ბრძანება N 23603

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2024
№ დოკუმენტი 23603
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23603

05 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №92443/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ოქტომბრის №CB1676137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი დაჯარიმებულია ჩამოსაწერად განკუთვნილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში გამოვლენილი დანაკლისისთვის. განმარტავს, რომ კომპანიას აქვს რამდენიმე ტონიანი მაცივარი, რომელიც საჭიროა ხილის ოპტიმალურ ტემპერატურაზე შესანარჩუნებლად. დენის ხშირმა გათიშვამ და ძაბვის ცვალებადობამ გამოიწვია სამაცივრე აგრეგატის დაზიანება. სამაცივრე ოთახში ვერ მოხერხდა ტემპერატურის შენარჩუნება, რამაც გამოიწვია მასში შენახული ხილის გაფუჭება. კომპანიის მიერ პირველ ოქტომბერს მოხდა გაფუჭებული ხილის მაცივრიდან გამოტანა და აწონა, რომლის წონამაც შეადგინა 16923 კილოგრამი. განადგურების პროცედურა დაიწყო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 8 დღე საქონელი იყო ღია ცის ქვეშ. ამ პერიოდში დაემთხვა ცხელი ამინდები, რამაც გამოიწვია ჩამოსაწერი საქონლის ნაწილობრივ გალღობა და ნაწილობრივ აორთქლება, მასა ჩამოიღვარა იმ პაკეტებიდან სადაც ის იყო მოთავსებული.

გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა საქონლის დამალვა და მისი გაყიდვა კანონის გვერდის ავლით, რადგან აღნიშნული საქონლის ბაზარი საქართველოში არ არსებობს და ვერანაირ ფარულო მოგებას კომპანია ვერ მიიღებდა საქონლის დამალვით. კომპანია ორიენტირებულია ექსპორტზე და გაყინული პროდუქცია გათვალისწინებული იყო ექსპორტისთვის. კომპანიის მიერ საკუთარი ძალებით მოძიებული ინფორმაციითა და პირადი დაკვირვებით, შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, რომ ხილი და კენკროვანი შეიცავს 65-85% წყალს, რომლის აორთქლებაც ხდება ნატურალურად გამოშრობის დროს და პროდუქცია კარგავს 60-80% წონას.

აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს ოქმით დაკისრებული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №სმფ-8963 ბრძანებით ამავე დეპარტამენტს დაევალა შპს „----------“ (ს/ნ ----------) (ფაქტობრივი მისამართი: ------------) მიერ წარმოდგენილ დანართ №24-ში (მარაგების ჩამოწერის დოკუმენტი) მითითებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი მარაგების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.

აღნიშნული ბრძანება 2024 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა შპს ,,-----------“ (ს/ნ ----------) მინდობილ პირს ---------- (პ/ნ ---------), მას ასევე განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. 2024 წლის 9-11 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა ჩამოსაწერად და გასანადგურებლად წარმოდგენილი საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის დათვლა (აწონა), რაც შეუდარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დანართ №24-ში მითითებულ რაოდენობას. შედარებისას რამდენიმე სახეობის საქონელზე გამოვლინდა დანაკლისი. დანაკლისის ოდენობამ თანხობრივად შეადგინა 8046.81 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 11 ოქტომბერს შედგენილ იქნა №CB1676137 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 8046.81 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი ხილ-ბოსტნეულის განადგურება და აღნიშნული პროდუქციის გაუვარგისების გამო მისი ფაქტობრივი რაოდენობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულზე ნაკლებია, მაშინ გადასახადის გადამხდელი ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის მე-4 სვეტში ავსებს ჩამოსაწერი ხილ-ბოსტნეულის ფაქტობრივ რაოდენობას, ხოლო მე-5 და მე-6 სვეტებში უთითებს ამ პროდუქციის გაუვარგისებამდე სააღრიცხვო მონაცემებში არსებულ ერთეულის ფასს და თავდაპირველი რაოდენობის მთლიან ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ოქმით დაკისრებული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:145(6,7);279(3);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი