გადაწყვეტილება N 25354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25354
19 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 29 ოქტომბრის და 4 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 29 ოქტომბრის ID: ------- და 4 ნოემბრის №174336/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №001-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხების კორექტირებას. აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც გახდა გადასახადის დარიცხვის საფუძველი. მიუთითებს, რომ დარიცხული 120 000 ლარი ხელშემკვრელი იურიდიული პირების მიერ ხელფასის გაცემისას დაკავებულია წყაროსთან და გადახდილია ბიუჯეტში, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა უკანონოა. განმარტავს, რომ დეკლარაციის 42-ე გრაფაში 120 000 ლარი მექანიკური შეცდომითაა ნაჩვენები, რასთან დაკავშირებითაც შემოწმების დანიშვნის ბრძანების მიღების შემდეგ აცნობა აუდიტორებს და ითხოვა მისცემოდა შესაძლებლობა თვითონ გამოესწორებინა მექანიკური შეცდომა, რაზეც განემარტა, რომ აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
2. გადასახადის გადამხდელის განარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. შესაბამისად, კეთილსინდისიერებასა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22764 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 31 ოქტომბრის №24062 ბრძანება და ამავე თარიღის №001-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 180 344 ლარი, მათ შორის, გადასახადი 120 000 ლარი, ჯარიმა 60 000 ლარი, საურავი 344 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა ფ/პ ------- 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორე და გამოვლინდა რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადი, რის შედეგადაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისი გრაფები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული 120 000 ლარი, ფიზიკურ პირს ასევე, მითითებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 35-ე გრაფაში, რაც გულისხმობს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილ შემოსავლებს. აღნიშნული გრაფის საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა გაინულა დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად 42-ე გრაფაში დამატებით მითითებული თანხა სრულად წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაბრუნებად გადასახადს. გადასახადის გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხის ჩაწერა გამოწვეულია შეცდომით.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის 42-ე გრაფაში ასახული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჩათვლას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნული გრაფის კორექტირება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე გრაფაში ასახული თანხები წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ ------- (პ/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №001-230 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ/პ ------- (პ/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №001-230 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან; 3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხების კორექტირება.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მომჩივანის 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორე და გამოვლინდა რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადი, რის შედეგადაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისი გრაფები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული 120 000 ლარი, ფიზიკურ პირს ასევე, მითითებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 35-ე გრაფაში, რაც გულისხმობს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილ შემოსავლებს. აღნიშნული გრაფის საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა გაინულა დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად 42-ე გრაფაში დამატებით მითითებული თანხა სრულად წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაბრუნებად გადასახადს. გადასახადის გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხის ჩაწერა გამოწვეულია შეცდომით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს; შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 153; 269(7)