გადაწყვეტილება №21280/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 21280/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21280/2/2023

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ა“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ას 9.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21280/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების შედეგად მიღებული სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №006-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №006-302 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25646 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 230 786 ლარი (22.02.2023 წლის №006-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 128 337

დღგ - 55 831

მიწა - არასასოფლო - 20

საშემოსავლო გადასახადი - 67 446

ქონების გადასახადი - 5 040

ჯარიმა - 51 761

საურავი - 50 688

 

დარიცხული თანხა: 259 399 ლარი (15.07.2022 წლის №006-302 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 152 391

დღგ - 55 831

მიწა-არასასოფლო - 20

საშემოსავლო გადასახადი - 91 500

ქონების გადასახადი - 5 040

ჯარიმა - 63 789

საურავი - 43 219

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 2 ნოემბერს, არ არის დღგ-ის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი არ აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია საკუთრებაში ფლობდა 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (ს/კ: -------, მდებარე ქალაქი თბილისი, ------ (ყოფ.-----) №4), რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე -------ზე 53 200 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის 7.04.2022 წლის №54946/03/22 დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 366 000 ლარით. შესაბამისად, ქონების რეალიზაციით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა 53 200 ლარის ოდენობით სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია სალაროს ბრუნვა და არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დირექტორზე - ------ზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას 366 000 ლარს, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან კომპანიამ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა დირექტორზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება განსხვავდება (დაბალია) საბაზრო ფასისგან, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული ღირებულება დღგ-ის გარეშე (310 169 ლარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი 2019 და 2020 წლებში ფლობდა 266.93 კვ.მ. უძრავ ქონებას (მის. ქალაქი თბილისი, -------------ა (ყოფ. -----), №4). აღნიშნული უძრავი ქონება რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე ------ზე. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით შპს -----ას სახელზე, 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავი ქონების რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია და შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: -----------, მდებარე ქ. თბილისი,---------ს №4) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის 321 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბრისთვის 366 000 ლარი. აღნიშნული ღირებულება ჩაითვალა საბალანსო ღირებულებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №18849 ბრძანება და №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა/გამოკვლევა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა -------ამ შპს ------დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს შპს ------ას კაპიტალში დირექტორის ------ას მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31420 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 36 082 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №006-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივარი და 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25646 ბრძანება და 19.10.2023 წლის №25965 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პროცედურულ გარემოებებში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა -----ამ შპს -----დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალა კომპანიის კაპიტალში დირექტორის მიერ განხორციელებულ შენატანად, რაც უძრავი ქონების დამფუძნებელზე/დირექტორზე გადაცემის დროს, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის, გათვალისწინებულ იქნა და შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები. ხოლო, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ არ იქნა მხედველობაში მიღებული, ვინაიდან წარდგენილ დასკვნაში არ არის მითითებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ობიექტის დანიშნულება და სხვა მახასიათებლები. აღნიშნულ ორ ობიექტთან მიმართებაში მიმართულ იქნა ექსპერტზე, რომელმაც ვერ წარადგინა შესადარისი ანალოგების აღწერილობა ან/და გაყიდვების განაცხადის ელექტრონულ/მატერიალური დოკუმენტები, რის გამოც აღნიშნული ორი ობიექტის შესადარისობა შესაფასებელ ობიექტთან ვერ დადგინდა, ხოლო მესამე შესადარის ობიექტზე მოძიებული იქნა ინფორმაცია გაყიდვის განაცხადზე გაყიდვების ელექტრონულ გვერდზე, რომელიც არ წარმოადგენს შესაფასებელი 266 კვ.მ. კომერციული ფართის ანალოგს. შესაბამისად, ქონების საბაზრო ფასის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა, რაც მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში დატოვებულ იქნა უცვლელად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 16 ოქტომბერს №25646 ბრძანებაში დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურის მოსაზრებებს არ ეთანხმება და აღნიშნავს შემდეგს:

2022 წლის 12 აგვისტოს, კომპანიის მიერ წარდგენილი იყო საჩივარი, რაზედაც შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ბრძანება. წარადგინეს დამატებითი საჩივარი, სადაც ერთადერთი მოთხოვნა იყო გადასახადების გადაანგარიშებაში გამოყენებულიყო კომპანიის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი. სხვა საკითხი განსახილველად არ დაუყენებია.

