გადაწყვეტილება №22449/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22449/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 3.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22449/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №259-38 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2660 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 120 337 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 65 334
დღგ - 52 868
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 54
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 12
საშემოსავლო გადასახადი - 12 400
ჯარიმა - 31 961
საურავი - 23 042
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ლუდით და სიგარეტებით ვაჭრობა, ასევე მედიკამენტების რეალიზაცია, ქალაქ ----ში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 19.12.2023 წლის №31911 ბრძანება და №259-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2660 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მეწარმეს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შდეგად გაიზარდა 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე და მე-100 მუხლების მიხედვით, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მეწარმის ეკონომიკური საქმიანობა იყო არაბრენდირებული საქონლით ვაჭრობა და შესაბამისად, უწევდა შედარებით დაბალი ფასნამატით მუშაობა (საშუალოდ 5%-იდან --9 %-მდე), ხოლო შემმოწმებელს ყოველ წელს სხვადასხვა ფასნამატი აქვს გამოყენებული, კერძოდ, 2020 წელს 9%, 2021 წელს 11% და 2022 წელს 15%.
მართლზომიერი იქნებოდა ის ფაქტი, რომ თუ მოხდებოდა მეწარმის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების შემცირება ჯარიმა-საურავების მოხსნის გზით, მაშინ მეწარმე აღიარებდა დარჩენილ ვალს და გამონახავდა საშუალებას, თუნდაც ბანკიდან აღებული სესხის ხარჯზე გადაფარავდა დარჩენილ ვალს. კამერალური შემოწმება სრულად ვერ უზრუნველყოფს მეწარმის ერთობლივი შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას, კერძოდ აუდიტებს არ მოუთხოვია ბაზრობაზე შეძენილი ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის აქტები. (ლუდის, სიგარეტების, მინერალური და სასმელი წყლების გარდა მაღაზია, ასევე ვაჭრობდა ბაზრობაზე შესყიდული ხილითა და ბოსტნეულით). აქტზე თანდართულ ერთობლივი შემოსავლების გასაანგარიშებელ ცხრილებსა და ახლობლების დახმარებით მის მიერ შედგენილ ერთობლივი შემოსავლების გასაანგარიშებელ ცხრილებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, განსაკუთრებით ეს 2020 წლის ცხრილებს ეხება. ითხოვს, ხელახლა განსახილველად გულდასმით გადახედილი იქნას აქტში მოყვანილი მონაცემები.
მეწარმის საქმიანობა არის ოჯახური ბიზნესი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში საქონლის შესაძენად გაწეული ხარჯების გადასაფარად ოჯახი თავისი პირადი შენატანებით ანაზღაურებს ხარჯებს, ასე მაგალითად, ---- გადახდის წყაროსთან დაბეგრილ ხელფასიდან ფარავს საწარმოს ხარჯებს. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით სარევიზიო პერიოდი მოიცავს არასრულ სამ წელს, მისი ვარაუდით 2020 წელს უნდა შეხებოდა ხანდაზმულობის ვადა, (ბრძანებაში არ არის მითითებული შემოწმება ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით), ამიტომ ითხოვს ახსნას შემოწმება უნდა შეხებოდა 2020 წელს და ვრცელდებოდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა ჩატარებული შემოწმებაზე. ენდობოდა ბუღალტერს, ეგონა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, მაგრამ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბუღალტრის შეცდომით/არცოდნით გამოწვეულმა არასრულყოფილად გადაგზავნილმა დეკლარაციებმა გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების არასრულად შესრულება.
შემოწმების პერიოდში არ არსებული ბუღალტრული აღრიცხვა - შემოწმების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყოფილ ბუღალტერს უწარმოებია ბუღალტრული აღრიცხვა „ორისის“ საბუღალტრო პროგრამაში და ამის დასამტკიცებლად შეუძლია წარმოადგინოს ბუღალტრული პროგრამა „ორისით“ ნაწარმოები 2020 წლის ბუღალტრული აღრიცხვა, რომელის არსებობა არ შეეძლო მცოდნოდა, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომამდე. მართალია დაგვიანებით, მაგრამ გაირკვა, რომ ყოფილ ბუღალტერს, მისი მუშაობის პერიოდში კერძოდ, 2020 წელს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრული აღრიცხვა უწარმოებია საკუთარ ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“. მოულოდნელი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ არასაკმარისი ანაზღაურების გამო მეწარმეზე განაწყენებულმა ბუღალტერმა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, შემოწმების პერიოდში აუდიტების მოთხოვნის მიუხედავად ბუღალტრული პროგრამა განზრახ არ წარადგინა, გარდა ამისა რევიზიის შედეგად გამოვლენილმა ბუღალტრის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მეწარმე დღევანდელ სავალალო შედეგამდე მიიყვანა. შემდგომ წლებში საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა განაგრძო მისი ოჯახის წევრმა, სამწუხაროდ წინამორბედის მსგავსად იგივე შეცდომები გაიმეორა, კერძოდ, დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებსა და წლიურ დეკლარაციებში არ გაითვალისწინა ტერმინალით მიღებული შემოსავალი. (ბუღალტერმა ჩათვალა, რომ სალარო აპარატით და ტერმინალით შემოსული თანხა ერთად აისახებოდა Z - ანგარიშებში ). დარჩა უსახსროდ - შემოსავლების გარეშე.
უმორჩილესად ითხოვს, გათვალისწინდეს მისი მდგომარეობა და მომხდარი ფაქტი არ დაკვალიფიცირდეს დარღვევად, რადგანაც ცოდნის ფარგლებში, ყოველთვიურად აგზავნიდა, როგორც დღგ-ის დეკლარაციებს, ასევე წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებსა. მისი გათვლებით ბიუჯეტისათვის განზრახ ზარალი არ მიუყენებია. აქედან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირებასა და ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოიკვეთა ბუღალტრის ბრალეულობა და ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მეწარმისთვის განზრახ მიყენებულ ზარალს. სამწუხაროდ უნდა აღიაროს, რომ ბუღალტერს, რომელსაც არ აქვს სათანადო ანაზღაურება, იგი ვერ უზრუნველყოფს საწარმოს ვერც ფინანსურ, ვერც მარკეტინგულ და მითუმეტეს ვერც ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფილ აღრიცხვას. ვერ აფასებდა ბუღალტრის შრომას და ამიტომაც მივიღე, ის რაც მიიღო.
დანართის სახით წარმოგიდგენთ ყოფილი ბუღალტრის მიერ გადმოცემულ 2020 წლის „ორისის“ პროგრამით ბუღალტრული გატარებების ბრუნვით უწყისებს, ბანკების, სალაროებისა და სხვა ბუღალტრული გატარებების ჩათვლით. (Excel) სავარაუდოდ თვლის, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია სრულყოფილად. ვინაიდან მეწარმის ბუღალტრული აღრიცხვა „ორისის“ პროგრამით მხოლოდ 2020 წელს მოიცავს.
ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდეს აუდირებული ფასნამატის გადახედვა და ახლად აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე შეძლებისდაგვარად მთლიანად ან ნაწილობრივ მოეხსნას 2020 წლის წლიურ დეკლარაციაში შემოწმების მონაცემებით მეწარმის ერთობლივ შემოსავლად დამატებით დარიცხული 146 064 ლარი. შესაბამისად მთლიანად მოეხსნას 2020 წელს დარიცხული ჯარიმა-საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი 5 მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელ და მყარ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
მომჩივნის არგუმენტები 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების და დარიცხვის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის თანახმად გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, რომელიც აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო ვალდებულებებზე გადასახადის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2020 წლის დასრულებიდან - 2021 წლიდან, ხოლო შემოწმება ჩატარდა, შემოწმების აქტი შედგა და აღნიშნულზე საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსდა 2023 წელს, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მხრიდან დაცულია გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებებზე გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №259-38 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 31 961 ლარი და საურავი - 23 042 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შდეგად გაიზარდა 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე და მე-100 მუხლების მიხედვით, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 269 (7); 4.