გადაწყვეტილება №19375/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19375/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- (პ/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19375/2/2023).
დავის საგანი:
ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №011-324 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7510 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და -------- (პ/ნ --------), შპს --------- (ს/ნ ---------), ---------- (პ/ნ --------) და შპს -------- (ს/ნ --------) აღიარებულ იქნენ შპს „---------“-ს (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანების და საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, შპს „-------“-ს (ს/ნ --------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი თებერვლის №011-324 ბრძანებით, დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონებები.
ვალის მართვის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №011-324 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7510 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 241-ე მუხლით, 246-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ის არის უსამართლო და შეუსაბამოდ ზღუდავს მის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რამეთუ ბრძანება ისე იქნა მიღებული არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება. საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევის მიზანშეწონილობის, ლეგიტიმურობის, თანაზომიერების შემოწმება, გულისხმობს იმას, რომ არ დაუშვას ორი კონსტიტუციური პრინციპის კოლიზია. კონსტიტუციის მე-19 მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 67-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივნის ქონებას ყადაღა დაედო როგორც შპს --------ს (ს/ნ ---------) ცრუმაგიერ პირს. მომჩივანს მიაჩნია, რომ ის არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ამასთან, 2023 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეზე №3/7928-21 საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეში სასამართლოს, საერთოდ არ აქვს ნამსჯელი ----------- პასუხისმგებლობის ფარგლებზე. ბრძანებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა სახის აქტივის განრიდებაში შეუწყო ----------მა შპს ----------ს და კონკრეტულად რა ფარგლებში უნდა იქნეს ის აღიარებული ხსენებული ორგანიზაციის ცრუმაგიერ პირად. გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე არ არის ცრუმაგიერობის შემთხვევის კლასიკური მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შესულიყო სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილიყო მათი განსხვავება. ასეთ შემთხვევაში სახეზეა პირთა ერთ მეწარმე სუბიექტად განხილვის ობიექტური შესაძლებლობა და მათ მთელი თავისი ქონებით უნდა აგონ პასუხი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისათვის. რაც შეეხება მეორე საფუძველს - კონკრეტული სასაქონლო ოპერაციიდან გამომდინარე პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობას, ამ შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა. კერძოდ, ამ საფუძვლით ურთიერთდამოკიდებული პირები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საიდენტიფიკაციო თუ სხვა სახის სარეგისტრაციო მონაცემებით, საქმიანობის დაწყების პერიოდით, სფეროთი და მხოლოდ ერთჯერადად ან განგრძობადი ფიქტიური სასაქონლო ოპერაციის განხორციელებით ავლენენ ცრუმაგიერი მფლობელობის განზრახვას ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე მეწარმე სუბიექტთან გარკვეული სახის სარგებლის მიღების მიზნით. შესაბამისად, ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პირობებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მასზე (ცრუმაგიერ პირზე) სრულად გადაკისრება, დაარღვევდა სახელმწიფოსა და მეწარმე სუბიექტს შორის ინტერესთა, ანუ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რათა სიკეთე (ბიუჯეტში გადასახადის გადახდა), რომლის მიღწევასაც ემსახურება ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენა, არ აღემატებოდეს კერძო პირის შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს. დაცულ სფეროში ჩარევის ყველა შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი და მის შესაბამისად იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს როგორც შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობა, ისე შეზღუდვის საშუალების გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა. სახელმწიფომ აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის უნდა იყოს განპირობებული ანუ ფაქტობრივად ამ საჭიროებაში უნდა ჩანდეს შეზღუდვის მიზანი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესების მნიშვნელოვანი შელახვა ხდება. აღნიშნული კი განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ კერძო საკუთრება, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს წარმოადგენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. ხოლო როდესაც ხდება საკუთრების უფლებაში არამიზნობრივად ჩარევა, მოცემული საჯარო ინტერესი მნიშვნელოვნად ილახება. განსახილველ შემთხვევაში, გამოწერილი ანგარიშფაქტურით დასტურდება, რომ შპს ----------მ შპს ----------სგან მიიღო საქონელი, რომელიც გახდა საფუძველი მათი ე.წ ურთიერთდამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქონლის მიწოდების შემდგომ მოხდა მისი საფასურის სრულად გადახდა შპს ---------ს საბანკო ანგარიშზე, რაც დასტურდება საბანკო ტრანზაქციით. გარდა ამისა, ცრუმაგიერად ცნობის გადაწყვეტილებაში, საერთოდ არ არის ნამსჯელი, თუ რის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა უშუალოდ შპს ---------ს დირექტორს ------------ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. რაც, შეეხება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7510 ბრძანებას, აღნიშნული ბრძანება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან ის საერთოდ არ შედის №79370/1/2023 საჩივრის შინაარსში და მხოლოდ შაბლონური პასუხებით შემოიფარგლება. ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში, სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ აქვს ნამსჯელი რაიმე სახის ურთიერთკავშირზე -----------ს და შპს ---------ს შორის. ასევე, რა ფარგლებში, მოახდინა მან შპს --------ისათვის მოსალოდნელი საგადასახადო დავალიანების შემცირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვევაში ადმნისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც გულისხმობს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას, შესაბამისად ის ვალდებულია დაიცვას ადმინსტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული თანაზომიერების პრინციპი. უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი უთითებს, რომ ბრძანება უკანონოა და შეუსაბამოდ ზღუდავს მის კანონიერ ინტერესებს, რის გამოც ითხოვს ბრძანების ბათილად ცნობას და საჩივრის დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ის არის უსამართლო და შეუსაბამოდ ზღუდავს მის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რამეთუ ბრძანება ისე იქნა მიღებული არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება.
ვინაიდან, მომჩივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბრძანებით აღიარებულ იქნა შპს „-------“-ს (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირად, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს-ს ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონებები. ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7510 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 246(1)(5), 238(1), 241(1).