2023 წლის 16 ოქტომბრის №25646 ბრძანების დასკვნით მოხდა შპს -------ი კომპანია------ის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის უარყოფა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საბაზრო ღირებულების დადგენა მოხდა 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 259 990 ლარი, რაც იგივე ღირებულებით ჩათვლილი იქნა, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, საბაზრო ღირებულებად. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მოსაზრება, საბაზრო ფასის აუდიტორულ დასკვნაში დაფიქსირებულ რეალობას კარდინალურად აცდენილია. აუდიტორული დასკვნის პირველ სატიტულო გვერდის ზედა ნაწილში და აუდიტორის -------ძეს ხელმოწერის ადგილას დაფიქსირებული თარიღი „30 დეკემბერი 2022 წლის“ იმას ნიშნავს, რომ დასკვნა დაიწერა ამავე თარიღით. შემფასებელმა დაკვეთა მიიღო 2022 წლის დეკემბერში და მომზადებული დასკვნა დათარიღდა ამავე წლის 30 დეკემბრით. აუდიტორი ტექსტურ ნაწილში აფიქსირებს, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, ე.ი. 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით საბაზრო ფასებზე ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ საბაზრო ფასი დადგენილია 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით. ამავე სატიტულო გვერდის მესამე აბზაცში დაფიქსირებულია, რომ უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, 259 990 ლარით. აღნიშნული წინადადება ზუსტად აფიქსირებს, რომ საბაზრო ფასი დადგენილია 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით და არა 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით. საბაზრო ფასის აუდიტორულ დასკვნაში რეალური ჩანაწერების ფალსიფიცირება და მისი ხარვეზად გამოყენება დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის უგულებელსაყოფად ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

დასკვნაში აღნიშნული წინადადებით აუდიტორმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ საბაზრო ფასი დადგენილია 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით და შემმოწმებლების მიერ ხელოვნურად, მიზანმიმართულად ხდება აუდიტორული შეფასების დისკრედიტაცია, რათა უარყოფილი იქნას დამოუკიდებელი აუდიტორის, საბაზრო ფასის დასკვნა, რომელიც ნამდვილად არის მიახლოებული რეალურ საბაზრო ფასთან.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი სხვა ფაქტები, თითქოს არ ჩანს შესადარებელი ობიექტების მახასიათებლები უარგუმენტოა. საბაზრო ფასის დადგენას ყველა შემთხვევაში სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ექსპერტმა აღნიშნულ ეტაპზე მოიძია ანალოგები და მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება საბაზრო ფასზე, ამიტომ, მის მიერ დადგენილი სავარაუდო საბაზრო ფასის ეჭქვეშ დაყენება არასწორია. დავის პერიოდში -------ას მიერ გაყიდული იქნა 266.93 კვ.მ. შენობის ფართი, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება, მხარეთა 2023 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განისაზღვრა 250 000 ლარის ოდენობით, რომელიც გაყიდვის დღის კურსით (1$=2.6196 ლ) შეადგენს 357.5 აშშ დოლარს. აღნიშნული შენობის ფართი რა დროსაც არ უნდა გაყიდულიყო, მხედველობაში აქვს პერიოდი 2020 წლის 17 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე, მისი რეალური საბაზრო ფასი 1 კვ.მ-ზე იქნებოდა 350-360 აშშ დოლარის ფარგლებში. თუ, მივიღებთ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას 357.5 აშშ დოლარს და ამას ვაღიარებთ 2020 წლის 17 დეკემბრის საბაზრო ფასად, ეროვნულ ვალუტაში ფართის საბაზრო ფასი 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით იქნება 1 178 ლარი 1 კვ.მ-ზე. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სავარაუდო საბაზრო ფასი ეროვნულ ვალუტაში დადგენილია 974.7 ლარი, რომელიც ფაქტიური გაყიდვის რეალურ ფასთან მიახლოებულია. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით დადგენილ საბაზრო ფასს, ის აღემატება ფაქტიური გაყიდვით დაფიქსირებულ საბაზრო ღირებულებას და შეადგენს (--------- კვ/მ) 1 371 ლარს, 1კვ.მ-ზე.

