გადაწყვეტილება №21451/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 21451/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21451/2/2023

20 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 29.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21451/2/2023).

 

დავის საგანი:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი (იჯარით აღებული ქონების რემონტის) ხარჯის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №035-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27731 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 209 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 686

საშემოსავლო გადასახადი - 10 340

ქონების გადასახადი - 346

ჯარიმა - 3 997

საურავი - 3 526

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ავტომობილის ახალი ნაწილების, აქსესუარების, ზეთების შეძენა-რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც იჯარით აღებული აქვს ოჯახის წევრებისგან. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. მისი განმარტებით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით არსებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, არ უფიქსირდება ზემოაღნიშნული ავტოფარეხების მეშვეობით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ასევე, არ ფიქსირდება გამოქვითული ხარჯის გადახდა. შემოწმების მიერ შემცირდა გამოსაქვითი ხარჯი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №23829 ბრძანება და №035-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27731 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 115-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც საგადასახადო შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილის ახალი ნაწილების, აქსესუარების რეალიზაცია, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც აღებული აქვს ოჯახით ოჯახის წევრებისგან. საიჯარო თანხას ყოველთვიურად ბეგრავს კანონმდებლობის შესაბამისად. იჯარით აღებულ ქონებას, როგორც მაღაზიას ასევე, საწყობს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი 2020-2021 წლებში. საკადასტრო კოდი ----------, მისამართი ----------, საერთო ფართი 280 კვ.მ, სასაწყობე ფართი 163 კვ.მ, 117 კვ.მ ეზოს ფართი. საკადასტრო კოდი ---------- მიქოიანის შესახვევი №2, საოფისე ფართი 25 კვ.მ, სასაწყობე ფართი 200 კვ.მ, აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღნიშნული ხარჯი ასახა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში წლების მიხედვით: 2020 წელს 27 358 ლარი; 2021 წელს 23 897 ლარი. ხარჯის ნაწილში მასალები შეძენილი აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებებით), უსაბუთოდაც ელიავას ბაზრობაზე და ახალქალაქში. ეს ის პერიოდია როდესაც კოვიდ პანდემია მძვინვარებდა, სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, საბუთს არავინ იძლეოდა მსგავს ბაზრობებზე, ხოლო მშენებლობა და რემონტი ოჯახის წევრებმა ერთობლივად გააკეთეს. აღნიშნულ ხარჯში არ შეუტანია გაწეული შრომის ფასი.

შედგენილი აქვს მასალების დანახარჯების ფორმა №2 და მიღება-ჩაბარება, საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირობების თანახმად, დოკუმენტი მასალების დანახარჯების, ზომის ერთეულებითა და თანხით წარდგენილი ქონდა. მიუხედავად ამისა, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტი. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, 2020 წელს 4 930 ლარი და 2021 წელს 5 410 ლარი. შემოსავლებთან სამსახურის №27731 (2023 წლის 13 ნოემბერი) ბრძანებით მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა მიზეზით: „გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“. ხარჯის დოკუმენტი რომ არ ქონოდა შედგენილი წლების მიხედვით არ გამოთქვამდა პროტესტს ისე, როგორც მე-2 და მე-3 საკითხის დროს გამოხატა თანხმობა დარიცხული გადასახადის შესახებ.

აღნიშნავს, რომ მე-2 და მე-3 საკითხების ნაწილში დარიცხულ გადასახადებს სრულად ეთანხმება. ითხოვს 2020-2021 წლების წლიური საშემოსავლო დეკლარაციიდან ამოღებული, იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯის სრულად გათვალისწინებას, რადგან რეალურად გასწია აღნიშნული ხარჯი შენობების კეთილმოსაწყობად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:

ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;

ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე, არ ფიქსირდება გამოქვითული ხარჯის გადახდა.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არც საგადასახადო შემოწმების, არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი (იჯარით აღებული ქონების რემონტის) ხარჯის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით არსებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ გამოქვითული ხარჯის გადახდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს არც საგადასახადო შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 105(1); 115(1,4); 275.