ბრძანება N 4607
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4607
01 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №9807/21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 6 იანვრის №------- ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს და 2024 წლის 3 იანვრის №------- საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ს ოდენობას.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 03 იანვარს დაიბეჭდა წინასწარი დეკლარაცია, რა დროსაც დღგ-ს თანხა განისაზღვრა 6 366.29 ლარი, რაც კომპანიის მიერ გადახდილი იქნა. საზღვრის კვეთის შემდგომ დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდეგ დღგ-ს თანხა გაიზარდა 11 334.07 ლარამდე, რასაც არ ეთანხმება. მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომწოდებლისთვის გადარიცხული აქვს 999215.50 რუსული რუბლი ინვოისის შესაბამისად. საბაჟო კონტროლის შემდგომ პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა 23 413.05 აშშ დოლარად, რაც არამართლზომიერად მიაჩნია, ვინაიდან იმპორტირებულია 2-4 ხარისხის დახერხილი ხის მასალა, რისი შესაბამისი ღირებულებაც განსაზღვრულია ინვოისით. ამასთან მიუთითებს, -------ში არ ხორციელდება დოლარით ვაჭრობა და არც საბანკო ტრანზაქციები. მიაჩნია, რომ საქონლის შეფასება პროდუქციის ვიზუალური დათვალიერების გარეშე ახდენს ექსპერტი, რომელას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია განსაზრვროს საქონლის ხარისხი.
აღნიშნულზე მითითებით არ ეთანხმება პროდუქციის ღირებულების გაზრდას, დარიცული დღგ-ს ოდენობას და ითხოვს საბაჟო დეკლარაციის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 3 იანვარს შპს „------“-ის (ს/ნ -----) მიერ №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა ---------დან ------- სარკინიგზო ვაგონით შემოსატანი, 35 368.27 ლარის საბაჟო ღირებულების დახერხილი ხე-ტყის მასალა (ლარიქსი და ფიჭვი, 114.21 მ 3 , 59 600 კგ).
აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა იმავე დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------ს“ გავლით, სადაც №------ საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. შესაბამისად, №------- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით დეკლარირებული საქონელი და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ს“ დანიშნულებით.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და დეკლარირებული საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა დეკლარირებულს. ამასთან, რისკის პროფილიდან გამომდინარე, დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, გაფორმების საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საქონლის ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება, საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში იდენტური/მსგავსი და იმავე ქვეყანაში წარმოებული საქონლის ერთეულის ფასის შესწავლა. ამასთანავე, თავისუფალ წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა საქონლის სახეობის, მისი ხარისხის კლასების და რაოდენობის შესაბამისი ფასები, გამოკვლეული იქნა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის ფასები და გამოკლებული იქნა მათი ფასნამატები. აღნიშნულის შედეგად კი დადგინდა, რომ დეკლარირებულ ფასსა და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასებს შორის არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება.
აღსანიშნავია, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი დოკემენტაციის შესაფების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება, არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა, მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანამად, „საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით.
ვინაიდან ექსპერტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ვერ იქნა დადგენილი რამ იქონია გავლენა შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე, ვერ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი. შესაბამისად, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდის გამოყენებით.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 6 იანვრის №------ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, №-------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 23 413.05 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 62 967.06 ლარი). შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა №------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში (-------, 22/01/2024).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც:
ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ან მოთხოვნილი;
ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;
ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ღირებულების შემოწმების პროცესში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე – 46-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-10 მულის მე-8 პუნქტის მიხედვით, გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „eCustoms“-ის გამოყენებით ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისთვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით შპს „--------“ მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში №------- საბაჟო დეკლარაციისთვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმებას.
დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის, მოხდა საქონლის ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება. ასევე, შესწავლილ იქნა საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში. მოხდა თავისუფალ წყაროებზე საქონლის სახეობის, მისი ხარისხის კლასების და რაოდენობის შესაბამისად ფასების შესწავლა. ექსპერტის მიერ გამოკლვლეულ იქნა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის ფასები და გამოკლებულ იქნა მათი ფასნამატები. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ დეკლარირებულ ფასსა და იდენტური/ მსგავსი საქონლის ფასებს შორის „მნიშვნელოვანი განსხვავება“ არსებობდა. ასევე, წარმოდგენილი დოკემენტაციით შესაფების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთ შესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის დებულებების შესაბამისად და ვინაიდან ექსპერტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე ექსპერტისთვის უცნობმა გარემოებამ გავლენა მოახდინა საქონლის ღირებულებაზე, გარიგების ფასის მეთოდი არ იქნა გამოყენებული. ამდენად, საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
ამდენად, საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენისას ექსპერტის მიერ განხორციელდა კანონშესაბამისი ქმედებები და №-------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად 23 413.05 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 62 967.06 ლარი) განისაზღვრა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2024 წლის 6 იანვრის №------- დასკვნის შედეგები და №------ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 6 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და 2024 წლის 3 იანვრის საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ს ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 3 იანვარს მომჩივნის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა სარკინიგზო ვაგონით შემოსატანი, 35 368.27 ლარის საბაჟო ღირებულების დახერხილი ხე-ტყის მასალა (ლარიქსი და ფიჭვი, 114.21 მ 3 , 59 600 კგ). აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა იმავე დღეს, სადაც აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, გაფორმების საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდის გამოყენებით. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 6 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 23 413.05 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 62 967.06 ლარი). შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2024 წლის 6 იანვრის დასკვნის შედეგები და საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.