ბრძანება N 27239

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 27239
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27239

06 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 25 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 25 ივლისის №82550/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №041-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ვინაიდან აქვს დოკუმენტური რეალიზაციები, შემოწმებას ფასნამატი უნდა გაეანგარიშებინა აღნიშნულზე დაყრდნობით. ასევე, აღნიშნავს, რომ რპთ-ის გაანგარიშებაში შემმოწმებლებს დაშვებული აქვთ შეცდომა, რადგანაც რიგ შემთხვევებში საბაჟო ღირებულება განბაჟებისას დადგენილია საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასებით, როდესაც აღებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საქონლის საინვოისო ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ.

2. არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადასახდელი საინვოისო ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად და დარჩენილი 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ წარმოადგენს შესყიდვის აქტებს, რომლითაც დადასტურდება, რომ შეძენის ღირებულება სრულად არის გადახდილი.

3. არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ გაანგარიშებაში გათვალისწინებულ უნდა იქნას საქონლის საინვოისო ღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები, ბიუეჯტში გადახდილი თანხები, საბანკო ხარჯები, ხელფასები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ხოლო მიღებული სალაროს ნაშთი უნდა დაკვალიფიცირდეს დივიდენდად.

4. არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადახდილი მომსახურების ღირებულების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და აცხადებს, რომ წარმოადგენს რეზიდენტობის ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5430 და 27 აპრილის №9133 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 20 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 22 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11854 ბრძანება და ამავე თარიღის №041-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 106 644 ლარი, მათ შორის, გადასახადი 691 970 ლარი, ჯარიმა 345 498 ლარი და საურავი 69 176 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №"------"საქმეზე შპს „------ -ის “ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. საწარმოს საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით "------"-ის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე. საწარმო აღნიშნული საქონლის შეძენას სრულად ახდენს იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაციას - მხოლოდ ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახდენს როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან. საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდება მცირე რაოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელმა არ წარმოადგინა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „------ -სგან “ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელმა ასევე არ წარმოადგინა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე დაჯარიმდა ორჯერ. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გადამხდელს ინვენტარიზაციისას განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტიური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო არანაირი დოკუმენტაცია და ამასთან, შეუძლებელი იყო არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 40%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 034 527 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 977 679 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო დაფუძნებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციამ დააფიქსირა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 0 ლარი, შემოწმების მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს,შედეგად შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

2. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები არ უფიქსირდება. სრული საინვოისო ღირებულება აღნიშნულ მომწოდებლებთან შეადგენს 1 947 502 ლარს. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. შპს "------"-ის მხრიდან ასევე არ არის წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანების „დანართი №8“-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, თუმცა არც ახსნა-განმარტება და არც რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

3. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა შპს „------- - ის “ ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 1 049 952 ლარის (აგროსილი 1 312 440 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

4. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საქონელი, კერძოდ, ტანსაცმელი თურქეთიდან და ჩინეთიდან „FCA“ პირობით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი, კერძოდ, თურქული კომპანია. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან. ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 4%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება ფასნამატს, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 40%-ის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რპთ-ის განსაზღვრა მოხდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა შესაძლო გარემოება საინვოისო ღირებულების შესაფასებლად, ხოლო საბაჟო ორგანოს მიერ აფასებები არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით:

 საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები არ უფიქსირდება. ხოლო სრული საინვოისო ღირებულება აღნიშნულ მომწოდებლებთან შეადგენს 1 947 502 ლარს. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი, არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. ასევე არ არის წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად;

 გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 1 049 952 ლარის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მისი მხრიდან არ არის წარმოდგენილი იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბანკო ამონაწერებით აღნიშნული გადახდები არ დასტურდება. გადამხდელის მიერ ასევე არ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება განხორციელდა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე, გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მეორე და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საქონელი (ტანსაცმელი) თურქეთიდან და ჩინეთიდან. სატრანსპორტო მომსახურებას აღნიშნულზე უწევს თურქული კომპანია. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი არ ჰქონდა გადასახადის წყაროსთან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მისი მხრიდან არ არის წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობები მიღებულ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება გადამხდელს არ წარმოუდგენია არც საგადასახადო დავის ეტაპზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს.

2. არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადასახდელი საინვოისო ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად და დარჩენილი 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვას.

3. არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.

4. არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადახდილი მომსახურების ღირებულების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №------ საქმეზე მომჩივანი ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 40%-ის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს,შედეგად შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

2.„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანების „დანართი №8“-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, თუმცა არც ახსნა-განმარტება და არც რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3. გაანგარიშებულ იქნა მომჩივანის ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

4. მოჩივანს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საქონელი.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი.გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მეორე და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(22)73(5,9)101,104,134,154,159,163,164,275.