ბრძანება N 21153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 21153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21153

25.08. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: -------------------------------------)

2023 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) №82740/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო საწყობმა ტვირთის განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში მოახდინა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 2 ადგილი (2 Pallet), რომლის შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო და შესაბამისად, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა საქონლის დანაკლისი, რაც მისი მოსაზრებით, ცალსახად გამორიცხავს საწყობის პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, რაც დასტურდება მომწოდებლის მიერ წერილობითი და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით. გამომგზავნი კომპანია განმარტავს და ადასტურებს, რომ მოხდა შეცდომა და ტვირთი იქნა არასრულად გამოგზავნილი. საბაჟო ორგანოში იმპორტიორი კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა შესწორებული ექსპორტის დეკლარაცია, დანაკლისის აქტი, რის საფუძველზეც მოხდა იმპორტის დეკლარაციაში ტვირთის რაოდენობრივი ჩასწორება და დეკლარაციაში იქნა შეყვანილი ფაქტობრივი რაოდენობა, ხოლო ტვირთის დანაკლისი ღირებულების ნაწილში საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 ივნისს შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) საბაჟო საწობში (--------------) შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ №------/------ დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა 6 110.7 აშშ დოლარის ღირებულების, 1 257 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების საქონელი (საპოხი ზეთი – 60 ერთეული, საერთო წონა 38 კგ; სადეზინფექციო სითხე – 672 ერთეული, საერთო წონა 1 219 კგ).

2023 წლის 21 ივნისს ზემოაღნიშნული საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულება – 23 036.84 ლარი) შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა №---/---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის მე-2 პოზიციაში მითითებული 672 ერთეული სადეზინფექციო სითხის ნაცვლად აღმოჩნდა 612 ერთეული (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №-----/--).

იქიდან გამომდინარე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის –შპს „---------ის“ მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, 2023 წლის 14 ივლისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---------სს“ (ს/ნ ------------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;

უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ 2023 წლის 17 ივნისს შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) საბაჟო საწობში (--------) შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ №----/----- დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა 6 110.7 აშშ დოლარის ღირებულების, 1 257 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელიც 2023 წლის 21 ივნისს დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №-------/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

დადგენილია ასევე, რომ კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. შესაბამისად, სახეზეა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო საწობში მომჩივანის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი .

ზემოაღნიშნული საქონელი მომჩივანის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი.

იქიდან გამომდინარე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127(3); 163(1); 176(1,2);

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტები,ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი.