გადაწყვეტილება №21910/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2024
№ დოკუმენტი 21910/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21910/2/2024

26 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21910/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32665 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 248 411,29 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 247 808

საურავი - 603,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის 2019, 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტებიდან (კერძოდ, შენობა-ნაგებობებიდან) გამომდინარე ქონების გადასახადის გაანგარიშების სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №094-113 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადოსაფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის მიერ 18.05.2023 წელს წარმოდგენილ იქნა შპს ---თან (ს/ნ ---) გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მომსახურების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ექსპერტიზის დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ის ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32665 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა შპს ---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ის ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიის ბალანსზე აღრიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები, ქონების გადასახადის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურმა გადაიანგარიშა შეფასების 3 თარიღისათვის (31.12.2019, 31.12.2020 და 31.12.2021). ამ მიზნით კი დაეყრდნო საკუთარი შეფასების სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დეკლარირებულ მონაცემებსა და შეფასებულ ღირებულებას შორის მკვეთრი სხვაობები დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების მიხედვით, კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის თაობაზე. 18.05.2023 წელს წარმოდგენილ იქნა შპს ----თან გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მომსახურების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ექსპერტიზის დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ღირებულების შეფასების შესახებ. წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებები არ მოიცავს დღგ-ს და ეს დაფიქსირებულია დასკვნაშივე. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ახლანდელ პოზიციას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა წარდგენილი დასკვნის გათვალისწინება იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ის ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. მათი ამჟამინდელი პოზიცია გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მათი შეფასების სამსახურის დასკვნაში ქონებების ღირებულებები თავიდანვე მოიცავდა დღგ-ს, რაც თვითონ დასკვნაში ინფორმაციულ დონეზე არსად დასტურდება. მიუღებელია ის, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის ქონების აფასებისას საბაზრო ღირებულებაში ჩართული უნდა იყოს დღგ. ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების საბაზრო ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე. ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებებისგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდირებული გადაფასების მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისთვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით. ის გარემოება, რომ აქტივის ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალების ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს. შესაბამისად, როდესაც საწარმოს გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ამ ანგარიშგებაში დასაბეგრი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება ასახულია საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ამ საწარმოს საგადასახადო შემოწმებისას არ წარმოიშობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევას უთანაბრებს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაფასების მოდელის გამოყენებას. კომპანიებზე, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს, არ ვრცელდება ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის, ვისაც გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით. შემოსავლების სამსახური თავის ანგარიშებში აღნიშნავს, რომ კომპანიის ქონება შეაფასა IVS (International Valuation Standards), შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამასთანავე, თვითონ სტანდარტის ჩანაწერი გვეუბნება, რომ საბაზისო ღირებულებები (აქტივის ღირებულება საგადასახადო მიზნებისთვის/დასაბეგრი ბაზა) უნდა შეფასდეს ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ეს კარი განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ − დღგ) გამოანგარიშების და გადახდის წესს.

2. დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის მიერ 18.05.2023 წელს წარმოდგენილ იქნა შპს -----თან (ს/ნ ---) გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მომსახურების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ექსპერტიზის დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ის ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

საბჭო ყურადღებას ამახივლებს იმ გარემოებებზე, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრულია დასაბეგრი ქონების ღირებულებიდან და აღნიშნულის განსაზღვრის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.

საბჭო მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას მხედველობაში იღებს ქონების გადასახადის მიზნებისთვის, რაც წარმოადგენს ქონების საბალანსო ღირებულებას და არა მიწოდების ოპერაციისთვის დადგენილ ფასს, დღგ-ით დასაბეგრ თანხას. საგადასახადო კანონმდებლობით დღგ-ის მიზნებისთვის დღგ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია, ასეთ შემთხვევაში განიხილება ფასი მხოლოდ დღგ-ის გარეშე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილია სრულყოფილად და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9898 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის მიერ 18.05.2023 წელს წარმოდგენილ იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების დადგენის მომსახურების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ექსპერტიზის დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში ასახული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების (დღგ-ის ჩათვლით) მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აჭარბებს შემოწმების აქტის მიხედვით გაანგარიშებულ დასაბეგრ ბაზას, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32665 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 18; 148; 156; 298 (2).