გადაწყვეტილება №27389/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
02 ივნისი 2026
N 27389/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 21.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27389/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 06.10.2025 წლის N 21463 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის N 001-39 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მაისის N 9832 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 199 021.69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 106 725.57 ლარი;
დღგ - 42 590.43 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 64 135.14 ლარი;
ჯარიმა - 53 246.08 ლარი;
საურავი - 39 050.04 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სამშენებლო - სარემონტო საქმიანობას. საწარმო მონაწილეობს სახელმწოფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის N 9861 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერები. 2025 წლის 2 მაისს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო. შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებზე. გამოვლინდა მომსახურების სანაცვლოდ გადახდები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ხოლო კომპანიას არ ქონდა წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო ორგანოს მიერ, საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N 14029 ბრძანება და N 001-118 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 222 211.52 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 06.10.2025 წლის N 21463 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 06.10.2025 წლის N 21463 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 06.03.2026 წლის დასკვნა, 12.03.2026 წლის N 5521 ბრძანება და N 001-39 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 32 539.51 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 199 021.69 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 8 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 5 მაისის N 9832 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ბანკში გადარიცხული თანხები, რომლის დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელფასი“ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის მიერ ხელფასის გაცემა მათ მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე პერიოდში.
ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია მომსახურების ანაზღაურებას უხდიდა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, მას საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა მომსახურების ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები და გასავლის ორდერები (იხ. დანართი). ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კომპანიამ ასპინძაში არსებულ ობიექტზე სამშენებლო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა ინდივიდუალურ მეწარმესთან, რომელიც ვალდებული იყო საკუთარი სამუშაო ძალებით (ბრიგადა) შეესრულებინა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. საბანკო ამონაწერში აღნიშნულ პირზე გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი“. საწარმოს ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ახორციელებდა საბანკო გადარიცხვებს, ტრანზაქციის შესრულებისას დუბლირების საშუალებით ადასტურებდა ტრანზაქციებს, დანიშნულების გრაფის ცვლილების გარეშე. არასწორი დანიშნულების საფუძველზე აუდიტორის მიერ განაცემი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით. წარმოადგენს ინდ. მეწარმესთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლითაც განსაზღვრულია მისი ვალდებულებები. აგრეთვე, დადგინდა, რომ ინდ. მეწარმეს, რომელსაც აქვს მცირე მეწარმის სტატუსი, შემოსავალი დეკლარირებული აქვს და გადახდილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადი. აუდიტორის მიერ აღნიშნული განაცემი კვალიფიცირებულია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა ყველა პირველადი დოკუმენტი საჩივართან ერთად. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, აუდიტორის მიერ გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება ინდ. მეწარმის მომსახურება, მის მიერ თანხის მიღება, არ იქნა გათვალისწინებული იმ არგუმენტით, რომ საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში სწორად არ არის მითითებული თანხის გაცემის დანიშნულება.
როგორც აღინიშნა, გადარიცხვებისას ხდებოდა ტრანზაქციის გამეორება და თანხის გაცემისას თანამშრომლის მიერ არ ექცეოდა ყურადღება დანიშნულების ნაწილს, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იყოს დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ დაბეგრილია, კომპანიას არ შეიძლება ქონდეს წყაროსთან მისი დაბეგვრის ვალდებულება. შემოსავლების სამსახურს წარუდგინეს ინდ. მეწარმის მიერ ნოტარიულად დადასტურებული ახსნა - განმარტება, რომლის საფუძველზეც დასტურდება მის მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურების ოდენობა, მიღებული ფულადი სახსრების დანიშნულება და შემოსავლების სამსახურთან ანგარიშსწორება. აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა. შესაბამისად, მომსახურებით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიმღების მიერ დეკლარირებული და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით. ამასთანავე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას. ერთი დ აიგივე განაცემი იბეგრება ორჯერ გამცემისა და მიმღების მიერ. აღსანიშნავია, რომ გადაანგარიშების პროცესში აუდიტორთან კომუნიკაციისას მის მიერ გამოთქმული იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება მოხდებოდა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან თავად მის პასუხისმგებლობის ფარგლებს აღემატებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს განხილული იქნას წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დასკვნით დარიცხული შედეგების გადაანგარიშება მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მაისის N 9832 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 06.10.2025 წლის N 21463 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია სათანადოდ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არსებობდა დაუდასტურებელი ფინანსური ოპერაციები. ამის საფუძველზე მას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. საჩივრების განხილვის შედეგად თანხა ნაწილობრივ შემცირდა, თუმცა ძირითადი მოთხოვნა ძალაში დარჩა და დავა გაგრძელდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 275; საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილება.