გადაწყვეტილება №23001/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23001/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ი ლუდის სახლის 1.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23001/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. განაცემების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმა; 3. დღგ-ის ჩათვლების შემცირება კორექტირების საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-733 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6073 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 515 892,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 827 074
დღგ - 314 861
საშემოსავლო გადასახადი - 512 213
ჯარიმა - 412 768
საურავი - 276 050,54
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-733 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6073 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნე მომსახურება. კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ სარესტორნო საქმიანობაში ნედლეულის და მასალების ჩამოწერა ხორციელდება პერიოდის ბოლოს ჯამური მაჩვენებლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იდენტიფიცირდება რესტორნის ნაწილში რეალიზებული მზა კერძების რაოდენობისა და მის საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერების რაოდენობა და ღირებულება. შედეგად არ არსებობს მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო კოდექსის 43-ე, 146-ე და 49-ე და 61-ე მუხლების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, სარესტორნო მომსახურების საქმიანობის ნაწილში მოხდა შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ, საწარმოს რესტორნების შემოსავლები დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: რეალიზებული საკვების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების თვითღირებულების დადგენის მიზნით გამოყენებულ იქნა შესყიდვის პირველადი დოკუმენტები (ელ. ანგარიშ-ფაქტურა, ელ. ზედნადები) და საბუღალტრო პროგრამა, ხოლო საბაზრო ფასი დადგინდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მენიუებით, ასევე გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. კალკულაციები კერძების თვითღირებულების დადგენის მიზნით, სადაც რიგ შემთხვევაში საქონლის ფასი დაკორექტირდა შეძენის ელ. დოკუმენტის საფუძველზე, რის საფუძველზეც, განისაზღვრა შესაბამისი პროდუქტების ფასნამატები, აღნიშნულის საფუძველზე, დადგენილი თვითღირებულება შეპირისპირებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მენიუების მიხედვით განსაზღვრულ ფასთან და გაანგარიშდა ფასნამატი წლების მიხედვით. ალკოჰოლური სასმლისა და არაალკოჰოლური სასმელების წილზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი სახეობაზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატები პერიოდების შესაბამისად. შემოწმებით მიღებული არაპირდაპირი შემოსავალი, გადამხდელის მიერ დეკლარირებული სარესტორნო მომსახურების ბრუნვის პროპორციულად გადანაწილდა შესაბამის პერიოდებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის) შესაბამისად კომპანიას დაერიცხა დღგ 314 864 ლარი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 156 562 ლარი.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლები მიჩნეულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე (---------ზე პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად კალენდარული წლის ბოლო თვეებში და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 512 213 ლარი და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 256 106 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, ნედლეულის და მასალების ჩამოწერა ხდება პერიოდის ბოლოს ჯამური მაჩვენებლით. ასევე, გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებული საკვების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების თვითღირებულების დადგენის მიზნით გამოყენებულ იქნა შესყიდვის პირველადი დოკუმენტები (ელ. ანგარიშ-ფაქტურა, ელ. ზედნადები) და საბუღალტრო პროგრამა, ხოლო საბაზრო ფასი დადგინდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მენიუებით. ასევე, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციები კერძების თვითღირებულების დადგენის მიზნით, სადაც რიგ შემთხვევაში საქონლის ფასი დაკორექტირდა შეძენის ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, კერძის კალკულაციის მონაცემები შედარებულია სხვა აუდირებული კომპანიის კერძების კალკულაციებთან და რიგ შემთხვევაში დაკორექტირდა კერძის შემადგენელი ინგრედიენტების ოდენობები. აღნიშნულის საფუძველზე, დადგენილი თვითღირებულება შეპირისპირებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მენიუების მიხედვით განსაზღვრულ ფასთან და გაანგარიშდა ფასნამატი წლების მიხედვით. ალკოჰოლური სასმელისა და არაალკოჰოლური სასმელების წილზე გავრცელებულ იქნა შესაბამის სახეობაზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატები პერიოდების მიხედვით. შემოწმების მიერ გამოანგარიშებული შემოსავალი, გადამხდელის მიერ დეკლარირებული სარესტორნო მომსახურების ბრუნვის პროპორციულად გადანაწილდა შესაბამის პერიოდებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ფასნამატის დადგენა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და აღნიშნული მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები.
