გადაწყვეტილება №24044/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24044/2/2024
20 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------3.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24044/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №70105-21-11 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20378 ბრძანება.
სადავო თანხა: 63 036.80 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილი 16.07.2024 წლის ID:---------- განცხადებით გადასახადის გადამხდელი ითხოვდა 2021 წლამდე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №70105-21-11 გადაწყვეტილებით მომჩივნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჩამოსაწერი დავალიანების თანხაში არ იქნა გათვალისწინებული და არ დაექვემდებარა ჩამოწერას გადასახადის გადამხდელის მიერ 29.01.2021 წელს წარდგენილი 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული 40 623 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლად ჩამოწერას დაექვემდებარა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება: დღგ - 5 136.01 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 22 932.23 ლარი, სხვა ჯარიმა - 25 977.96 ლარი და საურავი - 15 617.09 ლარი.
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №70105-21-11 გადაწყვეტილება 2024 წლის 20 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 16 სექტემბრის №20378 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე, მე-4, 91 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის 16 ივლისს გადასახადის გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 2024 წლის 22 ივლისს №70105-21-11 საბუთით მოხდა დავალიანების ჩამოწერა, მაგრამ ბარათზე დარჩა დავალიანება 63 036,80 ლარის ოდენობით. მომჩივანი ვარაუდობს, რომ აღნიშნული დავალიანების არ ჩამოწერა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 29 იანვარს განხორციელდა 2018 წლის ივნისის თვის დეკლარაციის დაზუსტება, რაც გამოწვეული იყო გასაჩივრებულ სადავო საკითზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა 2018 წლის 11 ივნისს გამოცემული №--------- ოქმის აღიარება.
ვინაიდან 2021 წლის 29 იანვარს მეწარმის მიერ დაზუსტდა 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, საფუძველს მოკლებულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით მის ჩამოწერაზე უარის თქმა, რადგან ის უკავშირდება 2018 წლის ივნისის თვის სავადო პერიოდს.
4.10.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნულია:
2021 წლის 29 იანვარს განხორციელდა 2018 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის დაზუსტება, რომელიც გამოწვეული იყო გამოვლენილ დანაკლისზე 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე (2018 წლის 11 ივნისის №CB890909 ოქმი) გამოცემული ოქმის გასაჩივრების საბოლოო შედეგის დადგომითა და აღიარებით.
ზემოაღნიშნული ოპერაცია სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მოთხოვნებს, წარმოშობილია 2021 წლამდე, დარიცხვა განხორციელდა 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე და საგადასახადო ორგანოსთვის ID:--------- განცხადებით მიმართვის მომენტში - 2024 წლის 16 ივლისს გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის 16 ივლისის განცხადება ID:-------- დაკმაყოფილდა, როგორც კორესპოდენციაშია აღნიშნული, ნაწილობრივ ჩამოიწერა დავალიანება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათიდან და მიუხედავად დავალიანების „ჩამოწერისა“ დარჩა დავალიანება 63 036,8 ლარის ოდენობით. მათ შორის, გადასახადი - 40 622,99 ლარი და საურავი - 22 413,81 ლარი.
კატეგორიულად ვერ დაეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის არ ჩამოწერას, რადგან 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე არსებული დარიცხვა, რომლის შედეგადაც წარმოიშვა ზემოაღნიშნული საურავის დარიცხვა, უპირობოდ უნდა დაექვემდებაროს ჩამოწერას.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევაშეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო აქტები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20378 ბრძანება და დაევალოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დარიცხული თანხის შემცირების გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.
ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.
ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 7.10.2024 წლის №95595-21-11 სამსახურებრივი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილი 16.07.2024 წლის ID -------- განცხადებით გადასახადის გადამხდელი ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმის პირადი აღრიცხვის ბართზე 1.01.2021 წლისთვის ირიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: დღგ-ში - 9 251,56 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - 30 504,81 ლარი, სხვა ჯარიმა - 600 ლარი და საურავი - 14 054,66 ლარი, ასევე არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - სხვა ჯარიმა 26 630,3 ლარი, რომელიც ჩამოწერის მომენტისთვის (22.07.2024 წელი) იყო აღიარებული. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №14753 ბრძანების შესაბამისად, ჩამოსაწერი დავალიანების თანხაში გათვალისწინებულ იქნა მომჩივნის მიერ 29.01.2021 წელს წარდგენილი 2018 წლის მარტის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია დღგ 12 977 ლარით, არ იქნა გათვალისწინებული და არ დაექვემდებარა ჩამოწერას გადასახადის გადამხდელის მიერ 29.01.2021 წელს წარდგენილი 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული 40 623 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლად ჩამოწერას დაექვემდებარა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება: დღგ - 5 136,01 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 22 932,23 ლარი, სხვა ჯარიმა - 25 977,96 ლარი და საურავი - 15 617,09 ლარი. გადასახადის გადამხდელის დაზუსტებულ საჩივართან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს მეწარმის მიერ გასაჩივრებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.06.2018 წლის NCB890909 ოქმი, რომლის მიხედვით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 26 630,3 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 3.08.2018 წლის №20692 და 21.01.2021 წლის №473 ბრძანებებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.04.2021 წლის №12361/2/2021 გადაწყვეტილებით მეწარმის საჩივარი დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
ფაქტობრივი გარემოებები
ი/მ-ეს 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც ჩამოწერის მომენტისათვის (22.07.2024წ) იყო აღიარებული. ჩამოსაწერი დავალიანების თანხაში გათვალისწინებულ იქნა ი/მ -ის მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის მარტის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია დღგ არ იქნა გათვალისწინებული და არ დაექვემდებარა ჩამოწერას გადამხდელის მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხა. შესაბამისად, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული დღგ-ს თანხის გაუთვალისწინებლად ჩამოწერას დაექვემდებარა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;309(37);252;