ბრძანება N 5435
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5435
12 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 25 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №101020/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის №005-3663 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის ომის მონაწილე და 3 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადზე ეკუთვნის შეღავათი. სამსახურის ბუღალტერი არასწორად რიცხავდა საშემოსავლო გადასახადს და ამიტომ დაუგროვდა ზედმეტად გადახდილი თანხა. 2022 წელს ზედმეტად გადახდილი თანხა ჰქონდა 162 ლარი, 2023 წელს გადასახდელი ჰქონდა 17.51 ლარი, 2024 წელს გადასახდელი ჰქონდა 96.68 ლარი, ხოლო 2025 წელს ისევ ჰქონდა ზედმეტად გადახდილი თანხა 194.70 ლარი. მიუთითებს, რომ დათვლის შემდეგ რჩება ზედმეტად გადახდილი თანხა 242.51 ლარი და არ აქვს არანაირი დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების გაუქმებასა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ წარმოდგენილია 2022-2025 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც ნაჩვენებია დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შეღავათი 3 000 ლარამდე და ჩათვლილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადები.
2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენს 96.68 ლარს. შედეგად, 2025 წლის 31 მარტის სავადო თარიღში გადამხდელს ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 65.32 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 2025 წლის მიმდინარე გადასახდელები (საავანსოები) ჯამურად 110.44 ლარი. მათ შორის
2025 წლის 15 მაისის სავადო თარიღზე – 27.61 ლარი; 2025 წლის 15 ივლისის სავადო თარიღზე – 27.61 ლარი; 2025 წლის 15 სექტემბრის სავადო თარიღზე – 27.61 ლარი; 2025 წლის 15 დეკემბრის სავადო თარიღზე – 27.61 ლარი.
2025 წლის საავანსოები გამოანგარიშებულია 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 41-ე გრაფიდან ,,საშემოსავლო გადასახადი კანონმდებლობით დადგენილი ჩათვლების გარეშე” - 110.43 ლარი.
გადახდილი თანხები არ ფიქსირდება.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2026 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 110.44 ლარი, საურავი 16.20 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფ/პ ------- (პ/ნ -------) მთელ ქონებაზე 2026 წლის 20 თებერვლის №005-3663 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 25 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- (პ/ნ ------- 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 45.12 ლარი, საურავი 2.62 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. მე-6 ნაწილის თანახმად, მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის №005-3663 შეტყობინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2025 წლის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის საფუძველზე. ამასთან, 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ისევ ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელები მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების გაუქმებასა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანის მიერ წარმოდგენილია 2022-2025 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც ნაჩვენებია დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შეღავათი 3 000 ლარამდე და ჩათვლილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადები. დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 2025 წლის მიმდინარე გადასახდელები (საავანსოები) ჯამურად 110.44 ლარი. 2025 წლის საავანსოები გამოანგარიშებულია 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 41-ე გრაფიდან ,,საშემოსავლო გადასახადი კანონმდებლობით დადგენილი ჩათვლების გარეშე” - 110.43 ლარი. გადახდილი თანხები არ ფიქსირდება. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 2026 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მთელ ქონებაზე შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელები მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 155; 239