ზემოთ მოყვანილი საბაზრო ფასების ანალიზით დგინდება, რომ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული შენობის 1 კვ.მ-ის საბაზრო ფასი დადგენილია 975.0 ლარი. აღნიშნული ფართი ------ას მიერ, დავის პროცესში გაიყიდა, სადაც 1 კვ.მ-ის საბაზრო ფასმა შეადგინა 1 178 ლარი 1 კვ.მ-ზე. ------ას მიერ ფართის გაყიდვაზე მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 1 მარტს, რომელიც ადასტურებს გაყიდვის საბაზრო ღირებულებას. ვალის მართვის დეპარტამენტის საბაზრო ფასი 1 კვ.მ-ზე დადგენილია 1 371 ლარი, რომელიც ფაქტიური გაყიდვის საბაზრო ფასს აღემატება (1 371-1 178) 193 ლარით 1 კვ.მ-ზე. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასში ცდომილება ფაქტიურ გაყიდვასთან მიმართებაში ძალიან დიდია და აცდენილია რეალურ საბაზრო ფასს, რომელიც გავლენას ახდენს გადასახადის ოდენობაზე. მოყვანილი ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი შენობის ფართის საბაზრო ფასი აცდენილია რეალურ საბაზრო ღირებულებას, რომელიც დაადასტურა შენობის ფართის ფაქტიურმა გაყიდვამ, გადასახადების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნეს შენობის ფართის ფაქტიური გაყიდვებიდან გამომდინარე, უკვე დადასტურებული, შემდგარი საბაზრო ღირებულება 1 178 ლარი 1 კვ.მ-ზე. აღნიშნული ფასის გამოყენება სამართლიანად დაარეგულირებს გადასახადების დარიცხვის საკითხს. ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს გაყიდვის ფაქტს, საჩივარს თან ერთვის.

კომპანიის დაფუძნების ერთადერთი მიზანი იყო შპს ----დან ------ას მიეღო თავისი აქციების შესაბამისი კუთვნილი ღირებულების ქონება და შეეტანა კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში, აქციონერები ასრულებდნენ იურიდიული სამსახურის მითითებებს. -----ას არასდროს არ უწარმოებია კომერციული საქმიანობა და არ იცოდა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. გულწრფელად აღიარებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამართალდარღვევის შესახებ. ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ------ვა მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შეგნებულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ საქმის ვითარებიდან გამომდინარე, გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეულია პენსიონერი -------ას საგადასახადო საქმიანობის არცოდნით. ითხოვს, მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმებისგან კომპანიის გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა/გამოკვლევა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა -----ამ შპს ------დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს შპს ----ას კაპიტალში ფიზიკურ პირი -----ას მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 36 082 ლარით, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, 2022 წლის 28 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე შპს ------ის შემფასებლის, -----ძის მიერ, განხორციელდა შპს ------ას საკუთრებაში რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დადგენა. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა მოხდა 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 259 990 ლარით (რაც იგივე ღირებულებით ჩათვლილი იქნა 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით საბაზრო ღირებულებად).

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დასკვნაში არსებული შესადარებელი სამი ობიექტიდან ორზე არ ჩანს ობიექტის დეტალური მახასიათებლები: არ არის მითითებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ობიექტის დანიშნულება და სხვა მახასიათებლები. აღნიშნულ ორ ობიექტთან დაკავშირებით მიმართული იქნა ექსპერტზე, რომელმაც ვერ წარადგინა შესადარისი ანალოგების აღწერილობა ან/და გაყიდვების განაცხადის ელექტრონულ/მატერიალური დოკუმენტები, რის გამოც აღნიშნული ორი ობიექტის შესადარისობა შესაფასებელ ობიექტთან ვერ დადგინდა, ხოლო მესამე შესადარის ობიექტზე მოძიებული იქნა ინფორმაცია გაყიდვის განაცხადზე გაყიდვების ელექტრონულ გვერდზე, რომელიც წარმოადგენს 18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, მე-18 სართულზე არსებულ 55 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას, რაც არ წარმოადგენს შესაფასებელი 266 კვ.მ. კომერციული ფართის ანალოგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა მხედველობაში მიღებული. შემოწმების აქტში, ქონების საბაზრო ფასის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა, რაც მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში დატოვებულ იქნა უცვლელად;

- შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი), რითაც დადასტურდა, რომ დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ----ამ შპს ------დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალა შპს ----ას კაპიტალში ფიზიკურ პირი -----ას მიერ განხორციელებულ შენატანად, რაც უძრავი ქონების დამფუძნებელზე/დირექტორზე გადაცემის დროს, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის, გათვალისწინებულ იქნა და შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების შედეგად მიღებული სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა

 

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პროცედურულ გარემოებებში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 302- ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველი ნაწილზე, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის №18590/2/2022 გადაწყვეტილებაზე, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მიუღებელი თანხა 53 200 ლარი ჩაეთვალა მიღებულად, ფიზიკურ პირ ------ას არაფერი არ აქვს გადახდილი კომპანიაზე, საერთოდ თანხის მოძრაობას ადგილი არ ქონია და გაუგებარია საიდან გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. შპს -----ას დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი ------ვა. გაყოფის შედეგად ფიზიკური პირ ------ვას ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი, თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. საბაზრო ფასიდან უნდა ამოღებულიყო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ფიზიკური პირ ------ვას მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით, რომელიც არის კაპიტალში შენატანი და მიღებული სხვაობა უნდა ჩაითვალოს დივიდენდად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადაო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის -----ას მიერ შპს -----დან წილის სანაცვლოდ 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მიღების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალა შპს ----ას კაპიტალში ფიზიკური პირ ------ვა მიერ განხორციელებულ შენატანად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 19 ოქტომბრის №29965 ბრძანებაში დაფიქსირებულ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებებს არ ეთანხმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 ოქტომბრამდე დადო დასკვნა (სააღრიცხვო №1174) საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. გადაანგარიშების საფუძველზე ოპერაციას მიენიჭა დივიდენდის კვალიფიკაცია.

შემოსავლების სამსახურის დასკვნით ნაწილში, წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას მიენიჭა „დივიდენდის“ კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის შეცვლასთან პრეტენზია არ აქვს, მაგრამ აღსანიშნავია ფრაზა „წილის სანაცვლოდ“. წილი ფიზიკური პირ ------ვას არავისთვის არ დაუთმია და ის არის დღესაც შპს ----ას 100%-იანი წილის მფლობელი. შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვის დროს გვერდს უვლის დავის ძირითად საკითხს. კერძოდ, დავის საკითხი იყო გადასახადების დარიცხვის მეთოდი, რის საფუძველზეც, შემმოწმებლები არასწორად არიცხავდნენ საშემოსავლო გადასახადს.

საჩივრის ზეპირი განხილვის დროს დაეთანხმა დღგ-ის დარიცხვის პრინციპს, მაგრამ არ ეთანხმებოდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდს, რომელიც არის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის ხელოვნურად გაზრდა. შემმოწმებლებს ვალის მართვის დეპარტამენტმა დაუდგინა საბაზრო ფასი 366 000 ლარი. ფიზიკურ პირ --------ას გამოცხადებული ჰქონდა შენობის ფართის გაყიდვა, მაგრამ იმ ფასში, რომელიც დადგენილი ჰქონდა ვალის მართვის დეპარტამენტს, კომპანიასთან გარიგებას არავინ აწარმოებდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულებია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს საბაზრო ფასი არასწორად აქვს განსაზღვრული და ეს ფაქტი დაადასტურა შენობის ფართის შემდგომმა გაყიდვამ. შენობის 1 კვ.მ. გაიყიდა 357.5 აშშ დოლარად, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს შეფასებული აქვს 420 აშშ დოლარად 1 კვ.მ., უნდოდა მიეღო შემმოწმებლებისგან შენობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ვერ მიიღო.

შემმოწმებლებმა გამოიყენეს შენობის საბაზრო ფასი 366 000 ლარი და დაარიცხეს დღგ. ამისთვის 366 000 ლარი გაყვეს კოეფიციენტზე 1.18 და განსაზღვრეს დასაბეგრი ბრუნვა 310 169 ლარი, რომელსაც დაერიცხა დღგ 55 831 ლარი. როგორც ზემოთ აღნიშნა, არ ეთანხმება საბაზრო ფასის ოდენობას, მაგრამ მისი გამოყენებით აჩვენა, რომ შემოწმებას დღგ-ის დარიცხვა განხორციელებული აქვს საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. დღგ-ის დარიცხვით დადგინდა, რომ ფიზიკური პირ ------ვამ ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 5 583 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანებაში განმარტებულია საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, აღნიშნულ განმარტებას ეთანხმება და შპს ----ას შენობის ღირებულება დაბეგვრის მიზნებისთვის უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასით. აქ საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახური შეგნებულად არ იყენებს 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის განმარტებას, რომელიც ეხება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ საბაზრო ფასს. კერძოდ, მე-4 ნაწილში განმარტებულია, რომ „ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა“. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებულ მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება. საგადასახადო კოდექსის მუხლობრივი ანალიზით, შემოსავლების სამსახურს ფიზიკური პირი ------ვა, მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული ჰყავს დაქირავებულ მუშად, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაადგინა, რომ მიღებული საზღაური ფიზიკური პირ ------ვას მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია. 101-ე მუხლის მე 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დაბეგვრის მიზნებისთვის იყენებს საბაზრო ფასს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუხლობრივ განმარტებებს ეთანხმება, მაგრამ იგნორირებულია 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, სადაც განმარტებულია, რომ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის დადგენილი საბაზრო ფასი მოიცავს აქციზს, დღგ-ს და სხვა გადასახადებს. ზემოთ მოყვანილი საგადასახადო კოდექსის მუხლობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აღიარებს, მოიცავს დღგ-ს, მოგების და დივიდენდის გადასახადს. შემოწმებამ არ გაითვალისწინა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა და დაუშვა შეცდომა, რასაც სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა შემოსავლების სამსახურმა.

მომჩივანი ითხოვს, გადასახადების გადაანგარიშებას საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადაც განმარტებულია, რომ საბაზრო ფასი მოიცავს აქციზს, დღგ-ს და სხვა გადასახადებს. ე.ი. ბიუჯეტში გადასახდელი თანხა არ აღიარდეს დასაბეგრ ბრუნვად და არ დაერიცხოს გადასახადი და მოგებით დასაბეგრი ბრუნვა არითმეტიკული გათვლებით არ გაცდეს საბაზრო ფასს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-5 ნაწილის თანახმად:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა/გამოკვლევა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა -----ამ შპს ------დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს შპს ----ას კაპიტალში ფიზიკური პირ -------ას მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღგ-ის ნაწილში დარიცხვის პრინციპს სრულად ეთანხმება და არ არის სადავო, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდს და დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან შემოწმების მიერ საბაზრო ფასს, ვირტუალურ თანხას 366 000 ლარს, დღგ-ის გამოქვითვის გარეშე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. საბაზრო ღირებულება 366 000 ლარი გაიყო 80%-ზე, ამავე საბაზრო ფასს დაემატა საშემოსავლო გადასახადის თანხა 91 500 ლარი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 457 500 ლარით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებას და საერთოდ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება. ამასთან, კომპანიას მიუღებელი თანხა 53 200 ლარი ჩაეთვალა მიღებულად, ფიზიკური პირ-----------ას არაფერი არ აქვს გადახდილი კომპანიაზე, საერთოდ თანხის მოძრაობას ადგილი არ ქონია და გაუგებარია საიდან გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. შპს -----ას დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი ------ვა. გაყოფის შედეგად ფიზიკური პირ ------ვას ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი, თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. საბაზრო ფასიდან უნდა ამოღებულიყო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ფიზიკური პირ ------ვას მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით, რომელიც არის კაპიტალში შენატანი და მიღებული სხვაობა უნდა ჩაითვალოს დივიდენდად.

საბჭოს 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით, მომჩივნის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას, მასში დაფიქსირებულ პოზიციას, ამასთან მსჯელობს საკითხებზე, რომელიც თავის დროზე წარმოადგენდა, მსჯელობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულ სამართლებრივი ნორმების მართლზომიერებაზე და წარმოადგენს პოზიციებს საკითხზე, რომელიც დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების შედეგად მიღებული სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №18849 ბრძანება და №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №31420 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №31420 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 36 082 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №006-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №25646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №18590/2/2022 გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივარი და №25965 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №25646 ბრძანება და №25965 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ორივე სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(1.2 „გ“.5); 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 269(7) ;