ბრძანება N 10573
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10573
10.05.2023
შპს „-------ას“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: --------------------)
(იურ. მის.: ---------------------)
2023 წლის 13 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) №80380/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №CB1448371 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება და მისი შემდგომი რეალიზაცია საკუთარი სადისტრიბუციო მომსახურების გაწევით. ნაწარმოები პროდუქცია წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, რომლის შენახვის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 90 დღეს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 4 000 000 ლარს . როგორც ზემოაღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა მეწარმე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ვადაგასული ან წუნდებული საქონლის უკან დაბრუნება.
მეწარმეს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურად უკან დაბრუნებული აქვს მხოლოდ 4000 ლარის საქონელი, რეალურად კი ახორციელებდნენ ვადაგასული საქონლის გადაცვლას და ვადაგასული საქონელი იყრებოდა ისე, რომ ამის შესახებ არ ხდებოდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი პროცედურების გატარება, კერძოდ, განცხადებით მიმართვა საგადასახადო ორგანოსთვის ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეს ნაწარმოები პროდუქციის 99% გაყიდული აქვს დოკუმენტური რეალიზაციით, აქედან გამომდინარე, რადგანაც ვადაგასული პროდუქციის გადაცვლა დოკუმენტურად არ იყო დადასტურებული (იგულისხმება, რომ საქონლის დაბრუნებისას არ იყო გაწერილი უკან დაბრუნების ზედნადები და სანაცვლოდ საქონლის გადაცემა კლიენტისთვის ზედნადებში არ იყო დაფიქსირებული), საწარმოს ბუღალტერიაში ვერ ხდებოდა ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ნედლეულის ნაშთი, რომელიც ფაქტიურად ჩაშვებული იყო წარმოებაში, მაგრამ არ იყო ჩამოწერილი, ვინაიდან წარმოებაში არ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად დაგროვდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნედლეულის სახით, რომელიც ვერ ჩამოიწერა და დაკვალიფიცირდა დანაკლისად საბაზრო ფასით.
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს, რომ განსაზღვრული იქნეს დანაკარგის ნორმა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, აუდირებული მონაცემების საფუძველზე დადგენილ იქნეს კოეფიციენტი, უკან დაბრუნებული საქონლის შეფარდება მთლიან მიწოდებულ საქონელთან. ზემოაღნიშნული ინფორმაციით ნათელად გაირკვევა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დადგენილი დანაკლისი არის შედეგი, რომელიც გადამხდელის მიერ არცოდნით/შეცდომით არის გამოწვეული და რომლის გამოც გადამხდელს აწვება მძიმე ფინანსური ტვირთი.
ამასთან, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №1165 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. მასვე ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვესტიციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.
შპს „-------ა“ (ს/ნ -------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას ახდენს ბუღალტრულ პროგრამაში (თანხობრივი აღრიცხვა), შესაბამისად ბუღალტრული ნაშთი 2023 წლის 30 იანვრის მდგომარეობით დადგენილ იქნა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 148586.27 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 34833.11 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 60600.27 ლარი.
ფასნამატმა შეადგინა 75 პროცენტი.
ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი თვითღირებულებით 113753.17 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით შეადგინა 234900.3 ლარი.
აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით 2023 წლის 2 მარტს შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) დირექტორს ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) დირექტორმა 2023 წლის 15 მარტს შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი განცხადება, რომ პროექტს ეთანხმება და პრეტენზია არ გააჩნია.
ამდენად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაერიცხა სანქცია 23490.03 ლარის ოდენობით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 15 მარტს შედგენილ იქნა №CB1448371 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მოთხოვნილი დანაკარგების ნორმის დადგენა სცდება მათ კომპეტენციას. შესაბამისად აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გაანგარიშება მოხდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მოწოდებული ბუღალტრული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც არ იყო და ვერც იქნებოდა გათვალისწინებული ე.წ. ვადაგასული, გადაყრილი პროდუქცია, რომლის უკან დაბრუნება უნდა მომხდარიყო შესაბამისი უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებებით და ჩამოწერილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ას“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს, ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული იქნეს დანაკარგის ნორმა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მოთხოვნილი დანაკარგების ნორმის დადგენა სცდება მათ კომპეტენციას.
შესაბამისად აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გაანგარიშება მოხდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საინვენტარიზაციო კომისიის მიერ მოწოდებული ბუღალტრული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც არ იყო და ვერც იქნებოდა გათვალისწინებული ე.წ. ვადაგასული, გადაყრილი პროდუქცია, რომლის უკან დაბრუნება უნდა მომხდარიყო შესაბამისი უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებებით და ჩამოწერილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 49(1 „გ“); 70(1 „ა“); 145(6); 269(7); 270(1,2); 286(9); 302(6);