გადაწყვეტილება №21590/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21590/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 13.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21590/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანება;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.11.2023 წლის №2776556 წერილი;
4. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
6.10.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა მიმართა განცხადებით (ID ------) შემოსავლების სამსახურის და ითხოვა საგადასახადო შეთახმების გაფორმება. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.11.2023 წლის №2776556 წერილით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 და 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები: 1. საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის 1.11.2023 წლის №2776556 წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა განცხადება გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე და განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 293-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებით ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ქონებაზე ყადაღის დადებას (აღწერას) ახორციელებენ ვალის მართვის დეპარტამენტის №4 სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი, ხოლო ბრძანების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ ვალის მართვის დეპარტამენტის №4 სამმართველოს უფროსი და მოადგილეები.
კომპანიის საგადასახადო დავალიანების წარმოშობა უკავშირდება შპს „-------“ განვითარებულ მოვლენებს და მისი ყოფილი დირექტორის ------ს ქმედებებს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია №------- სისხლის სამართლის საქმე შპს „-------“ საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების და ქონების მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამჟამად ხსენებულ საგამოძიებო დანაყოფში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბრალეულ პირთა დასადგენად, ჩატარებულია არაერთი საპროცესო მოქმედებები, მოწმეთა გამოკითხვები, აუდიტორული და სარევიზიო შემოწმებები, შესწავლილია არაერთი საბანკო გადარიცხვები, ამონაწერები და სხვა ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდებოდა შპს „-------“ ყოფილი დირექტორის -------ს კომპანიაში მოღვაწეობის პერიოდში. სწორედ მის მიერ თავისი უფლებამოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების და კომპანიის საწინააღმდეგო მოქმედებების, გაკოტრების მცდელობის და კომპანიისათვის უდიდესი ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტებზე მიმდინარეობს აღნიშნული გამოძიება საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხეჯავახეთის საგამოძიებო სამმართველოში.
დირექტორი 6.06.2022 წელს კომპანიის დამფუძნებლის ---------ის მიერ განთავისუფლებულია დირექტორის თანამდებობიდან და დღეის მდგომარეობით კომპანიის დირექტორია დამფუძნებელი. ყოფილი დირექტორის სავარაუდო დანაშაულებრივი, გამიზნული ქმედებების შედეგად - არამიზნობრივი და კომპანიის გაკოტრებისკენ მიმართული საბანკო სესხების აღების გამო შპს „-------“ უდიდეს დავალიანებებშია.
გამოძიების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის ივნისის თვიდან დღემდე გამოძიების მიერ ამოღებულია არაერთი გასხვისებული ტექნიკა, დაზიანებული და ძვირადღირებული ავტოტრანსპორტი, დაბრუნებულია არაერთი გასხვისებული მოძრავი თუ უძრავი ქონება და არცერთი თეთრი კომპანიის ანგარიშზე არ შესულა ხსენებული ქონების რეალიზაციის შედეგად.
უდიდესი რაოდენობის თანხებია კომპანიის ანგარიშებიდან გაფლანგული და მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საგამოძიებო ორგანოების თვალის ახვევის მიზნით სიმბოლური თანხების ჩარიცხვა დაიწყეს დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირებმა კომპანიის ანგარიშზე, რაც არის საგამოძიებო ორგანოსთვის თვალის ახვევის და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობა.
ამჟამად, კომპანია საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების დახმარებით ცდილობს, დაიბრუნოს -------ს დირექტორობის პერიოდში მიტაცებული და გასხვისებული მოძრავი თუ უძრავი ქონება, რათა კომპანიამ შეძლოს ფუნქციონირების დაწყება და მუშა მოსამსახურეთა დასაქმება.
ყოფილნა დირექტორმა შპს „-------“-ის კუთვნილი ქონებები (სატრანსპორტო საშუალებები, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია და სხვ) ცოლის -------ს (პ/ნ --------) კუთვნილ კომპანიაზე - შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) გადააფორმა, რასაც მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია და მთელი რიგი დავალიანებების წარმოქმნა, რომლის ნაწილიც სწორედ ყოფილნა დირექტორის „სამეწარმეო აქტივობების“ შედეგია.
თითქმის ორ წელზე მეტია შპს „-------“-ის საქმიანობა შეჩერებულია, რის გამოც ვერც სახელმწიფო იღებს შემოსავალს გადასახადის სახით და ვერც ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებულები.
3.11.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილია შემდეგი შინაარსის განცხადება:
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით კომპანიის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 91 929,8 ლარს, საიდანაც 45 863,31 ლარის არის ძირი თანხა, 22 597,4 ლარი ჯარიმა და 23 469,09 ლარი საურავი, რის გამოც ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებით ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
განცხადების თანახმად, საგადასახადო დავის მოგვარების, სასამართლო საქმისწარმოების შეწყვეტის, საჯარო, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების, რესურსისა თუ დროის დაზოგვის მიზნით, კომპანია შემოსავლების სამსახურს მიმართავდა წინადადებით: გააუქმოთ კომპანიაზე დარიცხული ჯარიმა 22 597,4 ლარი და საურავი 23 469,09 ლარი. კომპანიას გადასახდელად დააკისროთ ძირი თანხა 45 863,31 ლარი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით. მოუხსნათ კომპანიის საკუთრებაში ან/და ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას ყადაღა და საბანკო ანგარიშებს ინკასო, რის შედეგადაც კომპანია თქვენი თანხმობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს 55 863,31 ლარის გადახდას.
იმავე 3.11.2023 წელს კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურის 1.11.2023 წლის აქტის გაუქმების შესახებ, კერძოდ საჩივარი შეეხებოდა შემდეგს: 4.10.2023 წელს განცხადებით მივმართეთ შემოსავლების სამსახურს მორიგების თაობაზე, რომელზეც პასუხი მივიღეთ 1.11.2023 წლის წერილი, რომ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
არ მომხდარა კომპანიის საკითხის საფუძვლიანად და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესწავლა და განხილვა, გასაჩივრებული აქტი ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, კომპანიის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 91 929,8 ლარს, საიდანაც 45 863,31 ლარი არის ძირი თანხა, 22 597,4 ლარი და ჯარიმა 23 569,09 ლარი საურავი.
კომპანიის საგადასახადო დავალიანებების წარმოშობა უკავშირდება შპს „---------“ განვითარებულ მოვლენებს და მის ყოფილ დირექტორ -------ს ქმედებებს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია №------- სისხლის სამართლის საქმე შპს „--------“ საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების და ქონების მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამჟამად ხსენებულ საგამოძიებო დანაყოფში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბრალეულ პირთა დასადგენად, ჩატარებულია არაერთი საპროცესო მოქმედებები, მოწმეთა გამოკითხვები, აუდიტორული და სარევიზიო შემოწმებები, შესწავლილია არაერთი საბანკო გადარიცხვები, ამონაწერები და სხვა ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდებოდა შპს „--------“-ას ყოფილი დირექტორის --------ას კომპანიაში მოღვაწეობის პერიოდში. სწორედ ყოფილი დირექტორის მიერ თავისი უფლებამოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების და კომპანიის საწინააღმდეგო მოქმედებების, გაკოტრების მცდელობის და კომპანიისთვის უდიდესი ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტებზე მიმდინარეობს აღნიშნული გამოძიება საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხეჯავახეთის საგამოძიებო სამმართველოში.
ყოფილი დირექტორი 6.06.2022 წელს კომპანიის დამფუძნებლის -------ის მიერ გათავისუფლებულია დირექტორის თანამდებობიდან და დღეის მდგომარეობით კომპანიის დირექტორია დამფუძნებლი. ყოფილი დირექტორის სავარაუდო დანაშაულებრივი, გამიზნული ქმედებების შედეგად - არამიზნობრივი და კომპანიის გაკოტრებისკენ მიმართული საბანკო სესხების აღების გამო შპს „--------“ უდიდეს დავალიანებებშია.
დამფუძნებელი და ამჟამად დირექტორი არის ემიგრანტი ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი შრომით შეძლო თანხების მობილიზება და საქართველოში ინვესტირება ქართული ეკონომიკის განვითარებაში მცირედი წვლილის შეტანის მიზნით, რის სანაცვლოდაც აღმოჩნდა პირთა ჯგუფის თაღლითური ქმედებების შედეგად დაზარალებული. საგადასახადო დავალიანების წარმომშობი გარემოებების გათვალისწინების გარეშე საგადასახადო ტვირთის დამძიმება არ შეესაბამება საწარმო სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე სახელმწიფოებრივ დეკლარაციას იმ მოცემულობაში, როდესაც -------ძე თავის ბიზნესაქტივობებში ყოველთვის ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინტერესებიდან და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით, რომ საჯარო ინსტიტუციების მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს საგადასახადო სფეროს მონაწილე სუბიექტების უფლებებისა და ვალდებულებების იურიდიული საფუძვლების თანაზომიერად პატივისცემა და ემიგრანტი ბიზნესმენის კანონისმიერი საინვესტიციო უფლებების რეალიზებისა და ღირსების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება.
დაბა ----- გახლავთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მატარებელი, ხოლო კომპანიას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და შესაბამისად, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის თითოეული საწარმოს ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ კომპანიის საქმიანობა თითქმის ორ წელზე მეტია შეჩერებულია, ხოლო მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, რისი მოხსნაც ასევე აუცილებელია, რადგან ვერც სახელმწიფო იღებს შემოსავალს გადასახადების სახით და ვერც ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებულნი.
