ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ

ბრძანება 21.06.2023
№ დოკუმენტი 14299
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 14299

21.06.2023

ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების

შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

ვბრძანებ:

1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ხე-ტყე განიმარტოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

2. დამტკიცდეს:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები - დანართი №1;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები - დანართი №2.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

დანართი №1

 

მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის

დასაშვები ცდომილებები

 

1. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 5 სმ, ხოლო, დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არაუმეტეს 2 სმ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“-,,ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) იდენტიფიცირებისათვის, სისქის და სიგანის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 1 სმ თითოეული პარამეტრისთვის.

 

დანართი №2

 

მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო

გამოსავლიანობის ნორმები

 

1. მრგვალი ხე-ტყიდან (მორიდან) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას (გარდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისა) საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 80%, ხოლო, მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისას - 90%.

2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 99.5%.