ბრძანება N 6235

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.03.2023
№ დოკუმენტი 6235
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6235

29.03.2023

----------------ის (პ/ნ -------------------)

(მის: -------------------------------------)

2023 წლის 6 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა ო----------------ის (პ/ნ -------------------) №-----------/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის - დეკემბრის№----------, №----------, 2022 წლის - აგვისტოს №----------, №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 2021 წლის- დეკემბრის №---------- (№0--------), 2022 წლის --- აგვისტოს №---------- (№-------) საგადასახადო მოთხოვნებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები მის საკუთრებაში არ არის. მისმა ნაცნობმა მისცა მინდობილობა და სთხოვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეგზავნა უკრაინაში, რაც განახორციელა კიდეც.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტებისა და მათ საფუძველზე დარიცხული თანხის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ ფიზიკური პირი --- -------------ის, როგორც საბაჟო წარმომადგენლის მიერ, დროის სხვადასხვა პერიოდში რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ:

1. 2021 წლის -- აგვისტოს №--------/----------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ------------------, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის - ოქტომბერი.

2. 2021 წლის -- ოქტომბერს №--------/----------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ------------------, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის -- ნოემბერი. ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა ან საბაჟო პროცედურაში მოქცევა, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები:

1. 2021 წლის -- დეკემბერს, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №------- და №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ფიზიკურ პირ ----------ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით (სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. იმავე დღეს -2021 წლის -- დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ იქნა №--------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ფიზიკურ პირ ----------ს იმპორტის გადასახდელი და საურავი (სულ - -------- ლარი).

2. 2022 წლის --- აგვისტოს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №------ და №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ფიზიკურ პირ ------- -----ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით (სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2022 წლის -- აგვისტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ იქნა №---------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ფიზიკურ ------- -----ს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი (სულ - ---------- ლარი).

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების მეშვეობით გაეგზავნა დაუსწრებლად შედგენილი სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომლებსაც გაეცნო 2023 წლის -- თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად

მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა)იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

„ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის წარმომადგენელი, რომლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისა, მომჩივნის წარმომადგენლობა დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოწმობებში არსებული ინფორმაციით, რომლის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) მითითებულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე გრაფაში (წარმომადგენელი) - მომჩივანი. ამასთან, აღნიშნული მოწმობის მე-8 გრაფაში (ხელმოწერა) ფიქსირდება მომჩივნის ხელმოწერა. კანონმდებელი სწორედ მას ავალდებულებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ დარღვეულია გამოცხადების ვადა და განხორციელებულია საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივნის მიმართ სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული საბაჟო ვალდბულება მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა ან საბაჟო პროცედურაში მოქცევა არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------------ის (პ/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

ითხოვს სადავო აქტებისა და მათ საფუძველზე დარიცხული თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მომჩივნის, როგორც საბაჟო წარმომადგენლის მიერ, დროის სხვადასხვა პერიოდში რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა ან საბაჟო პროცედურაში მოქცევა, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების მეშვეობით გაეგზავნა დაუსწრებლად შედგენილი სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომლებსაც გაეცნო 2023 წლის 27 თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 64(2„დ“); 272; 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის:6; 14(1,2,5); 49(1„ა“,2,3„ა“„ბ); 70(2,4): 73(1); 127(3); 160(5); 163(1,7); 165; 170(1); 176(1,2);

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) 1(1,2); 3(12); (დანართი №16) 3 (1 „ა“ „გ“); 2(„ე1);