ბრძანება N 18736

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2024
№ დოკუმენტი 18736
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18736

14 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--- ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 4 და 24 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის და პირველი აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №78 და №83) განიხილა შპს ,,--- ს“ (ს/ნ --- ) 2024 წლის 4 ივლისის №90556/1/2024 და 24 ივლისის №90962/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №006-271 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებლის ნაწილში შეფარდებულ სანქციებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №5606 და 4 ივნისის №13198 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--- ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე სათამაშო აპარატების სალონის საქმიანობის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან მოგების გადასახადის დეკლარირების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად სათამაშო აპარატების სალონის საქმიანობის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 4 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 7 ივნისის №13520 ბრძანება და ამავე თარიღის №006-271 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 466 351 ლარი, მათ შორის, გადასახადი 300 309 ლარი, ჯარიმა 150 155 ლარი, საურავი 15 887 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები 2024 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადის ნაწილში, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, დაექვემდებარა ცვლილებას, კერძოდ, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ 2024 წლის 7 თებერვალს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვით, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილებში, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, გამოვლენილ საგადასახადო ვალდებულებებზე კომპანია არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს და საწარმოს მიერ არ მოხდებოდა შესაბამისი დეკლარირება, რადგან კომპანიას 2023 წლის 3 თებერვლიდან 5 წლის ვადით მიღებული აქვს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა და აღნიშნული პერიოდის გასვლამდე საკანონმდებლო ცვლილებებით გაზრდილი საგადასახადო ვალდებულებების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს შეთანხმებულ სახელშეკრულებო (ნებართვის აღება) ურთიერთობების პირობებზე და ადმინისტრაციული გარიგების შინაარსზე. შესაბამისად, განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 13 დეკემბერს შეტანილი (აღნიშნულით განისაზღვრა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები) ცვლილებებით დადგენილი ნორმები ვერ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელებიც წარმოიქმნა ჯერ კიდევ 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული ნებართვის საფუძველზე და კომპანია იმოქმედებს 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით.

გადასახადის გადამხდელს მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, რომ დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით, აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა მოცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 1 081 311 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. ამასთან, დადგინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა 2 762 272 ლარს შეადგენს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 154-ე, 97- ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდიდან განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2024 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებზე: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის 91 ნაწილის მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული თანხა იბეგრება 5 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1 “ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე, სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით.

გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომდენაცია დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შედეგად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ნებართვის გაცემას ექვემდებარება სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა.

ამავე მუხლის მე-18 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა: სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვები. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის შესაბამისად დარეგულირებულ ურთიერთობაზე 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი ნორმების გავრცელების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ და მე-2 მუხლებზე, რომლების თანხმად, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, ამასთან, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ხოლო, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა კი ადგენს ამ ნაწილში მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას და არ აწესრიგებს დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ახალი გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით არ მომხდარა ახალი გადასახადების დაწესება, აღნიშნულით მხოლოდ განხორციელდა უკვე არსებულ გადასახადებში დაბეგვრის საკითხების ახლებურად მოწესრიგება.

რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგილ არგუმენტს, რომლის მიხედვით ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები არ ამძიმებს გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას, ცვლილებები ეხება 2024 წლის პირველი იანვრიდან შემდგომ საანგარიშო პერიოდებს და აღნიშნული არ ვრცელდება წინა საანგარიშო პერიოდებზე.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კანონს უკუძალა არ აქვს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტები საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--- ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი აცხადებს, რომ არ წარმოადენს სათამაშო ბიზნესის ნაწილში ახალი რეგულაციებით დაწესებული გადასახადების სუბიექტს, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, რომ დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა მოცემულ რეკომენდაციას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 1 081 311 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. ამასთან, დადგინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა 2 762 272 ლარს შეადგენს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 154-ე, 97- ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდიდან განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97 91; 80 (8); 81 32; 154 (ე); 2.