ბრძნება N 23840

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2025
№ დოკუმენტი 23840
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23840

29 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 4 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 და 9 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №83; №85) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 4 აგვისტოს №97346/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №005-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:

● აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა შესწავლილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია რამდენად რეალურად ჰქონდათ მყიდველებს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი თანხები. ამასთან, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით საწარმოს ჰქონდა ვალდებულება ბინები ჩაბარებულიყო გარემონტებულ მდგომარეობაში, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა. ასევე, აღნიშნული სახლის მშენებლობა დაწყებული იყო 2013 წლამდე და არ იყო დასრულებული, რასაც მოწმობს შპს „-------“ მიერ აღებული ლეგალიზაციის პროექტი.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ 40 572 ლარი დღგ-ით დაიბეგრა მხოლოდ იმ მოტივით, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენისას გამყიდველის მიერ არასწორად იქნა ჩაწერილი ტრანსპორტირების დასრულების ადგილები.

შემოწმების მონაცემებით, გაურკვევლობის მოტივით 157397 ლარი დღგ-ის გარეშე ჩართულია დღგ-ით დასაბეგს ბრუნვაში. ასევე, არასწორად არის დაბეგრილი დებიტორული დავალიანებები.

● აცხადებს, რომ შემმოწმებელმა გამოითხოვა ინფორმაცია კომპანია ------- მის მიერ რეალიზებული ბილეთების ღირებულების შესახებ, რომლიც შეადგენდა 1 345 941 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შპს „-------“ გადახდილმა თანხამ შეადგენდა 1 196 612 ლარი (დღგის ჩათვლით). შესაბამისად, 149 329 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) არასწორად არის ჩართული რეალიზაციაში, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენს კომპანია ------- შემოსავლებს.

● შემოწმების აქტით ასევე დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაშია ასახულია შპს „-------“ მიერ 2024 წლის ივნისში ჩარიცხული 189 900 ლარი, შეკვეთა აღარ შესრულდა და თანხა სრულად დაბრუნებულია შპს „-------“.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ ------- გადარიცხული თანხის სარგებლად განხილვას. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მიწის ღირებულებას, რის დასტურადაც წარმოადგენს სს თიბისი ბანკის მიერ გაცემულ ცნობას.

3. არ ეთანხმება გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული საწყისი კრედიტორული დავალიანება 500 000 აშშ დოლარი, ასევე მომღერლებისთვის გადახდილი თანხები.

4. არ ეთანხმება ფ/პ ------- გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ შეძენილ მიწასთან მისასვლელ ტერიტორიაზე მოეწყო საკანალიზაციო სისტემები, ხოლო აღნიშნული მიწა გადაყიდულ იქნა იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას და სამომავლო პერსპექტივა საწარმოსთვის აღარ არსებობდა.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №26699 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15123 ბრძანება და ამავე თარიღის №005-121 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 049 281 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 786 660 ლარი, ჯარიმა 896 504 ლარი და საურავი 366 115 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდზე უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ძირითადად, საიჯარო და მარკეტინგულ მომსახურებებზე, სულ 459 847 ლარის (დღგ-ის გარეშე). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებისა და მესამე პირებისაგან (დებიტორკრედიტორები) მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას უფიქსირდება ტერმინალის საშუალებით მიღებული შემოსავლები 2 831 487 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), ჩატარებული ღონისძიებების/ივენთების ფარგლებში რეალიზებული ბილეთების ღირებულება 1 140 628 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) და ისეთი ჩარიცხვები, რომლებიც დაკავშირებულია ფართის ქვეიჯარით გაცემასთან, პროდუქციის მიწოდებასთან და სხვა ტიპის შემოსავლებთან, რაზეც არ აქვს გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტები, სულ 407 346 ლარის (დღგ-ის გარეშე). გარდა ზემოაღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს ბინები/აპარტამენტები ------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე, საიდანაც, უმეტეს შემთხვევაში, ქონების ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ნაწილობრივ და სულ შეადგენს 2 684 398 ლარს (დღგ-ის გარეშე). ამასთან, ფიქსირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება ფიზიკური პირის მიერ არ არის ანაზღაურებული, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ თანხა გადახდილია და ასეთი შემოსავლების ოდენობა შეადგენს 1 240 824 ლარს (დღგ-ის გარეშე). ასევე, შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, რომლის მიხედვითაც, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის მიტანა უფიქსირდება ისეთ ადგილზე, სადაც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. საქონლის ღირებულება შეადგენს 40 573 ლარს დღგ-ის გარეშე. აღნიშნულზე კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს შესაბამისი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა, სულ 8 805 103 ლარის ოდენობით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 5 487 838 ლარს. შედეგად, პირს სხვაობაზე დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიას 2023 წლის აგვისტოს თვეში უფიქსირდება თანხების გადარიცხვა ფ/პ -------, სულ 1 057 575 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ აღნიშნული გადარიცხვები უკავშირდებოდა ------- ტერიტორიაზე შეძენილ უძრავ ქონებას (ს/კ -------). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 395 000 აშშ დოლარს და შეძენილია ფ/პ ------- და ფ/პ -------. შპს „-------“ მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების თანახმად, აღნიშნული პირებისათვის გადარიცხულია სულ 1 032 925 ლარი, რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი ოფიციალური კურსის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 395 000 აშშ დოლარს. საგადასახადო შემოწმების პროცესში ფ/პ ------- და ფ/პ ------- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფ/პ ------- მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტრანზაქციები წარმოადგენს ------- ტერიტორიაზე შეძენილი ქონების ღირებულებას. ფ/პ ------- მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, მან და ფ/პ ------- შპს „-------“ 2023 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საბანკო გადარიცხვის სახით მიიღეს 395 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სულ 1 032 925 ლარი. შემოწმების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-100, 103-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ფ/პ ------- გადარიცხული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავლად, რომელიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის ფარგლებში, გაანალიზდა კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და მესამე პირებისაგან მოწოდებული ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. შედეგად, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 3 250 391 ლარის ოდენობით, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შპს „-------“ 2023 წლის 7 თებერვალს შეძენილი აქვს მიწა (ს/კ -------) ------- 7 000 კვ.მ, 275 000 ლარად (1 კვ.მ-ს ფასი 39 ლარი). აღნიშნული ქონება ------- მიღებული აქვს ჩუქებით 2019 წელს მამისა და ბიძებისაგან. 2023 წლის 13 მარტს, კომპანიას უძრავი ქონება რეალიზებული აქვს ------- (------- ერთ-ერთი ბიძა), 50 000 ლარად (1 კვ.მ-ს ფასი 7 ლარი). შპს „-------“ საბანკო ამონაწერების თანახმად, 2022-2023 წლებში ------- უფიქსირდება საქვეანგარიშოდ თანხების გატანა/შემოტანა. შემოწმების პროცესში გაანალიზდა მიმდებარე ტერიტორიაზე მიწების საბაზრო ფასები, რაც მერყეობს 1 კვ.მ-ზე 40 ლარიდან 77 ლარამდე. განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი შეძენილია კომპანიის თანამშრომლის აფილირებული პირისაგან -------. ამასთან, საწარმოს წარმომადგენლებმა შემოწმებას ვერ წარმოუდგინეს მტკიცებულებები, რეალურად რა მიზნით იქნა შეძენილი მიწა. შპს „-------“ და ------- არ წარმოადგენენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულ პირებს, კომპანიამ სცადა გარიგებით საგადასახადო უპირატესობის მიღება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი შეიძინა ------- დისშვილისაგან, რომელსაც აღნიშნული უძრავი ქონება მიღებული აქვს ამავე პირისაგან ჩუქებით, მიწოდება კი განახორციელა დაახლოებით 1 თვეში ამავე პირზე (-------) საბაზროზე (ასევე შეძენის ფასზე) რამდენჯერმე ნაკლებ ფასად. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ოპერაციის ჯაჭვს არ გააჩნია ეკონომიკური შინაარსი - მისი განხორციელება არ იყო განპირობებული რეალური ყოფითი ან კომერციული მიზეზით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საგადასახადო უპირატესობის მიღება, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოიყენება კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც შეესაბამება გარიგების რეალურ ეკონომიკურ შინაარსს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სახეზეა დამატებითი სარგებლის (ფულის) გატანის ფაქტი, რომელიც შენიღბულია აქტივის შეძენისა და შემდგომ გაყიდვის ფორმით. შესაბამისად, ------- გადახდილი თანხა 275 000 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

ამავე მუხლის მე-80 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

ამავე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდზე უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ძირითადად, საიჯარო და მარკეტინგულ მომსახურებებზე, ასევე ტერმინალის საშუალებით მიღებული შემოსავლები 2 831 487 ლარის ოდენობით, ჩატარებული ღონისძიებების/ივენთების ფარგლებში რეალიზებული ბილეთების ღირებულება 1 140 628 ლარის ოდენობით და ისეთი ჩარიცხვები, რომლებიც დაკავშირებულია ფართის ქვეიჯარით გაცემასთან, პროდუქციის მიწოდებასთან და სხვა ტიპის შემოსავლებთან, რაზეც არ აქვს გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს ბინები/აპარტამენტები ------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე, საიდანაც, უმეტეს შემთხვევაში, ქონების ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ნაწილობრივ. ასევე, შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, რომლის მიხედვითაც, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის მიტანა უფიქსირდება ისეთ ადგილზე, სადაც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

● გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა შესწავლილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია რამდენად რეალურად ჰქონდათ მყიდველებს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი თანხები. ამასთან, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით საწარმოს ჰქონდა ვალდებულება ბინები ჩაბარებულიყო გარემონტებულ მდგომარეობაში, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა.

აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე რეალიზებულ ბინებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა შემდეგნაირად: გაანალიზდა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულებები. რიგ შემთხვევებში, ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული იყო, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ღირებულება სრულად არის გადახდილი. აღნიშნული თანხები დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით სრულად. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ ეწერა თანხის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მყიდველთან განხორციელდა დაკავშირება და მის მიერ დადასტურდა თანხის სრულად გადახდა. ამასთან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში ფიქსირდებოდა შეთანხმებები გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული პირების მიერ თანხის ჩარიცხვები არ ჩანდა ბანკში, შესაბამისად, განხორციელდა მათთან კომუნიკაცია, რის შედეგადაც მათ მიერ დადასტურდა თანხის ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურება. გარდა ამისა, საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა ფიზიკური პირების მიერ თანხების ჩარიცხვა, დანიშნულებით „უძრავი ქონების ღირებულება“, ხშირ შემთხვევაში მითითებული იყო მიწის საკადასტრო კოდი და ბინის ნომერი, აღნიშნული ბინები კი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო რეგისტრირებული (დღგ-ის გარეშე 157 397 ლარი).

● ამასთან, შპს „-------“ განხორციელებულ ოპერაციებზე გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ ბილეთების რეალიზაციამ შეადგინა 1 345 941 ლარი, რომელიც შემმოწმებლის მიერ დაიბეგრა დღგ-ით, აღნიშნული თანხიდან 67 297 ლარი (5%) წარმოადგენს საკომისიოს, ხოლო 82 035 ლარი - სხვადასხვა ხარჯს, როგორიცაა ავიაბილეთების ღირებულება ღონისძიების მონაწილეებისათვის, ბილეთების ბეჭდვის ხარჯი და პერსონალის დაქირავება. შესაბამისად, შპს „-------“ მიერ შპს „-------“ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1 196 610 ლარი.

● შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების აქტით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაშია ასახულია შპს ,,-------“ მიერ 2024 წლის ივნისში ჩარიცხული 189 900 ლარი, შეკვეთა აღარ შესრულდა და თანხა სრულად დაბრუნებულია შპს „-------“.

ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა მის მიერ რეალიზებულ უძრავ ქონებაზე დააყენა საკითხი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, 80-ე და 81-ე ნაწილებით შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი განმარტებით, უძრავი ქონების მშენებლობა დაწყებულია 2008 წლამდე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, 80-ე და 81-ე ნაწილებით შეღავათით სარგებლობასთან და შპს „-------“ 2024 წლის ივნისში ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს რეალიზებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში ფ/პ ------- გადარიცხული თანხა სულ 1 057 575 ლარის ოდენობით წარმოადგენდა მიწის შეძენის მიზანს. ამასთან, ვინაიდან გამყიდველებმა ფ/პ ------- და ფ/პ ------- ითხოვეს პირადი პრობლემებიდან გამომდინარე, არ დაფიქსირებულიყო მიწის ღირებულების ნაწილი, კერძოდ, 1 057 575 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა უნდა ჩარიცხულიყო მათ ნდობით აღჭურვილ პირთან ფ/პ -------, რასაც ადასტურებს -------. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ წარმოადგენს სს თიბისი ბანკიდან აღებულ ცნობას, რომლითაც ბანკის მიერ შეფასებული ქონების ღირებულება შეადგენდა 1 050 000 აშშ დოლარს. 100 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა თანამონაწილეობას, ხოლო 700 000 აშშ დოლარი იყო მოთხოვნილი სესხი. გრაფიკით ნათლად დგინდება, თუ რამდენი უნდა გადაერიცხა ბანკს თითოეული პირისთვის. გამყიდველის პრობლემურობიდან გამომდინარე, შეძენის ღირებულება განისაზღვრა ფასდაკლებით 800 000 აშშ დოლარად, საიდანაც ------- უნდა გადარიცხულიყო 1 057 575 ლარი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის ფარგლებში, გაანალიზდა კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და მესამე პირებისაგან მოწოდებული ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო დებიტორულკრედიტორული დავალიანებების შესახებ. შედეგად, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 3 250 391 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალიწინებული საწყისი კრედიტორული დავალიანება 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამფუძნებლის შენატანები კომპანიაში არ ყოფილა, შესაბამისად, ახლად რეგისტრირებულ საწარმოს ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები. სესხი აღებულია ამერიკის მოქალაქე -------. შემოწმების პროცესში წარდგენილია როგორც სესხის ხელშეკრულება, ასევე თანხის დაბრუნების აღიარება პროცენტებთან ერთად. შემოწმების პროცესში აღნიშნული სესხი არ იქნა გათვალისწინებული საწყის ნაშთად.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ დამატებით შეუძლია წარმოადგინოს მომღერლებისთვის გადახდილი ქვითრები, რომელიც შემოწმებისთვის არ იყო ცნობილი, რაც თავის მხრივ შეამცირებს სალაროს ნაშთს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც შპს „-------“ 2023 წლის 7 თებერვალს შეძენილი აქვს მიწა ------- 7 000 კვ.მ, 275 000 ლარად (1 კვ.მ-ს ფასი 39 ლარი). აღნიშნული ქონება ------- მიღებული აქვს ჩუქებით 2019 წელს მამისა და ბიძებისაგან. 2023 წლის 13 მარტს, კომპანიას უძრავი ქონება რეალიზებული აქვს ------- (------- ერთ-ერთი ბიძა), 50 000 ლარად (1 კვ.მ-ს ფასი 7 ლარი). შპს „-------“ საბანკო ამონაწერების თანახმად, 2022-2023 წლებში ------- უფიქსირდება საქვეანგარიშოდ თანხების გატანა/შემოტანა. შემოწმების პროცესში გაანალიზდა მიმდებარე ტერიტორიაზე მიწების საბაზრო ფასები, რაც მერყეობს 1 კვ.მ-ზე 40 ლარიდან 77 ლარამდე. განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი შეძენილია კომპანიის თანამშრომლის აფილირებული პირისაგან -------. ამასთან, საწარმოს წარმომადგენლებმა შემოწმებას ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები, რეალურად რა მიზნით იქნა შეძენილი მიწა. შპს „-------“ და ------- არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, სახეზეა დამატებითი სარგებლის (ფულის) გატანის ფაქტი, რომელიც შენიღბულია აქტივის შეძენისა და შემდგომ გაყიდვის ფორმით. შესაბამისად, ------- გადახდილი თანხა 275 000 ლარი განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79- ე, 80-ე და 81-ე ნაწილებით შეღავათით სარგებლობასთან და შპს ,,-------“ 2024 წლის ივნისში ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს რეალიზებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ფ/პ-ზე გადარიცხული თანხის სარგებლად განხილვა

3. გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

4. ფ/პ-ზე გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

5. ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდზე უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის, ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ძირითადად, საიჯარო და მარკეტინგულ მომსახურებებზე, ასევე ტერმინალის საშუალებით მიღებული შემოსავლები, ჩატარებული ღონისძიებების/ივენთების ფარგლებში რეალიზებული ბილეთების ღირებულება და ისეთი ჩარიცხვები, რომლებიც დაკავშირებულია ფართის ქვეიჯარით გაცემასთან, პროდუქციის მიწოდებასთან და სხვა ტიპის შემოსავლებთან, რაზეც არ აქვს გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს ბინები/აპარტამენტები, საიდანაც უმეტეს შემთხვევაში, ქონების ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ნაწილობრივ. ასევე, შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, რომლის მიხედვითაც, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის მიტანა უფიქსირდება ისეთ ადგილზე, სადაც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიას 2023 წლის აგვისტოს თვეში უფიქსირდება თანხების გადარიცხვა ფ/პ-ზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ აღნიშნული გადარიცხვები უკავშირდებოდა შეძენილ უძრავ ქონებას. გამყიდველებმა ითხოვეს პირადი პრობლემებიდან გამომდინარე მიწის ღირებულების ნაწილი ჩარიცხულიყო მათ ნდობით აღჭურვილ პირთან. შემოწმების მიერ, გადარიცხული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავლად, რომელიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

3. საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

4. მომჩივანს მიწის ნაკვეთი შეძენილია კომპანიის თანამშრომლის აფილირებული პირისაგან. ამასთან, საწარმოს წარმომადგენლებმა შემოწმებას ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები, რეალურად რა მიზნით იქნა შეძენილი მიწა. მოჩივანი და გამყიდველი არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, სახეზეა დამატებითი სარგებლის (ფულის) გატანის ფაქტი, რომელიც შენიღბულია აქტივის შეძენისა და შემდგომ გაყიდვის ფორმით. შესაბამისად, გადახდილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 269(7); 309(79-81)