გადაწყვეტილება №23838/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23838/2/2024
21 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23838/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №006-306 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18333 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 460 966,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 272 304
დღგ - 6 300
საშემოსავლო გადასახადი - 266 004
ჯარიმა - 136 386
საურავი - 52 276,54
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რემონტი. გადასახადი გადამხდელი მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო ტენდერებში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისათვის 12.02.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 417 133 ლარს (დღგ-ის გარეშე), რაც მცირედით განსხვავდება შემოწმებით დადგენილ ბრუნვისგან. კერძოდ, 2021 წელს დაფიქსირდა დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილება ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში -------№292 და -------№647 ხელშეკრულებების ფარგლებში. 2022 წელს -------№8 ხელშეკრულების ფარგლებში ფიქსირდება დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილება მარტისა და აპრილის თვეების მიხედვით, ამავე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში ფიქსირდება პერიოდის ცვლილება ------- ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში არასრულადაა დაბეგრილი -------№14 და -------№134 ხელშეკრულებების შესაბამისად დასაბეგრი თანხების ოდენობა. ასევე გამორჩენილია 2022 წლის ნოემბრის თვის მიხედვით ეა------- ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად დასაბეგრი თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად, არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე, მესამე პირებისგან საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლით გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული პროცედურით. ასევე, გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი მატერიალური სახის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები, სამივლინებო დოკუმენტები, მცირე მეწარმეებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილმა ნაღდი ფულის ნაშთმა 31.12.2021 წელს შეადგინა 85 970 ლარი, 31.12.2022 წელს 447 824 ლარი, 31.12.2023 წელს 486 220 ლარი, ხოლო 12.02.2024 წელს 44 000 ლარი. მითითებული პერიოდების მიხედვით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, კალენდარული წლის ბოლო თვეებში და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული პროცედურის თარიღისთვის (12.02.2024 წელი). აღნიშნულის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №006-306 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18333 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 96–ე მუხლზე და 97– ე მუხლზე.
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ფულის ნაშთის ოდენობას, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აცხადებს, რომ შემოწმებამ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა თანამშრომლებზე გაცემული სამივლინებო ხარჯები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის დამადასტურებელი ნასყიდობის ხელშეკრულება, სესხის ხელშეკრულებები, საქონლისა და მომსახურების შეძენაზე ზედმეტად გადახდილი თანხები, რომელთა არსებობა დასტურდება საბანკო ამონაწერებით და ურთიერთშედარების აქტებით. ასევე, მომჩივნისთვის გაუგებარია შემოწმებამ გაითვალისწინა თუ არა კომპანიის ბარათით გადახდილი საწვავის შეძენის ხარჯები, ვინაიდან გაანგარიშების ცხრილები შემმოწმებელს არ მიუწოდებია (საჩივარს დანართად ერთვის მტკიცებულებები).
ამასთან, მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარში აცხადებს, რომ ფულის ნაშთის მიზნებისათვის დაბეგვრაში მონაწილეობა მიიღო როგორც გარკვეულ ოპერაციებზე გამოწერილმა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულმა თანხებმა, ასევე, საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულმა თანხებმა, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოკლების გარეშე (დაზუსტებულ საჩივარში იდენტიფიცირებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). ასევე, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის იმავე თვეში კორექტირების ფაქტი (ეკ ------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით). გარდა ამისა, ფულის ნაშთის მიზნებისათვის არ იქნა გათვალისწინებული ის ორგანიზაციები, რომლებსაც კომპანიის მიმართ არ გააჩნიათ დავალიანება, იმის გამო, რომ მათთან მოხდა ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, გაქვითვის საფუძველი კი იყო კომპანიის ვალდებულებების შესრულების დროის დაგვიანება, რაზეც დაერიცხა შესაბამისი ჯარიმები. აღნიშნულის გაქვითვა მოხდა შემდგომ კომპანიაზე ჩასარიცხი საბოლოო მომსახურების ღირებულებებიდან. გადამხდელი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საწარმოს მიერ წარდგენილი ფორმა 2-ების მიხედვით გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა დღგ-ს მიზნებისათვის და ფულის ნაშთის დადგენის მიზნებისათვის დასაბეგრ ბრუნვებში ჩაითვალა და შესაბამისად ფულის ნაშთის დადგენის მიზნებისათვის მიღებულად ჩათვლა იმ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, რომლებიც გაუქმებულია, ვინაიდან შეცდომით არის გამოწერილი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 27.04.2023 წლის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №517 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ------- გასწია მომსახურება ჯამურად 90 131,17 ლარი. ამ ოპერაციაზე შპს ------- მიერ გამოწერილია შემდეგი ანგარიშ-ფაქტურები: ეა-------, ჯამური თანხით 31 2770 ლარი, ეა--------, ჯამური თანხით 40 474 ლარი, ეა-------, ჯამური თანხით 18 387,27 ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ------- 5.05.2023 წლის ჩაერიცხა ავანსის თანხა 27 162 ლარი, ამ ოპერაციაზე კომპანიას 3.05.2023 წლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარდგენილი აქვს საავანსო თანხაზე საგარანტიო უზრუნველყოფა ნომრით GB 4965/23, გაცემული სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს მიერ, 2.05.2023 რიცხვში 27 162 ლარზე. შემოსავლების სამსახურის RS.GE პორტალზე 3 მაისს ნაცვლად ავანსის ფაქტურის გამოწერისა, შეცდომით არის გაწერილი ეა ანგარიშ-ფაქტურა, 2023 წლის მაისის თვეზე, ეა-------, ჯამური თანხით 27 162 ლარი. სწორედ ამ მიზეზით შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა არ არის დადასტურებული მყიდველის მიერ, რადგან უნდა გამოწერილიყო ავანსის ავ ფაქტურა. შესაბამისად აღნიშნული ანგარი-ფაქტურა დღეის მდგომარეობით წაშლილი RS.GE გვერდზე. სსიპ ქალაქ ზესტაფონის №5 საჯარო სკოლასთან 30.12.2022 წლის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 339 ხელშეკრულება ფარგლებში შპს ------- გასწია მომსახურება ჯამურად 17 454,60 ლარი. ამ ოპერაციაზე შპს ------- მიერ გამოწერილია შემდეგი ანგარიშფაქტურა ეა-------, ჯამური თანხით 17 454,6 ლარი. სსიპ ------- შემოსავლების სამსახურის RS.GE პორტალზე შეცდომით არის გაწერილი კიდევ ერთი ეა ანგარიშფაქტურა. 2023 წლის იანვრის თვეზე, ეა-------, ჯამური თანხით 7 908,25 ლარი. შესაბამისად ფაქტურა ბუნებრივია არ არის დადასტურებული მყიდველის მიერ. შესაბამისად აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დღეის მდგომარეობით წაშლილია RS.GE გვერდზე. აღნიშნული დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულად არის წარმოდგენილი კომუნიკატორის მეშვეობით აუდიტის დეპარატამენტში. შესაბამისად აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები ექვემდებარება შემცირებას და არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული არც დღგ-ის და არც საშემოსავლო გადასახადო მიზნებისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შემმოწმებელმა დღგ-ს მიზნებისათვის და ფულის ნაშთის დადგენის მიზნებისათვის დასაბეგრ ბრუნვებში ჩაითვალა და შესაბამისად ფულის ნაშთის დადგენის მიზნებისათვის მიღებულად ჩათვლა იმ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, რომლებიც მათ მიერ არის გაუქმებული, ვინაიდან შეცდომით არის გამოწერილი.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18333 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საწარმოს მიერ წარდგენილი ფორმა 2-ების მიხედვით გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული დავალება აღსრულების პროცესშია.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადზე მიანიშნებდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ თავდაპირველ და დაზუტებულ საჩივარში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18333 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რემონტი. გადასახადი გადამხდელი მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო ტენდერებში.
შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა მცირედით განსხვავდება შემოწმებით დადგენილ ბრუნვისგან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად, არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე, მესამე პირებისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული პროცედურით. ასევე, გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი მატერიალური სახის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები, სამივლინებო დოკუმენტები, მცირე მეწარმეებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადზე მიანიშნებდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ თავდაპირველ და დაზუტებულ საჩივარში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18333 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 73(5, 9); 101; 154; 105(2); 159