გადაწყვეტილება №18335/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18335/2/2022
23.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 29.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18335/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №081-183 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 218 683 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 427
საშემოსავლო გადასახადი - 7 790
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 2 444
ქონების გადასახადი - 118 193
ჯარიმა - 24 595
საურავი - 65 661
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2014 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში აღებული აქვს სესხი, რომელსაც იყენებს ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად, ასევე გაცემული აქვს ხელფასები თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობენ მშენებლობის პროცესში. აღნიშნული ხარჯები საწარმოს არ აქვს კაპიტალიზებული ძირითადი საშუალების ღირებულებაში.
ბასს-ის თანახმად, საწარმო ვალდებულია აღნიშნული ხარჯები დაამატოს დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებას და ქონების გადასახადის ოდენობა განსაზღვროს ასეთი ღირებულებიდან. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2014 წლის №081-120 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.03.2015 წლის №8867 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს ინფორმაცია ბასს-ის 23-ე სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღის თაობაზე. ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2015 წლის დასკვნა. დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დოკუმენტაცია ბასს-თან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი დამატებით შესწავლილ იქნა ბასს-ისა და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რის მიხედვითაც სესხის პროცენტის თანხები ქონების გადასახადის მიზნებისთვის ექვემდებარება დაკაპიტალიზებას.
აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2015 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.05.2015 წლის №081-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.08.2015 წლის №30545 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.
საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის დასკვნა. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №26350 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა სულ 13 503 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №081-183 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული აქტები შეეხება მხოლოდ ჯარიმის შემცირების საკითხს, თუმცა კორექტირებულმა საგადასახადო მოთხოვნამ პრაქტიკულად გააუქმა უკვე სასამართლოში გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა, ამიტომ საჩივრდება ახალი (კორექტირებული) საგადასახადო მოთხოვნა ქონების გადასახადის ნაწილში.
2004 წლის რედაქციით ბასს-23 სტანდარტი „სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების“ თანახმად, დანახარჯების აღრიცხვის ორი მეთოდი არსებობს, საბაზისო მეთოდი და ნებადართული ალტერნატიული მეთოდი. მეთოდის არჩევის უფლება გააჩნია საწარმოს. საბაზისო მეთოდის მიხედვით, სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები უნდა აღიარდეს იმ პერიოდის ხარჯად, როდესაც იქნა გაწეული, სესხის მიზნობრიობის მიუხედავად, ხოლო ალტერნატიული მეთოდის მიხედვით ნებადართულია და არა სავალდებულო ძირითად საშუალებებზე გამოყენებული სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია. საწარმოს მიერ არჩეული იქნა პირველი მეთოდი, ხოლო საგადასახადო ორგანოებს უფლება არ აქვთ დაავალდებულონ შეცვალოს მეთოდი, შესაბამისად დარიცხვა ამ ნაწილში უკანონოა.
აღნიშნული სტანდარტი შეიცვალა მოგვიანებით, შეცვლილი სტანდარტის მიხედვით, სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები ექვემდებარება სავალდებულო კაპიტალიზაციას, თუმცა აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ არ ყოფილა შემოღებული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად ვერ იქნებოდა სავალდებულო გადასახადის გადამხდელისთვის. იგი სავალდებულო გახდა 2017 წელს.
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელმაც გააუქმა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი) მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტების გამოყენების ვალდებულების ძალაში შესვლამდე.
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე9 მუხლის თანახმად, ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ფუნქციას, ხოლო ამ კომისიის მიერ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია სამჯერ: 12.08.1999 წელს, 21.02.2000 წელს და 6.04.2005 წელს, ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის კომისია ადგენს, სამოქმედოდ იქნეს შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ 2004 წელს დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ ინტერპრეტაციებთან ერთად. ხოლო, 2004 წლის რედაქციით ბასს-ის 23 სტანდარტი „სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების“ თანახმად, დანახარჯების აღრიცხვის ორი მეთოდი არსებობს, საბაზისო მეთოდი და ნებადართული ალტერნატიული მეთოდი. მეთოდის არჩევის უფლება გააჩნია საწარმოს. საბაზისო მეთოდის მიხედვით სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები უნდა აღიარდეს იმ პერიოდის ხარჯად, როდესაც იქნა გაწეული, სესხის მიზნობრიობის მიუხედავად, ხოლო ალტერნატიული მეთოდის მიხედვით ნებადართულია და არა სავალდებულო ძირითად საშუალებებზე გამოყენებული სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია.
საწარმოს არჩეული იქნა პირველი მეთოდი, ხოლო საგადასახადო ორგანოებს უფლება არ აქვთ დაავალდებულოს საწარმო შეცვალოს მეთოდი, შესაბამისად დარიცხვა ამ ნაწილში უკანონოა, შესაბამისად უკანონოა გასაჩივრებული აქტები და ბათილად უნდა იქნას ისინი ცნობილი. მოპასუხის გადაწყვეტილება ეყრდნობა კანონის არასწორ განმარტებას და წინააღმდეგობაში მოდის მასთან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.
საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა სულ 13 503 ლარის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია შეფარდებული სანქციის შემსუბუქების საკითხი და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის დასკვნით და 18.10.2022 წლის №26350 ბრძანებით სანქციის შემცირება განხორციელებულია საბჭოს 8.05.2019 წლის №11130/2/15 გადაწყვეტილების შესაბამისად.
მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და წარმოადგენს არგუმენტებს დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 16.08.2019 წლის №5833/2/2018 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.