რამდენადაც 91 929,8 ლარის სრულად დაკისრება მეტად გაართულებს საქმიანობა შეჩერებული, ისედაც დაზარალებული და რთულ ფინანსური მდგომარეობაში მყოფი კომპანიის მდგომარეობას, შემოსავლების სამსახურის თანადგომა მნიშვნელოვანია არსებული ფინანსური ტვირთის მოხსნისა და საქმიანობის განახლებისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ სასამართლო საქმეზე №2ბ/4617-23 დავის მორიგების დასრულების მიზნით, კომპანია ითხოვდა გაუქმებულიყო კომპანიაზე დარიცხული ჯარიმა და საურავი და მას გადასახდელად დაეკისროს ძირი თანხა - 45 863,31 ლარი, რომლის გადახდასაც კომპანია უზრუნველყოფდა ერთი თვის ვადაში.
ამ საჩივრით მოთხოვნილი იყო შემოსავლების სამსახურს გაეუქმებინა:
1) შემოსავლების სამსახურის 1.11.2023 წლის აქტი;
2) კომპანიაზე დარიცხული ჯარიმა 22 597,4 ლარი და საურავი 23 469,09 ლარი.
3) კომპანიას გადასახდელად დაკისრებოდა ძირი თანხა 45 863,31 ლარი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით;
4) მოხსნილიყო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას ყადაღა და საბანკო ანგარიშებს ინკასო, რის შედეგადაც კომპანია თქვენი თანხმობიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფდა 55 863,31 ლარის გადახდას.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება ცდება მოთხოვნის ფარგლებს, აპელირებს გასაჩივრების ვადის გაშვებაზე, მაშინ როცა კომპანიას დროულად აქვს გასაჩივრებული ყველა საგადასახადო აქტი.
შემოსავლების სამსახურის სადავო აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კომპანიის მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას და სადავო ბრძანება მხოლოდ ფორმალური შინაარსის მატარებელია - ისინი სამართლებრივად არასწორია.
ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ადმინისტრაციული ორგანო თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორად, არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა შექმნილი კლიშეს, ან კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ დაინტერესებული პირის ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის უკანონობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის - კომპანიისთვის, რამდენადაც იწვევს მძიმე სამართლებრივ შედეგებს - ართმევს უფლებას, ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარი სახსრებით შეძენილ კუთვნილ სამართლებრივ სიკეთეს და შედეგად, ჰქონდეს სახელმწიფოსგან განხორციელებული ინვესტიციების სამართლებრივი დაცვის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლებო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
ადმინისტრაციულმა ორგანო უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. სადავო შემთხვევაში, აღნიშნული სამართლებრივი პრინციპები მოპასუხეთა მიერ იგნორირებულია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს, რომ კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განისაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილმა ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვალობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე 13.06.2011 წლის №ას-940-886-2010 განჩინებაში აღნიშნული აქვს შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გარეშე სასამართლოს დასკვნა იქნება არალოგიკური, არსებულ რეალობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გარეშე სასამართლოს დასკვნა იქნება არალოგიკური, არსებულ რეალობას მოკლებული და არაადეკვატური.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას (20.06.2019 წ. №ბს-997(კ-18) გადაწყვეტილება).
შემოსავლების სამსახურმა კომპანიის თხოვნის განხილვისას ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების სათანადო წესით განხორციელება - სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ჩაატარა სრულფასოვანი ადმინისტრაციული წარმოება, სხვა სახელმწიფო უფლებამოსილი უწყებიდან გამოითხოვა ან გამოიკვლია რაიმე დამატებითი მტკიცებულებები, რაიმე ფორმით შეფასდა კომპანიის ახსნა-განმარტების ნამდვილობა და კომპანიის ინტერესის მიზანთან ადეკვატურობა, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგო განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ორ საფუძველს - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
ადმინისტრაციულმა ორგანომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერსი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. არც ერთი ინტერესის მიღწევა არ შეიძლება მეორე ინტერესის ხელყოფის ხარჯზე. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა უწყებებმა ვერ უზრუნველყვეს კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირება და დაბალანსება.
