გადაწყვეტილება №19572/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.07.2023
№ დოკუმენტი 19572/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19572/2/2023

25.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19572/2/2023).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 204 783 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 101 592

ჯარიმა - 50 796

საურავი - 52 395

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები. საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №28022 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 82-ე და 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, ვინაიდან ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დასტურდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის საქმიანობის სახე არასოდეს ყოფილა საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობა. მსგავსი მტკიცებულება და ინფორმაცია ადმინისტრაციულ წარმოებას არ ერთვის. შესაბამისად, შემოწმების აქტში აღნიშნული გარიგებები გადასახადის გადამხდელისთვის არ ყოფილა ეკონომიკური საქმიანობა, განხორციელებული შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანება შემოწმების პერიოდში არ ჩაბარებია, რაც ჩაბარების შემთხვევაში შესაძლებლობას მისცემდა აუდიტორისთვის წარედგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტები, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო აქტები, რითიც დაადასტურებდა რომ უძრავი ნივთები, რომელთა რეალიზაციაც გადასახადის დარიცხვის საფუძველი გახდა, არ წარმოადგენს ვაჭრობის საგანს და ისინი 2012-2013 წლებიდან ფაქტობრივად მის საკუთრებას და მფლობელობას წარმოადგენდა.

საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, რეალიზებული უძრავი ნივთების წინა მესაკუთრეს წარმოადგენს ---------- შვილი პირველი ქორწინებიდან ------------ (რადგან ქორწინება არარეგისტრირებული იყო, ----------- ატარებდა და ატარებს დედის გვარს), რადგან -------- წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მის საკუთრებად ვერ აღირიცხებოდა. მიწები, რომელთა რეალიზაციაც 2019 წელს განხორციელდა და რის გამოც მოხდა დარიცხვა, ოჯახის საკუთრებას და მფლობელობას წარმოადგენდა 2013 წლიდან, რის საფასურიც ----------- როგორც „მყიდველმა“, ნაწილ-ნაწილ 2012-2013 წლებში გადაუხადა „გამყიდველს“ --------- და ---------, მიწების ფაქტობრივ მფლობელებს, რომელთაც თავად ნასყიდობის ფასის გადახდის მიუხედავად წინა მესაკუთრეებისთვის, საკუთრების უფლება სრულად არ ჰქონდათ რეგისტრირებული.

იმის გამო, რომ ---------- და --------- შორის გარიგების საგანი იყო 33 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ნაწილ-ნაწილ, დამოუკიდებელი საკადასტრო კოდებით), ხოლო ვარდოშვილებმა 33 ჰექტარის საფასურის მიღების მიუხედავად მოტყუებით გაუფორმეს მხოლოდ 19.3 ჰა, ---------- - --------- შვილმა განცხადებით მიმართა ---------- რაიონულ პროკურატურას ----------- მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

---------- რაიონული პროკურატურის 2014 წლის 31 იანვრის დადგენილებით №----------- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილ იქნა, რომ ----------- არ ჰქონდა ---------- ფული მითვისებული, რის გამოც ---------- იძულებული გახდა სარჩელი აღეძრა ----------რაიონულ სასამართლოში ----------, --------- (--------ის მამა) და (-----------ის და) ---------- წინააღმდეგ ზედმეტად გადახდილი თანხის დაკისრების/დაბრუნების მოთხოვნით. ------------- ერთად მოსარჩელეს წარმოადგენდა მისი შვილიც ------------, რადგან მიწის ნაკვეთები მითითებული გარემოების გამო მასზე იყო საკუთრებად აღრიცხული.

----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ---------- და ---------- სარჩელი და 30 450 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად ---------- და ---------- სოლიდარულად დააკისრა 18 000 აშშ დოლარი, რაც როგორც ნამდვილმა შემძენმა და თანხის მესაკუთრემ სრულად მიიღო მხოლოდ ------------.

აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ 2019 წელს რეალიზებული მიწის ნაკვეთები 2012-2013 წლებში სრულად ნაყიდი აქვს ----------, ნასყიდობის საფასური მხოლოდ მის და არა ----------- მიერაა გადახდილი და ნასყიდობის მერე ----------- და არა ----------- მფლობელობაში იქნა გადაცემული.

გარკვეული დროის მერე, ----------, რომელსაც მამასთან ურთიერთობა დაეძაბა, დააპირა მის სახელზე რიცხული, თუმცა რეალურად მამის - ------------ საკუთრების ფარულად გასხვისება. აღნიშნულის გამო 2018 წელს --------- სარჩელი აღძრა --------- რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა იმ უძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ცნობა, რაშიც თავად ჰქონდა საფასური გადახდილი და რეალურ მესაკუთრეს და მფლობელსაც თავად წარმოადგენდა.

------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით --------- აეკრძალა ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა.

რადგან სასამართლო გადატვირთულობის გამო დავის განხილვა ჭიანურდებოდა, მხარეები (მამაშვილი) შეთანხმდნენ და მორიგება დამტკიცებულ იქნა. შესაბამისად, შეწყვეტილ იქნა №2/509-18 საქმე შემდეგი პირობებით:

1.1.----------- აღიარებს, რომ მის სახელზე რიცხული ყველა სადაო უძრავი ნივთი, მდებარე ---------- რაიონი, სოფელი ---------, შეძენილია ---------- მიერ და ნასყიდობის ფასიც ----------- მიერაა სრულად გადახდილი;

1.2. ----------- საკუთრებად დარჩეს მის საკუთრებად რიცხული უძრავი ნივთები, მდებარე ---------- რაიონის სოფელ --------- (საკადასტრო კოდი: №------------

1.3. ----------- სახელზე მიწის ნაკვეთებიდან ----------- საკუთრებად იქნეს ცნობილი უძრავი ნივთები მდებარე --------- რაიონის სოფელ (საკადასტროკოდი: №------------------და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს ---------- საკუთრებად.

ყოველივე ეს კი გამორიცხავს 2022 წლის 7 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულს, რომ ----------- საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობა, რადგან ეს უძრავი ნივთები ფაქტობრივად მის საკუთრებას წარმოადგენდა 2013 წლიდან და იგი იხდიდა მიწის გადასახადს.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე, 82-ე, მე-2, მე-8, 41-ე, 44-ე, 262-ე, 263-ე, 269-ე, 298-ე, 299-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული აქტები (ბრძანება დარიცხვის შესახებ, საგადასახადო მოთხოვნა) გამოცემულია როგორც საგადასახადო კოდექსის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, რადგან საგადასახადო აქტის შემდგენ პირს არამხოლოდ საშუალება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოეთხოვა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო აქტი, რის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთების ------------ სახელზე აღრიცხვა და რაც გამორიცხავს გარემოებას, რომ 2 წელი არაა გასული მათი შეძენის დღიდან რეალიზაციამდე, რათა გათავისუფლდეს გადასახადის გადახდისგან.

შემოსავლების სამსახურმა სათანადოდ არ შეაფასა საჩივარზე დართული უტყუარი წერილობითი მტკიცებულებები და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და სხვა აქტებით უტყუარად დასტურდებოდა ----------- მიერ სადავო უძრავი ნივთების შეძენა და ფლობა, რომ გამსხვისებლად მიჩნეული ---------- მისი შვილია, ჩათვალა რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები სწორად იყო გამოცემული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:

ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.

ა1 ) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და შესაბამისად, ვინაიდან ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებას, საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით დასტურდება, რომ უძრავი ნივთები, რომელთა რეალიზაციაც გადასახადის დარიცხვის საფუძველი გახდა, არ წარმოადგენს ვაჭრობის საგანს და ისინი 2012-2013 წლიდან ფაქტობრივად მის საკუთრებას და მფლობელობას წარმოადგენდა.

---------- სააპელაციო სასამართლოს 9.06.2016 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ------------, რომელიც 2012 წელს -------- მოქალაქე იყო, სურდა საქართველოში მიწის ნაკვეთები შეეძინა თავისი შვილისთვის - -------------. 2013 წლის 7 ივლისს --------- ---------- დავალებით მის შვილთან - ---------- დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები.

--------- რაიონული სასამართლოს 4.07.2019 წლის განჩინების მიხედვით, ----------- აღიარებს, რომ მის სახელზე რიცხული ყველა სადავო უძრავი ნივთი, მდებარე --------- რაიონი, სოფ. ---------, შეძენილია ----------- მიერ და ნასყიდობის ფასიც ----------- მიერაა სრულად გადახდილი.

საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;9(1);79(1ა);80(1);81(1);100(3ბ);102(1ბ);81(1);82(1ვ,გ,4);