ბრძანება N 24825

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2023
№ დოკუმენტი 24825
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24825

06 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 7 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №83475/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №006-425 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ სრულად აქვს დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №3137 და 15 აგვისტოს №20141 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდეს 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 16 აგვისტოს №20273 ბრძანება და ამავე თარიღის №006-425 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 984 ლარი, მათ შორის, გადასახადი 84 054 ლარი, ჯარიმა 38 315 ლარი, საურავი 22 614 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში. მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მის მიერ გამოწერილი საფ-ებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შემოწმებით ბანკით მიღებული ზედმეტი შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას, როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით. გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადამხდელი საქმიანობისთვის 2020 წლის ოქტომბრიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის მარტამდე იყენებდა სხვადასხვა ავტომობილებს, ხოლო 2021 წლის თებერვალში შეიძინა ორი სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რის შემდეგაც ძირითადად გადაზიდვის მომსახურებას ასრულებს მის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით. გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებით გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა გამოწერილ საფ-ებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებშიც. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად პირველ რიგში გამოყენებულ იქნა სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული გადაზიდვის ღირებულება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. შემოწმებისთვის წარმოდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საფ-ებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია გამოქვითვები. გადამხდელმა შემოწმებას არ წარმოუდგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება, რამაც გამოიწვია სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 10-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში. მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მის მიერ გამოწერილი საფ-ებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აქვს ასახული. ამასთან, გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად დეკლარირებულ მონაცემებშიც. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად პირველ რიგში გამოყენებულ იქნა სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული გადაზიდვის ღირებულება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები, გადაზიდვის დისტანციების მიხედვით, რის საფუძველზეც გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, შემოწმებით განხორციელდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება. შედეგად, შემოწმებით, პირს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ასევე გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება: ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია.

3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ:

ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;

ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება;

გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. წარდგენილი მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. შემოწმებით, საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დადასტურდა, დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას, ასევე, შემცირდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ვერ დადასტურდა შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, მართლზომიერად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირება. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში. მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შემოწმებით აღნიშნული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას, როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით.

● გადამხდელმა საქმიანობისთვის შეიძინა ორი სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რის შემდეგაც ძირითადად გადაზიდვის მომსახურებას ასრულებს მის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით. გადამხდელმა შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გამოვლინდა და დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებშიც. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა.

● გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები.

● გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია გამოქვითვები. გადამხდელმა შემოწმებას არ წარმოუდგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება, რამაც გამოიწვია სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან.

გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 80; 102; 105; 106; 159; 163; 164; 175; 176

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160(ა); 161(1); 173; 174;