ბრძანება N 5592

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5592
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5592

22.03.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 27 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 2023 წლის 27 თებერვლის №79378/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №002-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ არ შეესაბამება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებას. დასკვნაში კვლავ არ არის წარმოდგენილი არანაირი კალკულაცია და დარიცხვის საფუძველი. მასში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შესახებ. დასკვნა, ასევე, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 9 დეკემბრის №005-185 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხა 80,300 ლარი კომპანიამ სრულად გადაიხადა 2014 წლის 16 დეკემბერს. კომპანია სრულადაც, რომ ეთანხმებოდეს დასკვნის შედეგებს, იმის გამო, რომ მხოლოდ 2023 წელს მოხდა მისი გამოცემა, გაიზარდა დარიცხული საურავის ოდენობა და მან ნაცვლად 2014 წლის 9 დეკემბრის №005-185 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული 41,420 ლარისა შეადგინა 94,398 ლარი. ამასთან, კომპანიის მიერ გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო ვალდებულებებზე. შედეგად, დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან, რადგან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერთხელ უკვე დარიცხული და გადახდილი გადასახადების მოთხოვნა ხდება განმეორებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის №ბს-522-522(2კ-18) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ნოემბრის №3ბ/19 8 6-16 (330310016001234346) განჩინება. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ნოემბრის №3ბ/19 8 6-16 (330310016001234346) განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/735-16 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. შპს „----------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №51070 ბრძანება და 2014 წლის 9 დეკემბრის №005- 185 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის №469 დასკვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 თებერვლის №2642 ბრძანება და 2015 წლის 24 ივნისის №22505 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (№10713/2/15 საჩივართან დაკავშირებით), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47493 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 23 დეკემბრის №1333 დასკვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 28 დეკემბრის №50216 ბრძანება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/735-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №002-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება 2019 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა,გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის №2547 განკარგულების საფუძველზე, შპს „----------“-სა (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2019 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა №ა 436-21 საგადასახადო შეთანხმება, რაც შესრულებულ იქნა

შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ, შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება დაუშვებელია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას არ დაექვემდებარა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.