N 13 - 05/07/2024 - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება 13
2024 წლის 5 ივლისი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.129.016281) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარის ოდენობით;
დ.ბ) სათამაშო აპარატის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარის ოდენობით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარის ოდენობით.
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ალექსანდრე ციცქიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე