გადაწყვეტილება №20815/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 20815/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20815/2/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:--- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 12.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20815/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა;

2. დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №067-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20741 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 123 021 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 78 900

დღგ - 34 106

საშემოსავლო გადასახადი - 44 794

ჯარიმა - 35 784

საურავი - 8 337

გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა:

საშემოსავლო გადასახადი: 24 837 ლარი

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 5.07.2023 წლის №16015 ბრძანება და 6.07.2023 წლის №067-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სატენდერო დოკუმენტაციის და სხვა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადს შორის, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების შედეგების საფუძველზე მიღებული შემოსავლები და მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე100, 102-ე, 104-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამისის პერიოდების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, და 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების შედეგების საფუძველზე მიღებული შემოსავლები და მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შემოწმებას გათვალისწინებული აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2020 წელს 15 506 ლარის ოდენობით, 2021 წელს 27 957 ლარი, ხოლო 2022 წელს 76 671 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციას და დეკლარირებას ახორციელებდა თვითონ, მას არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ზემოაღნიშნულ საკითხზე, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები არის არასრული იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ის პირნათლად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის, თუმცა საკუთარი საბუღალტრო დოკუმენტაციის სრულყოფა ვერ მოახდინა, მას გაწეული ჰქონდა ამ ტენდერების შესასრულებლად. ყველა ხარჯი, თუმცა ვერ ახდენდა მის დოკუმენტურ დადასტურებას. შესაბამისად, მოითხოვს ამ საკითხთან მიმართებაში გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელის თანახმადაც თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული, მაგრამ ამასთან ერთად საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). წყარო: 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო (მანუალი) ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების შედეგების საფუძველზე მიღებული შემოსავლები და მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 104-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამისის პერიოდების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სატენდერო დოკუმენტაციის და სხვა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად დეკლარირებული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (----) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების (---) შედეგების საფუძველზე მიღებული შემოსავლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1.01.2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველის ნაწილით, 275-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით. მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არ იყო ცნობილი, როგორ უნდა ყოფილიყო აღრიცხული საბუღალტრო დოკუმენტაცია და მომხდარიყო სწორად დეკლარაციების წარდგენა, საბუღალტრო მომსახურებას მეწარმე აკეთებდა თვითონ, საწარმოს არ ჰქონდა საშუალება აეყვანა კვალიფიციური ბუღალტერი და შესაბამისად ამან გამოიწვია ზემოაღნიშნული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, გათვალისწინდეს მისი პოზიცია და ამ საკითხთან მიმართებაში მიმართ გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის არ ცოდნა ვერ გახდება შემამსუბუქებელი გარემოება და სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა;

2. დღგ-ში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 5.07.2023 წლის №16015 ბრძანება და 6.07.2023 წლის №067-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 106; 105; 72; 269 (7).