„ა“ ქვეპუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება „ბ“ ქვეპუნქტზე, აქ უკვე სახეზე უნდა იყოს ერთდროულად 2 პირობის შესრულება:
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; - შემოწმების აქტში ამ თემაზე საუბარი არ არის, თუმცა აუდიტი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად იყენებს აღნიშნულ არგუმენტს.
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახდო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახდო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; შემოწმების აქტში არც ამ თემაზე საუბარი არ არის, თუმცა აუდიტი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად იყენებს აღნიშნულ არგუმენტსაც.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს - შემოწმების აქტში წერია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხავს კანონმდებლობით დადგენილი წესით - „კერძოდ სარესტორნო საქმიანობის ნაწილში ნედლეულის და მასალების ჩამოწერა ხორციელდება პერიოდის ბოლოს, ჯამური მაჩვენებლით.“
აღნიშნულის საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს კანონით დადგენილი წესით, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“, ხოლო საქონელი ჩამოიწერება პერიოდული აღრიცხვის მეთოდის მიხედვით რასაც კანონმდებლობა არ ზღუდავს. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესი არ დაურღვევია.
რაც შეეხება შემდეგ არგუმენტს - „ვერ იდენტიფიცირება რესტორნის ნაწილში რეალიზებული მზა კერძების რაოდენობისა და მის საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერების რაოდენობა“ - თუმცა იმავე აქტში წერია, რომ შემოსავლები დაანგარიშდა წარდგენილი მენიუების და კალკულაციების გაანგარიშებით.
ესეიგი, რომ შევაჯამოთ სახეზეა:
1. ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც ხორციელდება ნედლეულისა და მასალების ჩამოწერაც;
2. ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ყველა ანგარიშგება (2020, 2021 და 2022 წლების);
3. კალკულაციები;
4. მენიუები.
ასევე კომპანიას 2020-2023 (ივნისი) წლებში დეკლარირებული აქვს 411 293 ლარის გადასახადი, მათ შორის პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით, რადგან კომპანია ყოველთვის ცდილობდა შესაბამისობაში ყოფილიყო ქართულ კანონმდებლობასთან.
შესაბამისად, კომპანიის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და დარიცხვის (დღგ, საშემოსავლო) განხორციელება არამართლზომიერია.
მოცემულ შემთხვევაშიც კი, არამართლზომიერად გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი არეალშიც კი მომჩივანის განმარტებით არის მთელი რიგი შეუსაბამობები:
შემოწმების აქტის თანახმად - „წარმოდგენილი ე.წ კალკულაციები კერძების თვითღირებულების დადგენის მიზნით, სადაც საქონლის ფასი შეძენის ელ. დოკუმენტის საფუძველზე, დადგენილი თვითღირებულება შეპირისპირებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მენიუების მიხედვით განსაზღვრულ ფასთან და გაანგარიშდა ფასნამატი წლების მიხედვით“. ხაზგასასმელია ორი გარემოება: პირველი, რომ აუდიტი კალკულაციებს მოიხსენიებს როგორც „ე.წ კალკულაციები“. თუ ეს კალკულაციები ე. წოდებულია, მაშინ მას რატომღა ვიყენებთ?! და მეორეც, თუ ამ კალკულაციებს ვეყრდნობით, მაშინ რა საფუძვლით ვცვლით მას? როგორც აქტში არის ნახსენები რიგ შემთხვევაში (??) შეცვლილია კალკულაციის თვითღირებულება, ეს „რიგი შემთხვევები“ რატომ დადგა რა გახდა ამის საფუძველი? თუ არ ვენდობით ამ კალკულაციებს მაშინ ალბათ საერთოდ არ უნდა ვენდოთ... შესაძლოს საქმე გვქონდეს იმ შემთხვევასთან, როდესაც მომჩივნის მიერ მიწოდებული კალკულაცია შედგენილია გარჩეული, მზა ხორცის გათვალისწინებით (მოშორებულია ზედმეტი ტყავი, ძვალი, ხრტილები და სხვა), რაც აუდიტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს წერილი ინფორმაციის წარდგენის შესახებ ჩაბარდა 20.12.2023 წელს, რომლითაც მიეცა 5 სამუშაო დღე (პრაქტიკულად მოთხოვნილ იქნა კომპანიის სრული სააღრიცხვო მონაცემები), თუმცა აქტი დაიწერა 27.12.2023 წელს, ესეიგი მე-5 სამუშაო დღეს, არცკი დაელოდა საგადასახადო ორგანო გადამხდელისთვის მის მიერვე მიცემული ვადის გასვლას, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ინფორმაციის გამოთხოვა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სარესტორნო საქმიანობაში კომპანიის მიერ ნედლეულის და მასალების ჩამოწერა ხორციელდება პერიოდის ბოლოს ჯამური მაჩვენებლით. ვერ იდენტიფიცირდება რესტორნის ნაწილში რეალიზებული მზა კერძების რაოდენობისა და მის საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერების რაოდენობა და ღირებულება. შედეგად არ არსებობს მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი.
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის №47194-21-14 23 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიისგან გამოთხოვილი იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა არასრულყოფილად, ამასთან წარმოდგენილ ბუღალტრულ მონაცემებში დაფიქსირებული საშუალო ფასნამატი მკვეთრად განსხვავდება მის მიერვე წარმოდგენილ „გაცხადებულ ფასებთან“ არსებული საშუალო ფასნამატისგან. ასევე, თავდაპირველად წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა კერძის წარმოების კალკულაცია, რომელიც შესწავლის პროცესში რამდენჯერმე იქნა წარმოდგენილი განახლებული სახით, სადაც შეცვლილი და გაზრდილი იყო თვითღირებულებები.
საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განაცემების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის, ასევე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პირი, რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია, ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, „სხვა ჯარიმების“ გამოყენების შესახებ №2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად პირი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე და 291-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ ჰქონდა ცნობა (ინფორმაცია) შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით მართლზომიერად განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს შეეფარდა 291-ე მუხლით გათვალისწინებული 100 ლარიანი ჯარიმა, განაცემთა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, თუმცა კომპანია ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას და შესაბამისად ამ ნაწილში ჯარიმას არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ არასრულად არის წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩათვლების შემცირება კორექტირების საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე შესამცირებელი ჩათვლილი დღგ-ის თანხები შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე და მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 179-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში არ არის ასახული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შესამცირებელი ჩათვლილი დღგ-ის თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის მიხედვით მიერ არ არის კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. ამ ნაწილში არ იცნობს გაანგარიშების ცხრილს და შესაბამისად ვერ ეთანხმება დარიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2020 წელს კომპანიას ჰქონდა მიღებული ანგარიშ-ფაქტურები და განხორციელებული იყო შესაბამისი ჩათვლები და შემდგომ პერიოდში ფიქსირდებოდა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც ეს ოპერაციები იყო განულებული. შესაბამისად, მიღებული ჩათვლები გაუნულდა გადამხდელს, ეს იყო ჯამში დაახლოებით 3 000 ლარამდე დღგ. პირველადი ანგარიშ-ფაქტურა და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. განაცემების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმა; 3. დღგ-ის ჩათვლების შემცირება კორექტირების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-733 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №6073 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“) ; 163(1); 164(1); 291;
(2021 წლამდე მოქმედი) 161(1„ა“) 173(1,2 „ა“); 174(1 „ა“,2 „ა.ა“);