გადაწყვეტილება №19354/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19354/2/2023
11 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------7.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19354/2/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №081-397 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტი 2.02.2023 წლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5167 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 662 001 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 367 147
დღგ - 57 106
მოგების გადასახადი - 214 040
საშემოსავლო გადასახადი - 95 075
ქონების გადასახადი - 926
ჯარიმა - 183 352
საურავი - 111 502
დარიცხული თანხა: 712 699 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 367 147
დღგ - 57 106
მოგების გადასახადი - 214 040
საშემოსავლო გადასახადი - 95 075
ქონების გადასახადი - 926
ჯარიმა - 183 352
საურავი - 162 200
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების საფუძვლით, 2023 წლის 21 თებერვალს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც საჩივარი დატოვა განუხილველი:
- აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
- აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის № 5167 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.10.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №40990 ბრძანება და №081-397 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 9 აგვისტოს №21261 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 16 თებერვალს, რომელთან დაკავშირებითაც, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს №21261 ბრძანება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5167 ბრძანებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სრულიად გასაგები და ლოგიკურია ის შემთხვევა, რომ შემმოწმებლები 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში მიუთითებენ, რომ დაუშვეს უზუსტობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში ქონების გადასახადის ნაწილში.
ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ უზუსტობებია ასევე დაშვებული გადასახადების სხვა ნაწილშიც, რამაც ზეგავლენა იქონია ამ სახით/რაოდენობით გადასახადის დარიცხვაში და რასაც რა თქმა უნდა არ ეთანხმება, არსებობს უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მათ მოსაზრებებს სრულიად შეესაბამება და რასაც აუცილებლად წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოსთან საჭიროებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, არამარტო არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, არამედ არ ეთანხმება 2022 წლის 17 იანვარს ელექტრონულად მიღებულ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და დამატებით ითხოვს საგადასახადო სანქციებისაგან განთავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2021-ის №24045 ბრძანებით ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.10.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების საფუძველს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №23169 ბრძანება 2021 წლის III-IV კვარტლების საგადასახადო შემოწმების გეგმის დამტკიცების შესახებ, ანალიტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 16 ივლისის №78667-21-05 სამსახურებრივი ბარათი.
2021 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 550 300.50 ლარი, მათ შორის გადასახადი 366 948 ლარი და ჯარიმა 183 352.50 ლარი.
კომპანიას 2018-2020 წლებში დაერიცხა ქონების გადასახადი, სადაც შემოწმებით არასწორად იყო მითითებული გადასახადის გადამხდელის ქონების ადგილმდებარეობა, შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის ქონების ადგილმდებარეობის გასწორება.
შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის ქონების ადგილმდებარეობის გასწორებამ თავის მხრივ მოიტანა, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი შედეგებიც, რაც გამოიხატება იმაში რომ გამოიცა ახალი 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 2023 წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანება.
2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადის გადამხდელზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება გახლავს განსხვავებული/ინდივიდუალური, რომელიც არ შეესაბამება აქამდე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, აქვს ცალსახად საკამათო ფაქტობრივი გარემოება. ხოლო, რაც შეეხება სამართლებრივ გარემოებას, რეალურად ზემოხსენებული აქტები გახლავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, - აგრეთვე აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“
თუნდაც ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, ნებისმიერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა წარმოშობს კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს, სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული, ახალი 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნისა და 2023 წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანების გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი, რათა არ იქნას დარღვეული ის სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში იმპერატიულ ხასიათს ატარებს.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი-ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადამხდელთან წარმოშობს მისი გასაჩივრების უფლებას.
ამრიგად, სრულიად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია და არ იზიარებს მას. ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხელთ აქვს ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული აქტები,რომელიც ქმნის მისი პოზიციის სისწორის განცდას, შესაბამისად აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს მისი პოზიციის გაზიარება.
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მარტის №5167 ბრძანების გაუქმებას და მეორეს მხრივ 2022 წლის 17 იანვარს ელექტრონულად მიღებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №40990 ბრძანების შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად გაუქმებას და შესაბამისი კორექტირების გათვალისწინებით, ახალი საგადასახდო მოთხოვნის (თანდართული დოკუმენტებით) გამოცემას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 16 თებერვალს და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს №21261 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 25 იანვარს შედგენილი დასკვნის თანახმად, 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიას 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა ქონების გადასახადი, სადაც შემოწმებით არასწორად იყო მითითებული გადასახადის გადამხდელის ქონების ადგილმდებარეობა. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის ქონების ადგილმდებარეობის გასწორება.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია შემდეგი:
1. გასწორდეს შპს „------------“ (ს/ნ -------------) მიმართ 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №40990 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა ქონების გადასახადის ძირითად ნაწილში. კერძოდ:
გადასახადის გადამხდელის ქონების ტერიტორიული ადგილმდებარეობის გასწორების მიზნით, შემცირდეს ქონების გადასახადის ძირითად ნაწილში, გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით 727 ლარი;
- გადასახადის გადამხდელის ქონების ტერიტორიული ადგილმდებარეობის გასწორების მიზნით, დაერიცხოს ქონების გადასახადის ძირითად ნაწილში, გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით 727 ლარი.
2. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები შპს „------------“ (ს/ნ ------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახოს ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს, რომ 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 2023 წლის 25 იანვარის დასკვნისა და ამავე წლის 2 თებერვლის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, რომელთა მეშვეობით გასწორდა 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების დარიცხვისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობა. მითითებული საგადასახადო მოთხოვნით არ განხორციელებულა ახალი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, იგი მოიცავს 2021 წლის 27 დეკემბრის
№081-397 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ თანხებს, რომლებიც აღიარებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო აქტის კანონსაწინააღმდეგობასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
დადგენილია, რომ 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვარის დასკვნისა და ამავე წლის 2 თებერვლის №1735 ბრძანების საფუძველზე, რომელთა მეშვეობით გასწორდა 2021 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების დარიცხვისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობა. მითითებული საგადასახადო მოთხოვნით არ განხორციელებულა ახალი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, იგი მოიცავს 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ თანხებს, რომლებიც აღიარებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №081-397 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების საფუძვლით, 2023 წლის 21 თებერვალს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც საჩივარი დატოვა განუხილველი:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №081-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის № 5167 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
301(ლ);8(5ბ);