N 168 - 30/06/2025 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 30.06.2025
№ დოკუმენტი 168
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №168

2025 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის საფუძველზე, გადაადგილდება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისას (საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის/გარე გადამუშავების პროცედურით ან რეექსპორტით გატანისას (საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით).

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაცია წარმოადგენს საბაჟო პროცედურის გამოყენების/რეექსპორტის განხორციელების აუცილებელ პირობას.

2. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

 

მუხლი 2

1. 2027 წლის 1 იანვრამდე, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისას – მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით/მისაბმელით საქონლის გადატანის დროს), თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, პირს ეძლევა ტრანზიტის პროცედურაში საქონლის დეკლარირების უფლება ტრანზიტის დეკლარაციის 6 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა) წარდგენის პირობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) დეკლარანტს/საქონლის მფლობელს გადასცემს შეტყობინებას „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“;

ბ) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების მიზნით შევსებულ შესაბამის დოკუმენტში უთითებს „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების აღმნიშვნელ კოდს „603“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის დამტკიცდეს თანდართული რედაქციის „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების თაობაზე“ შეტყობინების ფორმა (დანართი №1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №206 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 31.12.2025წ.

 

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე