რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება N 1510

1510 რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება 24.11.2015
№ დოკუმენტი 1510
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება N 1510

ფაქტობრივი გარემოებები

· რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც წარმოადგენს უცხოური საწარმოს ერთადერთ აქციონერს (აქციების ნომინალური ღირებულებაც შეადგენდა 50 000 ევროს ) გააფორმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არაურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ საწარმოსთან. ხელშეკრულების მიხედვით, აქციების გასაყიდ ფასად განისაზღვრა 1 000 000 ევრო, რომელიც სრულად იქნა გადახდილი მყიდველის მიერ

· ამასთან, რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმო საქართველოში პირდაპირ ან არაპირდაპირ არ ფლობს არანაირ უძრავ ქონებას

· ნიშნული შემოსავალი არ ჩათვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად ითვლება რეზიდენტი ფიზიკური პირი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. სსკ-ის 104-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა სახის შემოსავლები განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება იურიდიულ პირში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება იმ საწარმოს აქციების ან პარტნიორის წილის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომლის აქტივების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება საქართველოში არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან. სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს

· იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული საწარმო არ წარმოადგენს რეზიდენტ საწარმოს და ამასთან, აღნიშნული საწარმო საქართველოში პირდაპირ ან არაპირდაპირ არ ფლობს არანაირ უძრავ ქონებას, ფიზიკური პირის მიერ აქციების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" და „ნ" ქვეპუნქტების მიხედვით არ განიხილება, როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალად. შესაბამისად, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით