ბრძანება №22852/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2024
№ დოკუმენტი 22852/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22852/2/2024

12 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22852/2/2024).

 

დავის საგანი:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2024 წლის №048-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5425 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 250.86 ლარი.

მათ შორის:

ქონების (მიწა) გადასახადი - 10 800

ჯარიმა - 5 400

საურავი - 2 050. 86

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის 25 იანვრის №1105 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალი და დადგინა, რომ მომჩივანს იჯარით აღებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 400 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქალაქ -------------, ----------- (ს/ნ --------------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს, შესაბამისად, განხორციელდა ქონების გადასახადის გაანგარიშება, საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2024 წლის №2372 ბრძანება და №048-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5425 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1996 წლის 29 სექტემბრის №13 დადგენილების საფუძველზე იჯარით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საერთო ფართობით 160,50 ჰექტარი. აქედან სადავო მიწა (-----------) 40.0 ჰა. (სათიბი).

კონტური ბედენი საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, რომელიც იჯარით აქვს აღებული სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სათიბ კატეგორიის მიწას. (წარმოადგინა დოკუმენტაცია და იჯარის ობიექტის ოქმი, სადაც ჩანს მიწის კატეგორია).

ასევე, მიუთითებს ----------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის 111 დადგენილების მე-4 მუხლზე, სადაც განსაზღვრულია მიწასთან დაკავშირებით განაკვეთები და ამბობს, რომ ------------ იჯარით აღებულ 40 ჰა. სათიბ მიწაზე გადასახადის განაკვეთი სხვაა, ხოლო სახნავის სხვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ ----------- რაიონის საკვებმოპოვების სამეურნეობათშორისო გაერთიანების 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს სათიბი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

ამასთან, საჯარო რეესტრის საინფორმაციო პორტალში არსად არ არის მითითებული, რომ სადავო მიწის დანიშნულება სახნავი კატეგორიაა. ასახულია მხოლოდ, ზოგადი კატეგორია სასოფლო-სამეურნეო. შესაბამისად, გაურკვეველია შემოსავლების სამსახურმა რა კრიტერიუმებით ისარგებლა შემოწმებისას.

არ გაურბის პასუხისმგებლობას, აღიარებს სამართალდარღვევას და მზადაა გადაიხადოს გადასახადი კეთილსინდისიერად, მხოლოდ მისი დარიცხვის კანონით დადგენილი წესითა და მოცულობით, რაცაა განსაზღვრული სათიბი კატეგორიის მიწებზე და არა იმ ოდენობით, რომლის დარიცხვაც მოხდა. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს წარუდგინა სახელწიფოს მხრიდან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის უტყუარობის გადამოწმებაც შეეძლო საჯარო რეესტრში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №----------- წერილიდან ირკვევა, რომ შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალი, საიდანაც დადგინა, რომ მომჩივანს იჯარის წესით აღებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 400 000 მ 2 მიწის ნაკვეთი, ქალაქი ------------, ------------ (ს/კ -----------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლა და დადგინა, რომ მომჩივანს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, განხორციელდა მიწის გადასახადის გაანგარიშება საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, მომჩივანს შემოწმების პროცესში მიწაზე იჯარის ხელშეკრულება არ წარუდგენია, შესაბამისად, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში იშიფრებოდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შემოწმებამ გამოიყენა უმაღლესი (სახნავი) დანიშნულების მიწის კატეგორიის კოეფიციენტი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 1996 წლის 29 სექტემბრის №13 დადგენილების საფუძველზე იჯარით, 49 წლის ვადით, გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 160,50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აქედან სადავო მიწა (კონტური ბედენი) 40.0 ჰა. (რაზეც წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულება) განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) კატეგორიის მიწას.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ ვინაიდან შემოწმების პროცესში მიწაზე იჯარის ხელშეკრულება არ იყო წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში იშიფრებოდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გამოიყენა უმაღლესი (სახნავი) კატეგორიის მიწის კოეფიციენტი.

ამდენად, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო მიწის ნაკვეთზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5425 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო მიწის ნაკვეთზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლა და დადგინა, რომ მომჩივანს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, განხორციელდა მიწის გადასახადის გაანგარიშება. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო მიწის ნაკვეთზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

204(1); 203; 275