შემოსავლების სამსახურის დაუსაბუთებელი ბრძანებით დარღვეულია სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომელიც თავის მხრივ, გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, რამდენადაც დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა მაშინ, როცა კომპანია უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დასაბუთებულ ინფორმაციას მისი უკანონოდ ხელყოფილი სამეწარმეო ინტერესის თაობაზე, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ ამ ადმინისტრაციულ ორგანოს ზედაპირული, სამეწარმეო ღირებულების უგულებელმყოფელი მიდგომა არღვევს თანაზომიერების პრინციპს.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012 წლის №3/1/512 გადაწყვეტილება). იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის რომელიმე მოთხოვნას, უფლების შეზღუდვა არაპროპორციულად და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად მიიჩნევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7.12.2018 წლის №3/10/1267,1268 გადაწყვეტილება)
შემოსავლების სამსახურის მხრიდან კანონმდებლობის ფორმალისტური ზედამხედველობის განხორციელება, თეორიულად გამორიცხავს კომპანიისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და შეუძლებელს ხდის როგორც კანონიერებაზე და სამართლიანობაზე, ასევე მათ საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე მსჯელობა, რამდენადაც სადავო აქტები ეწინააღმდეგება ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის საერთო - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემის წესებს, არ შეესაბამება ამავე კოდექსით დადგენილ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: კანონიერების, თანასწორობის, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპებს, არ ეფუძნება გადაწყვეტილების მიღებისას გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებსა და დასაბუთებულ დასკვნებს, რის გამოც სრულ კონფლიქტშია ამავე კოდექსის 12 მუხლით განსაზღვრულ მიზანთან - უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის და საჯარო ინტერესების დაცვა, რომლის მიღწევა განსაზღვრულია ქვეყნის ადმინისტრირების კანონიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების სტანდარტის დასამკვიდრებლად
ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს კვალიფიციურად უნდა შეეფასებინა, მისი დაუსაბუთებელი უარი უფრო მძიმე ტვირთს ხომ არ აკისრებდა კომპანიას, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებისგან მისი ინტერესის გაგების და შესწავლის შესაძლებლობა, რად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გააკეთა და გამოსცა სტანდარტული, ტრაფარეტული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ასევე კომპანიის შუამდგომლობა, სადავო საკითხი განხილულიყო მომჩივნის მოწვევით და მონაწილეობით.
იმედია საგადასახადო უწყების მიზანს არ წარმოადგენს მესამე პირთა ბრალეული ქმედებების შედეგად ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მეწარმე სუბიექტის საბოლოოდ განადგურება და ლიკვიდაცია და მხედველობაში მიიღებს კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის მცდელობას და სურვილს, დააინტერესოს გარეშე პარტნიორები, რომ განახორციელონ ინვესტიციები კომპანიაში, განახლდეს წარმოება, დასაქმდნენ დაბა ------ის ადგილობრივი მცხოვრებლები და შემოსავალი გაუჩნდეთ როგორც მათ ოჯახებს, ისე ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტს.
კომპანია კიდევ ერთხელ აფიქსირებს თხოვნას, საგადასახადო დავის მოგვარების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე საქმისწარმოების შეწყვეტის, საჯარო, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების, რესურსისა თუ დროის დაზოგვის მიზნით, გათვალისწინებული იქნას კომპანიის მზადყოფნა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს ძირი თანხა - 45 863,31 ლარი და 15 000 ლარი ჯარიმის სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:
ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;
ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 6.10.2023 წელს მიმართა განცხადებით შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განხილულია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 24.01.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადის სახით 45 965,11 ლარი, ჯარიმა 22 597,4 ლარი და საურავი 19 511,56 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 25.01.2023 წელს გამოიცა №036-2023-012511 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, რომელსაც გაეცნო მომდევნო დღეს.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ პუნქტებზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 26.01.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 6.11.2023 წელს
ამასთან, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებაზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 27.02.2023 წელს (რეგ. №79379/1/2023). აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 30.03.2023 წლის სხდომაზე (ოქმი №33), რაზეც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7507 ბრძანება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანების ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, ხოლო 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებაზე არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება ცდება მოთხოვნის ფარგლებს, აპელირებს გასაჩივრების ვადის გაშვებაზე, მაშინ როცა კომპანიას დროულად აქვს გასაჩივრებული ყველა საგადასახადო აქტი.
შემოსავლების სამსახურის სადავო აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კომპანიის მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას და სადავო ბრძანება მხოლოდ ფორმალური შინაარსის მატარებელია - ისინი სამართლებრივად არასწორია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:
2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ვალის მართვის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №-----21-17 წერილის მიხედვით, ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 26.01.2023 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანების გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 25.02.2023 წელს (ემთხვევა არასამუშაო შაბათ დღეს). მომჩივანს საჩივრის წარდგენა შეეძლო 27.02.2023 წლის ჩათვლით.
ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 6.11.2023 წელს (რეგისტრაციის №186512/21).
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 27.02.2023 წელს წარდგენილია საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებაზე. საჩივარზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7507 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი და საჩივრის განუხილველად დატოვება.
ფაქტობრივი გარემოება
გადასახადის გადამხდელმა მიმართა განცხადებით შემოსავლების სამსახურის და ითხოვა საგადასახადო შეთახმების გაფორმება. ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე. ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 და 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განხილულია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის №036-2023-012511 ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 27.02.2023 წელს წარდგენილია საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №036-26 ბრძანებაზე. საჩივარზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7507 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29365 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293(„ა“); 301 („ე“, „ზ“).