ბრძანება N 4491
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4491
10.03.2023
შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------)
(მის.: ----------------------------------------------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------) №78165/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №041-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დაანგარიშებული ნაღდი ფულადი სახსრების დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, თუმცა მას ხელფასი არ აქვს დარიცხული. განმარტავს, რომ შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------) გაუწია მომსახურება, რომლის ღირებულებაც არ აქვს ანაზღაურებული. ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო თვეზე წარადგინა დღგ–ს დეკლარაცია და აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (55 065 ლარი) ჩაითვალა დღგ 8405 ლარი, რომელიც უფიქსირდება ზედმეტობაში. გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №20228 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 ------- 2022 წლის 1 ---------- საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის -- ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის ----- დეკემბრის №32060 ბრძანება და ამავე თარიღის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 63 240 ლარი, მათ შორის, გადასახადი 33 003 ლარი, ჯარიმა 16 646 ლარი, საურავი 13 591 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
• შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შპს „--------------------"-ს საქმიანობის საგანია ტენდერის ფარგლებში ხეების გასხვლის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესრულება. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე გაგზავნილ იქნა მოთხოვნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა, თუმცა დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ტენდერის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული აქვს ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებები არასრულადაა შესრულებული.
დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ- ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
• შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ივლისს ჩატარდა ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ, რა დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი შემოწმების მიერ ჩაითვალა ანაზღაურებულად. შედეგად, შემოწმებით გაანგარიშდა განკარგვადი თანხები 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის, რომელიც ჩაითვალა ნაღდი ფულადი სახსრების დანაკლისად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს, გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაკავებას. შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე, დამატებით დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა, 100 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, როლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერების მონაცემების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ტენდერის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული აქვს ანაზღაურება, რაზეც არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, რის შედეგადაც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, აუდიტორმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის -- ივლისს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი შემოწმების მიერ ჩაითვალა ანაზღაურებულად, შედეგად შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს, წლების მიხედვით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა ნაღდი ფულადი სახსრების დანაკლისად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
გადამხდელის არგუმენტთან, შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------) მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ღირებულების ანაზღაურებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული კომპანია არ იძებნება და ამავდროულად გადამხდელს მსგავსი კომპანიისგან მომსახურების მიღების დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებამ ხარჯის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ანაზღაურებულად ჩათვალა. ის ფაქტი რომ გადამხდელის მიერ მიღებული მომსახურება, რომელზეც ხარჯის დოკუმენტი არ არსებობს და გადამხდელის განმარტებით ანაზღაურებულიც არაა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე გავლენას ვერ იქონიებდა.
აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულ საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან ეა--- №----- (თანხა 55 065 ლარი) მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 2023 წლის -- იანვარს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი კი მოიცავს 2019 წლიდან 2022 წლის -- ივლისამდე საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტში გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი თანხა გავლენას ვერ მოახდენდა ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------------“-ს (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.