ბრძანება N 5195
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5195
11 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 23, 24 იანვრის და 13 თებერვლის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ----) 2024 წლის 23 იანვრის №87018/1/2024, 24 იანვრის №11462/21 და 13 თებერვლის №23983/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-703 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას (განკარგვადი თანხის ხელფასად კვალიფიკაციას). გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინების რეალიზაციაც დაბეგრილია შემოწმების მიერ, წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შედეგად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ქონებას. კერძოდ, საჩივარში განმარტებულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა შპს „----ის საკუთრებას და ეს ქონება აკმაყოფილებს დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების პირობებს.
აღნიშნავს, რომ შპს „---“-ის რიგი ფინანსური პრობლემების გამო, საბანკო კრედიტის სახით 2011 წლის 29 დეკემბერს შპს „---“-სა და სს „----ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სრულად. ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით შპს „-----ს სს ---კის მიერ გაცემული კრედიტის გადახდა გაურთულდა.
აღნიშნულმა გამოიწვია ხანგრძლივი სასამართლო პროცესები და ამ პროცესებში გამოყენებული არაერთი უზრუნველყოფის ღონისძიება (აკრძალვა, ყადაღა და ა.შ), ამ პროცესებმა ფაქტობრივად ერთ ადგილზე გაყინა შპს „----“-ის ბიზნეს საქმიანობა და გამოიკვეთა, რომ კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმატებით გაეგრძელებინა მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. გადამხდელი აცხადებს, რომ შპს „---" 2016 წელს დაფუძნდა, მის საქმიანობად განისაზღვრა სამშენებლო სარემონტო და ყიდვა-გაყიდვის მომსახურება. მათ შპს „---“-ს შესთავაზეს უძრავი ქონების სფეროში საშუამავლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, საცხოვრებელი და ავტოსადგომი ფართების რეალიზაციაში დახმარება, რაშიც თავადაც --- მიიღებდა საკომისიოს. 2016 წელს დადებულია საშუამავლო ხელშეკრულება შპს „---"-სა და შპს „---ს" შორის, რომლის მიხედვით მომჩივანს გადაეცა ჯამში 145 ერთეული უძრავი ქონება (შემდეგ დაზუსტდა გადაცემული ქონების რაოდენობა), მათ შორის, საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები და ავტოსადგომები. უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა 1 179 151 აშშ დოლარის ოდენობით. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული და ასევე, ნასყიდობის განვადების ხელშეკრულებები წარდგენილია საჯარო რეესტრში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაცემული უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხებით პირველ რიგში დაიფარებოდა ნასყიდობის ზემოაღნიშნული ფასი, ხოლო სხვაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარჩებოდა შპს „---"-ს საკომისიოს სახით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაცემული ქონების ფასი იყო შეღავათიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ შპს „---ს“ საკუთრება უნდა გადაეცა უძრავ ქონებაზე ისეთი მესამე პირებისთვის, რომლებსაც შპს „---“-თან უკვე დადებული ჰქონდათ გარიგება (ძირითად შემთხვევაში უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება) და ამ გარიგების შპს „---“-ის სასარგებლოდ შესრულების შემთხვევაში, შპს „---“ იღებდა ვალდებულებას საკუთრების უფლება გადაეცა მესამე პირებისათვის, დამატებითი ანაზღაურების მიღების გარეშე. მომჩივანი სარგებელს არ იღებდა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასეთი სამმხრივი გარიგება არ იყო რეგისტრირებული. გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიის დაფუძნებისას მათ მიმართეს ქ.----ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს, მისი დირექტორის და დამფუძნებლის თანაგანმცხადებლად დარეგისტრირება შპს „----"-ის მშენებლობის ნებართვაზე. გადამხდელი მიუთითებს, რომ სახეზეა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და არა შპს „---ს“ მხრიდან უძავი ქონების რეალიზება (ამ გარემოებას მოწმობს არსებული ათობით სამმხრივი შეთანხმებები, რომელიც რეესტრშია რეგისტრირებული და რომლის მხარეები არიან შპს „---“, მყიდველი და შპს ---“). გადამხდელი აცხადებს, რომ შპს „---ს“ უძრავ ქონებაზე დღგ-ს დარიცხვა არამართლზომიერია. ასევე, გადამხდელს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა დაუსაბუთებელია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24930 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33056 ბრძანება და ამავე თარიღის №006-703 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 168 716 ლარი, მათ შორის გადასახადი 94 338 ლარი, ჯარიმა 28 879 ლარი და საურავი 45 499 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით,საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენა-რეალიზაცია. 2020-2023 წლის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს შეძენილი და შემდგომ რეალიზებული აქვს ჯამში 539 560 (დღგის ჩათვლით) უძრავის ქონება (საცხოვრებელი ბინები), 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულება აჭარბებს 100 000 ლარს. შპს „---ს“ (ს/ნ ---) წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 8 იანვრიდან. შედეგად შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად განხორციელდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გაანგარიშებული განკარგავდი თანხა ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად: 1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:
79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინების რეალიზაციაც დაბეგრილია შემოწმების მიერ, წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 79-ე ნაწილის შედეგად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ქონებას. კერძოდ, საჩივარში განმარტებულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა შპს „---"-ის საკუთრებას.
შპს „----" საშუამავლო მომსახურებას უწევდა შპს „---“-ს 2016 წელს დადებული საშუამავლო ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული ხელშეკრულებით მომჩივანს გადაეცა ჯამში 145 ერთეული უძრავი ქონება (შემდეგ დაზუსტდა გადაცემული ქონების რაოდენობა), მათ შორის, საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები და ავტოსადგომები. უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა 1 179 151 აშშ დოლარის ოდენობით. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული და ასევე, ნასყიდობის განვადების ხელშეკრულებები წარდგენილია საჯარო რეესტრში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაცემული უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხებით პირველ რიგში დაიფარებოდა ნასყიდობის ზემოაღნიშნული ფასი, ხოლო სხვაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარჩებოდა შპს „----"-ს საკომისიოს სახით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაცემული ქონების ფასი იყო შეღავათიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ შპს „---ს“ საკუთრება უნდა გადაეცა უძრავ ქონებაზე ისეთი მესამე პირებისთვის, რომლებსაც შპს „----“-თან უკვე დადებული ჰქონდათ გარიგება (ძირითად შემთხვევაში უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება) და ამ გარიგების შპს „---“-ის სასარგებლოდ შესრულების შემთხვევაში, შპს „---“ იღებდა ვალდებულებას საკუთრების უფლება გადაეცა მესამე პირებისათვის, დამატებითი ანაზღაურების მიღების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები და აღნიშნულის შედეგად დღგ-ს დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ის ოპერაციები (უძრავი ქონების რეალიზაცია), რომლებზეც დადასტურდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობა, განიხილოს შპს „---“-ის ოპერაციად (რეალიზაციად) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული დღგ დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ის ოპერაციები (უძრავი ქონების რეალიზაცია), რომლებზეც დადასტურდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობა, განიხილოს შპს „----“-ის ოპერაციად (რეალიზაციად) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული დღგ დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას (განკარგვადი თანხის ხელფასად კვალიფიკაციას).
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33056 ბრძანება და ამავე თარიღის №006-703 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 168 716 ლარი, მათ შორის გადასახადი 94 338 ლარი, ჯარიმა 28 879 ლარი და საურავი 45 499 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 309 (79 ;80; 81); 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157; 160; 161;