ბრძანება N 24072

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.09.2023
№ დოკუმენტი 24072
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24072

29 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2023 წლის 3 და 9 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------" ) №83387/1/2023 და №83477/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №002-180 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. კერძოდ:

1. არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ არ მომხდარა დირექტორების საცხოვრებელი სახლების აშენების მიზნით მასალების მიწოდება.

2. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ სასტუმრო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულადაა ასახული დღგ-ის დეკლარაციაში.

3. არ ეთანხმება დაქირავებულ პირებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. აცხადებს, რომ აღნიშნული ანაზღაურება საწარმოს მიერ სრულად არის დეკლარირებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის №1123 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 26 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 აგვისტოს №19142 ბრძანება და ამავე თარიღის №002-180 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 136 742 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 395 ლარი, ჯარიმა 61 395 ლარი, საურავი 13 952 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების გაწევა. საწარმო აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს "------"-ში მდებარე სასტუმროს მეშვეობით, რომელიც ფუნქციონირებს 2022 წლის ოქტომბრის თვიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისთვის შეძენილი მასალებიდან ნაწილი გამოყენებულ იქნა კომპანიის დირექტორების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. ზემოთხსენებულ საქონელზე საწარმოს მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული ოპერაცია განხილულ იქნა კომპანიის მიერ დირექტორებისთვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. ამასთან, აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დამფუძნებელ პირებს და მათ მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა მნიშვნელოვნად აღემატება საკუთარ სახლებზე გამოყენებული მასალების ღირებულებას. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებლების შენატანი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 14 753 215 ლარს, ხოლო კერძო სახლებზე გამოყენებული მასალების ღირებულება ჯამურად შეადგენს 450 000 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისათვის წარმოდგენილია კრების ოქმი კაპიტალის 450 000 ლარით შემცირების თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების გათვალისწინებით, დირექტორების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მიწოდებული საქონლის ღირებულებით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო აღნიშნული საქონლის უსასყიდლო მიწოდებიდან წარმოშობილი დაქირავებული პირების სარგებლით შემცირდა კაპიტალის ოდენობა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას არ დაექვემდებარა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლები, მათ შორის, სასტუმროს პროგრამაც, საიდანაც ირკვევა, რომ სასტუმროს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სხვადასხვა პერიოდში დაქირავებულ პირებზე ანაზღაურებულია გაწეული სამუშაოს ღირებულება, რომელიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის განაკვეთია 18 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების გაწევა. საწარმოს მიერ სასტუმროს მშენებლობისთვის შეძენილი მასალებიდან ნაწილი გამოყენებულ იქნა კომპანიის დირექტორების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. მიწოდებული საქონლის ღირებულებით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლებიდან ირკვევა, რომ სასტუმროს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, შემოწმების მიერ გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს . ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე .

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემების დამუშავების შედეგად საწარმოს სხვადასხვა პერიოდში დაქირავებულ პირებზე ანაზღაურებულია გაწეული სამუშაოს ღირებულება არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.

2.მოჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრას.

3.მომჩივანი არ ეთანხმება დაქირავებულ პირებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის მიერ სასტუმროს მშენებლობისთვის შეძენილი მასალებიდან ნაწილი გამოყენებულ იქნა კომპანიის დირექტორების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. ზემოთხსენებულ საქონელზე საწარმოს მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლები.ოპერაცია განხილულ იქნა კომპანიის მიერ დირექტორებისთვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. ამასთან, აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დამფუძნებელ პირებს და მათ მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა მნიშვნელოვნად აღემატება საკუთარ სახლებზე გამოყენებული მასალების ღირებულებას.დირექტორების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მიწოდებული საქონლის ღირებულებით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო აღნიშნული საქონლის უსასყიდლო მიწოდებიდან წარმოშობილი დაქირავებული პირების სარგებლით შემცირდა კაპიტალის ოდენობა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას არ დაექვემდებარა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.სასტუმროს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

3. ირკვვევა რომ საწარმოს მიერ სხვადასხვა პერიოდში დაქირავებულ პირებზე ანაზღაურებულია გაწეული სამუშაოს ღირებულება, რომელიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,136,154,159,160,163,164,166,275.