მეწარმე ფიზიკური პირის/საწარმოს მიერ შემოწირულების გაცემა N 0269
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მეწარმე ფიზიკური პირის/საწარმოს მიერ შემოწირულების გაცემა N 0269
ფაქტობრივი გარემოებები
· მეწარმე ფიზიკური პირი/საწარმო ახორციელებს ორგანიზაციებზე შემოწირულების (ფულადი სახსრების) გაცემას (მათ შორის, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით).
· შემოწირულება (ფულადი სახსრები) გაცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
· მეწარმე ფიზიკურმა პირმა/საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა გაცემული შემოწირულება, რამდენადაც მის მიერ გაცემული თანხა არ აღემატებოდა ერთობლივი შემოსავლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტს.
შეფასება
· საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამასთან, სსკ-ის 117-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, აგრეთვე ერთობლივ შემოსავალში ასახული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის მიხედვით, შემოწირულება არის ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
· მეწარმე ფიზიკური პირი/საწარმო უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული ფულადი სახსრები, რამდენადაც შემოწირულება გაცემულია საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციაზე და არ აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტს.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევ ა არ იკვეთება და გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება იმ საწარმოს მიმართ, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით