ბრძანება N 4759

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4759
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4759

13.03.2023

ფ/პ "----------" (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "----------" (ს/ნ ----------) 2022 წლის 24 იანვრის №67020/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №006-1073 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 153-ე, 21-ე, 143-ე და 97-ე მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ იგი არ იყო ვალდებული გადაეხადა გადასახადი, ამხანაგობა ვალდებულია გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის განაწილებული შემოსავალი. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №41020 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ამხანაგობა „----------“-ისგან (ს/ნ ----------) მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41852 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1073 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 56 270 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 994 ლარი, ჯარიმა 15 497 ლარი, საურავი 9 779 ლარი.

ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 20 აპრილის №10076 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 30 სექტემბრის №16536/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 აპრილის №10076 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №16536/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ "----------" ამხანაგობა „----------“-სგან, როგორც ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე, გადაცემულია როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი ფართები. ქონების საბაზრო ფასსა და თავდაპირველ შენატანს შორის სხვაობით მიღებულია სარგებელი, რომელიც ამხანაგობის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან (ფინანსური მოგების არ ქონის გამო). აღნიშნულთან დაკავშირებით ფ/პ ვალდებული იყო წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით წარმოშობილი სარგებელი აესახა ერთობლივ შემოსავალში (რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა ამხანაგობა ----------ის საგადასახადო შემოწმების აქტის დასკვნით ნაწილში) და გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაცო სისტემის მონაცემების მიხედვით ფიზიკური პირის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება მიღებულ სარგებელზე საშემოსავლო გადასახადის დადეკლარირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამხანაგობა ვალდებულია გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი. თუმცა ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების (ქონების გამოტანის) ოპერაციის შედეგად ამხანაგობას ფინანსურად არ წარმოეშობა მოგება. შესაბამისად, ეს ოპერაცია ვერ ჩაითვლება ამხანაგობის მოგების განაწილებად და ამხანაგობისთვის არ წარმოშობს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანხმად, ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული დაბეგვრის საკითხი ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე ვერ გავრცელდება.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის მიერ წევრებს შორის ფართების განაწილების მომენტისათვის ამხანაგობა არის დღგ-ის გადამხდელი, წევრისთვის ქონების გადაცემით მიღებულ შემოსავალზე (სარგებელზე) ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. შესაბამისად, ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირი მიღებულ სარგებელზე, რომელიც არ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ვალდებული იყო თავად შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ამხანაგობა „--------“-ს არ ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება, ფიზიკური პირი ვალდებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება თავად განეხორციელებინა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.