ბრძანება N 26607
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26607
30 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" )
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „------ - ის “(ს/ნ "------") №84021/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №084-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მშენებლობისთვის შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მშენებლობისთვის შეძენილი საქონლის ნაწილი შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად, ვინიდან ზოგიერთ სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებული იყო შეცდომით და აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობდა. აცხადებს, რომ არასწორი შეფასება იქნა მიცემული სხვადასხვა პირებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, გამოსყიდვის უფლებით, შემოწმებით მსგავსი ოპერაციები განხილული იქნა ფართების რეალიზაციად. ასევე, არ ეთანხმება რიგი გარიგებების ბარტერულ გარიგებად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით არასწორად მოხდა დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ - ის“(ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 მარტიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 სექტემბრის №22341 ბრძანება და ამავე თარიღის №084-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 245 678 ლარი, მათ შორის გადასახადი 128 613 ლარი, ჯარიმა 77 688 ლარი და საურავი 39 377 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის №7264 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, შიდა ხელშეკრულებები, მიწის შეძენის შესახებ ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შპს „------- “ ახორციელებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობას, (მისამართი: ქალაქი "-------" ,"------", საკადასტრო კოდი "------" ), რომელიც არ არის დასრულებული. გადამხდელის მიერ ხდება ბინების რეალიზაცია შიდა ხელშეკრულებების და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სულ რეალიზებულია 135 საცხოვრებელი ბინა და 1 კომერციული ფართი. შემოწმების მიერ გამოვლინდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართები, რომელზეც გავრცელდა ერთი კვადრატული-მეტრის საშუალო სარეალიზაციო ფასი 1 143 ლარის ოდენობით. ასევე ფიქსირდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებები, საიდანაც ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოსყიდული, შესაბამისად, ეს კონკრეტული ბინები ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ სრულად არ არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ ბინებზე დადებულია ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ე.წ. „ნასყიდობა-გამოსყიდვა“ ჩაითვალა სასესხო ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებად, შესაბამისად, დადგინდა თითოეული მსგავსი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი პროცენტების ოდენობა და საქართველოს საგადასახადო კოდექსი 131-ე მუხლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციასა და შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელი ახდენს ბინების რეალიზაციას შიდა ხელშეკრულებების და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. პირს ასევე უფიქსირდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებები, საიდანაც ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოსყიდული, შესაბამისად, კონკრეტული ბინები შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად.
ამასთან, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსი 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციის ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა სასესხო ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებად, შესაბამისად, დადგინდა თითოეული მსგავსი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი პროცენტების ოდენობა, რის საფუძველზეც პირს განესაზღვრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
გადამხდელის არგუმენტთან, მშენებლობისათვის შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ რაიმე სახის საქონელი (გარდა ფართებისა) რეალიზებულად არ არის განხილული, შესაბამისად, კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია სრულყოფილად გამოკვლეული/შესწავლილი საქმიანობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 მარტიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების/ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----- - -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მშენებლობისთვის შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ასევე, არ ეთანხმება რიგი გარიგებების ბარტერულ გარიგებად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით არასწორად მოხდა დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7264 ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.შემოწმების მიერ გამოვლინდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართები, რომელზეც გავრცელდა ერთი კვადრატული-მეტრის საშუალო სარეალიზაციო ფასი 1 143 ლარის ოდენობით. ასევე ფიქსირდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებები, საიდანაც ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოსყიდული, შესაბამისად, ეს კონკრეტული ბინები ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ სრულად არ არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ე.წ. „ნასყიდობა-გამოსყიდვა“ ჩაითვალა სასესხო ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებად, შესაბამისად, დადგინდა თითოეული მსგავსი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი პროცენტების ოდენობა და პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია სრულყოფილად გამოკვლეული/შესწავლილი საქმიანობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),131,154,159,160,163,164,262,263.