დაბრუნებულ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება N 11118

11118 დაბრუნებულ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება 05.09.2018
№ დოკუმენტი 11118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაბრუნებულ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება N 11118

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საწარმომ იანვრის თვეში შეიძინა საქონლის 1000 ერთეული და ამ მიწოდებაზე გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე იანვრის თვის დეკლარაციით განახორციელა დღგ-ის ჩათვლა.

· შეძენილი საქონლის 1000 ერთეულიდან 900 ერთეული მარტის თვეში უკან დაუბრუნდა გამყიდველს, რაზედაც გამყიდველმა გამოწერა სასაქონლო ზედნადები, მაგრამ არ გამოწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

· საწარმომ გამყიდველისთვის უკან მიბრუნებული საქონლის 900 ერთეულის მიხედვით იანვარში ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ გააუქმა და არ ასახა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში.

შეფასება

· სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, როდესაც საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

· იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა - გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი დღგ და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ განსაზღვრავს გამყიდველის საგადასახადო ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 10 აგვისტოსთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით