N 6963-რს - 15/07/2020 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.07.2020
№ დოკუმენტი 6963-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.“.

2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35

1. დაუშვებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, აგრეთვე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში).

2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის ადგილები (ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობები), სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისა (ტერიტორიული ზონებისა, შენობა-ნაგებობებისა).“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 

თბილისი,15 ივლისი 2020 წ.

N6963-რს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე