დღგ-ის გადამხდელებად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე