გადაწყვეტილება №19205/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19205/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს----- --------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს----- ------ის 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19205/2/2023).
დავის საგანი:
შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსებს) შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2845 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 552 473 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 316 051
დღგ - 144 183
მოგების გადასახადი - 3 741
საშემოსავლო გადასახადი - 168 127
ჯარიმა - 185 313
საურავი - 51 109
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
კომპანიის მიერ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (ქ. --------------) ხორციელდებოდა გადამხდელის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. 2018 წლის საანგარიშო პერიოდიდან გადასახადის გადამხდელი უკვე ახდენდა მის საკუთრებაში არსებული დაუმთავრებელი ფართების გასხვისებას. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ წარუდგენია პოზიცია. შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა 1.01.2021 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადამხდელის მიმართ 17.08.2022 წელს შედგენილია №188003 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოწმების შედეგად, წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საწარმოს არ გააჩნია სალარო, არ აქვს დებიტორული დავალიანება და ვალდებულებები აქვს მხოლოდ დამფუძნებლის წინაშე. ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების, გადამხდელის მირ წარდგენილი ახსნა-განმარტებისა და საბანკო ამონაწერის მონაცემების გათვალისწინებით, შესწავლილია საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ: ბინების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მომწოდებლების ვალდებულებებით (კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით) და სხვა გაწეული ხარჯებით, ასევე, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებით (შენატანის სახით). ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №26286 ბრძანება და ამავე თარიღის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2023 წლის №2845 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოწმებისთვის არ წარუდგენია თავისი პოზიცია. შედეგად, შემოწმებით, წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადამხდელის პოზიცია 2017 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, არ დასტურდება არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კერძოდ, არც 2017 წლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვით (დეკლარირებულია 0 ლარი) და არც წინა საგადასახადო შემოწმების მონაცემებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიმდინარეობისას შემმოწმებლის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილია ინფორმაცია, რასაც ითხოვდა (რამდენჯერმე დააფორვარდა რადგან ყოველ ორ თვეში ერთი და იგივე ინფორმაციას ითხოვდა), მაგრამ არ მიეცა საშუალება მასთან ერთად შესწავლილიყო საკითხი.
შემოსავლების სამსახურის განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება. არ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვის განხორციელება, იმ პროექტზე, რომლის მშენებლობის ფართი 9 000 კვ.მ.-ია და გადახდილია 720 000 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. აგრეთვე პერიოდების მიხედვით გადახდილია როგორც საბიუჯეტო ისე სხვა ვალდებულებები, შემმოწმებელი კი 1 258 882 ლარს არიცხავს დამატებით განხორციელებულ პროექტზე, იმ საფუძვლით რომ არ იყო ბუღალტრული აღრიცხვა?
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლზე, 53-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 177-ე მუხლზე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვას იმ პროექტზე, რომლის მშენებლობის ფართი 9 000 კვ.მ.-ია და გადახდილია 720 000 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. აგრეთვე პერიოდების მიხედვით გადახდილია როგორც საბიუჯეტო ისე სხვა ვალდებულებები, შემმოწმებელი კი 1 258 882 ლარს არიცხავს დამატებით განხორციელებულ პროექტზე, იმ საფუძვლით რომ არ იყო ბუღალტრული აღრიცხვა.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს ეთხოვა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღება, რაზეც მომჩივანს სურვილი არ გამოუთქვამს.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მიმდინარე შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მასალებს და საჯარო რეესტრის მონაცემებს. შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოწმებისას მოთხოვნილი საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანიის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში. ასევე, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების (საწარმოს არ გააჩნია სალარო, არ აქვს დებიტორული დავალიანება და ვალდებულებები აქვს მხოლოდ დამფუძნებლის წინაშე) გათვალისწინებით შესწავლილია საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. ანალიზის შედეგად, ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსებს) შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საწარმოს არ გააჩნია სალარო, არ აქვს დებიტორული დავალიანება და ვალდებულებები აქვს მხოლოდ დამფუძნებლის წინაშე.
შემოწმებით ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების, გადამხდელის მირ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და საბანკო ამონაწერის მონაცემების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა.
შესამოწმებელ პერიოდში (საბოლოო საკუთრების უფლებით) გადაფორმებულ ბინებზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებსა და გადახდილ თანხებს (ავანსები) შორის სხვაობა, გადაფორმების დღის კურსით, გათვალისწინებულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოწმებისას მოთხოვნილი საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანიის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში.
ბინების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მომწოდებლების ვალდებულებებით (კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით) და სხვა გაწეული ხარჯებით, ასევე, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებით (შენატანის სახით).
ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 142-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4) ;49(1 „ე“); 61(3); 70; 73(4,5 „ა“ 9 „ბ“); 101(1„ა“); 136(3); 142; 154; 159(1„ა“„ბ“); 160(1,5); 163(1,2,6„ბ“); 164(1);275;279(1);
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 ; 96-ე ; 53-(6); 177; 178(2 );