გადაწყვეტილება №24068/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24068/2/2024
19 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ის 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24068/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ;
2. ფულის ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №081-154 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19885 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 279 669 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 229
დღგ - 36 318
მოგების გადასახადი - 9 845
საშემოსავლო გადასახადი - 104 066
ჯარიმა - 81 046
საურავი - 48 394
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 29.04.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15442 ბრძანება და №081-154 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19885 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19885 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ
ფაქტების აღწერა
კომპანია გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 29 აპრილს, თუმცა, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე (13.01.2021 წლის სურსათის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტური შემოწმების აქტი №-----) გაირკვა, რომ კომპანია საქმიანობდა რეგისტრაციის გარეშეც და 2021 წლის იანვარში ობიექტი ახორციელებდა როგორც ხორცპროდუქტებით ვაჭრობას, ასევე იყო „კაფე“ ქ. ----ი, ------ის №--ში. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, საქონლის და ცხვრის ხორცის შეძენა ხდებოდა ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რაზეც არ აქვს შეძენის დოკუმენტები. წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ იქნა წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად. პროგრამის მიხედვით, ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი მაშინ, როცა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად. მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა გაფუჭებული ხორცპროდუქტები, თუმცა, კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში გაგზავნილი განცხადება გაფუჭებული და ჩამოწერილი ხორცის შესახებ არ იძებნება. კომპანია დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობაზე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულმა ბრუნვამ შეადგინა 312 315 ლარი. ვინაიდან, არ იქნა მიწოდებული საბანკო ინფორმაცია სრულად, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო კომპანიის საბუღალტრო პროგრამის უწყისებს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დგინდება შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ არის წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად, ამასთან, პროგრამის მიხედვით ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი მაშინ, როცა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ ბუღალტრულად აღრიცხული და ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი შედგება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ით გათავისუფლებული ბრუნვებისგან, გარდა ძირითადი საქმიანობისა, კომპანიას მცირე ოდენობით რეალიზებული აქვს წარმოებული საქონელი, რაც დაბეგრილია დღგ-ით, მიღებული შემოსავლის 50% რეალიზებულია დოკუმენტებით და აღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციის 48% შეადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, რაც შემოწმებამ გაითვალისწინა, ითხოვს დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირებას, რადგან საქონლის და ცხვრის ხორცის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, აუცილებელია შემმოწმებელმა მოახდინოს შემოსავლის შესაბამისი პროპორციის მიხედვით განაწილება, ვინაიდან, შემოწმების შედეგების მიხედვითაც, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მიმართ არ განხორციელებულა დღგ-ით დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას პრაქტიკულად არ განხორციელებულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, გამოკვლევა და შეფასება. შემოწმების შედეგებზე არ მიუღია საგადასახადო შემოწმების აქტის წინასწარი შედეგები, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია და არ წარუდგენია პოზიცია, რის გამოც პრაქტიკულად არ მომხდარა აქტზე კომპანიის მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებელთა მიერ აქტში დაფიქსირებულ გარემოებებთან, არ მომხდარა მათთან ერთად განხილვაშეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათი არგუმენტებისა და მოსაზრებების, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მხრიდან კომპანიის საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად, არასწორი შეფასება-კვალიფიკაცია ისე, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, როგორსაც მათ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული რეგულაციები/ნებართვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვა, რის გამოც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით (1.07.2024წ №----) დარიცხული თანხები მიაჩნია უსაფუძვლოდ, არამართლზომიერად, რომელიც ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე არსებითად უნდა გადაანგარიშდეს შემდეგი გარემოებების გამო:არ ეთანხმება შემოწმების აქტის შედეგებს (საკითხი №1).
შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ ბუღალტრულად აღრიცხული და ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი შედგება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ით გათავისუფლებული ბრუნვებისგან. კომპანიის საქმიანობაა საქონლისა და ცხვრის ხორცის რეალიზაცია, ასევე მცირე ოდენობით რეალიზებულია წარმოებული საქონელი, რაც დაბეგრილია დღგ-ით. მიღებული შემოსავლის 50% რეალიზებულია დოკუმენტებით და აღნიშნული რეალიზაციის 48% შეადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, რაც შემოწმებამ გაითვალისწინა და არ დაბეგრა დღგ-ით, რაც ასევე არ იყო დაბეგრილი კომპანიის მიერ. მიღებული შემოსავლის მეორე ნაწილი (დარჩენილი 50%) იყო დოკუმენტების გარეშე რეალიზაცია, რაც შემოწმების მიერ სრულად დაიბეგრა დღგ-ით, აღნიშნულის საფუძვლად გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, არაპირდაპირი მეთოდი.
აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნაა დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირება, რადგან ახდენს საქონლის და ცხვრის ხორცის რეალიზაციას, რომლისგან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით.
იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, აუცილებელია შემმოწმებელმა მოახდინოს შესაბამისი პროპორციის მიხედვით განაწილება, რაც მათ შემთხვევაში შეადგენს 50%-ს, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, რასაც ამყარებს შემოწმებით მიღებული შედეგებიც, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მიმართ არ განხორციელებულა დღგ-ით დაბეგვრა. ამრიგად, მოთხოვნაა შემოწმებით პროპორცია განისაზღვროს 50% (დღგ-ისგან გათავისუფლებული) - 48% (დღგ-ით დასაბეგრი)-ზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
3. ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ვერ დგინდება შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან რა ნაწილი გაიყიდა ხორცად და რა ნაწილი მოხმარდა წარმოებას, ასევე, არ იქნა წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები სრულად, პროგრამის მიხედვით ფიქსირდება 163 392 ლარის საქონლის ნაშთი, მაშინ, როცა კომპანიის სასაქონლომატერიალური ფასეულობები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მალფუჭებადია და ფიზიკურად ვერ იქნებოდა წლები ნაშთად, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებული გარემოებების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ ბუღალტრულად აღრიცხული და ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი შედგება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ბრუნვებისგან. გარდა ძირითადი საქმიანობისა, მცირე ოდენობით რეალიზებული აქვს წარმოებული საქონელი, რაც დაბეგრილია დღგ-ით. მიღებული შემოსავლის 50% რეალიზებულია დოკუმენტებით და აღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციის 48%-ს შეადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, რაც შემოწმებამ გაითვალისწინა. ითხოვს დარიცხული დღგ-ის სრულად შემცირებას, რადგან საქონლის და ცხვრის ხორცის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით. ასევე, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, აუცილებელია შემმოწმებელმა მოახდინოს შემოსავლის შესაბამისი პროპორციის მიხედვით განაწილება. ვინაიდან, შემოწმების შედეგების მიხედვითაც, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მიმართ არ განხორციელებულა დღგ-ით დაბეგვრა. ითხოვს პროპორციის 50% (დღგ-ისგან გათავისუფლებული) - 48% (დღგ-ით დასაბეგრი)- ზე განსაზღვრას.
ვინაიდან სწორედ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით ხელმძღვანელობა და აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ფულის ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერ
შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ასევე, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიამ 2022 წელს ფიზიკური პირისგან აიღო სესხი 30 000 დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და აღნიშნული სესხი არაა დაბრუნებული გამსესხებელზე. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ პოზიციაზე, რომ ითხოვს ფულის ნაშთის განსაზღვრისას გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. მომჩივნის განმარტებაზე, რომ აუდიტორებისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით და პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები) დასტურდება, რომ კომპანიას არ აქვს სრულად საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან საქონლის შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე და გაბნეულია ან თავის დროზე არ არის შედგენილი შესყიდვის აქტები. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლის 50%-ზე უნდა იქნას გამოყენებული სიტუაციური სახელმძღვანელო (№0256) და შემოსავლის 75% გათვალისწინებული უნდა იქნეს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში, რაც შეამცირებს ფულის ნაშთს დაახლოებით 250 000 ლარით. ამასთან, ფიზიკური პირისგან აღებული 30 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, რადგან აღნიშნული სესხის შესახებ მათთვის უცნობი იყო.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების აქტის შედეგებს (საკითხი №3 და საკითხი №4). შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულ ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებას არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, რეალიზაციის 50% დასტურდება დოკუმენტურად, ხოლო მეორე ნაწილი საცალო, არადოკუმენტური რეალიზაციაა, აუდიტორისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები) მიხედვით დასტურდება, რომ კომპანიას არ აქვს სრულად, რეალიზებული საქონლისგან მიღებული ჯამური შემოსავლის 50%-ზე, საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან საქონლის შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე და გაბნეულია ან თავის დროზე არ არის შედგენილი შესყიდვის აქტები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლის 50%-ზე უნდა იქნეს გამოყენებული შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელო (№0256) და შემოსავლის 75% გათვალისწინებული უნდა იქნეს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში, რაც შეამცირებს ფულის ნაშთს დაახლოებით 250 000 ლარით, ხოლო 25% არ უნდა იქნეს დაბეგრილი მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, როგორც შემოწმების აქტის საკითხი 4-შია დაბეგრილი მოგების გადასახადით ფიზიკური პირებისგან ხორცის შეძენის თანხების საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილზეც ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას, რადგან საქონელი შეძენილია და ფიქსირდება შემოსავლის მიღება.
ასევე, შემოწმების აქტის საკითხ №3-ში აღნიშნულია, რომ კომპანიას ფიზიკური პირისგან აღებული აქვს სესხი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, რადგან აღნიშნული არაა მათთვის ცნობილი და არც აუდიტორს მიუწოდებია შესაბამისი დოკუმენტი, აუდიტორთან კომუნიკაციის დროს აუდიტორმა განაცხადა, რომ დოკუმენტები მიღებულია საგამოძიებო სამსახურიდან რომელსაც ვერ მიაწვდის, კომპანიის მიერ წარდგენილი აღრიცხვის პროგრამა ადასტურებს, რომ არ საჭიროებდა კომპანია სესხის აღებას. კომპანიისთვის უცნობია სესხის გამცემი და მიმღები პირის ვინაობა, იმის დასამტკიცებლად, რომ სესხი არ არის აღებული ან თუ არის აღებული, ხომ არ არის დაფარული, სესხის არსებობის ფაქტს არ ადასტურებს კომპანიის ახლანდელი მფლობელი, შესაბამისად, ითხოვს დოკუმენტის მიწოდებას და შესაბამისი ვადის მიცემას აღნიშნულ ნაწილზე მტკიცებულებების წარსადგენად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ამასთან, მესამე პირისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიამ 2022 წელს ფიზიკური პირისგან აიღო სესხი 30 000 დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და აღნიშნული სესხი დაბრუნებული არ არის გამსესხებელზე. შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების/პოზიციების ანალოგიურად, ითხოვს ფულის ნაშთის განსაზღვრისას გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. აღნიშნავს, რომ აუდიტორებისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით და პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები) დასტურდება, რომ არ აქვს სრულად საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან საქონლის შეძენა ხდებოდა ბაზრობებზე და გაბნეულია ან თავის დროზე არ არის შედგენილი შესყიდვის აქტები. მიიჩნევს, რომ შემოსავლის 50%- ზე უნდა იქნეს გამოყენებული სიტუაციური სახელმძღვანელო (№0256) და შემოსავლის 75% გათვალისწინებული უნდა იქნეს ფულის ნაშთის გაანგარიშებაში. ამასთან, ფიზიკური პირისგან აღებული 30 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, რადგან აღნიშნული სესხის შესახებ მათთვის უცნობი იყო.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული განაცემი მიჩნეული იქნა უსაბუთო ხარჯად, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შემოწმების მიერ განაცემები მიჩნეული იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 81 046 ლარი და განესაზღვრა საურავი 48 394.2 ლარის ოდენობით
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ, მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია ხარჯის დოკუმენტების არასრულად არსებობის გამო, რაც გამოწვეულია ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების შეუნახველობით, აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ;
2. ფულის ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 29.04.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15442 ბრძანება და №081-154 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №19885 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების დასადგენად იხელმძღვანელოს დოკუმენტურ რეალიზაციაში არსებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. აგრეთვე, სესხის ნაწილში სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №19885 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან,წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ და „ბ“.9 „ბ“); 982(1 „ა“ და „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 169(2.3); 172(4 „ფ“); 269(7);