გადაწყვეტილება №4172/2/2017-2

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2018
№ დოკუმენტი 4172/2/2017-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№4172/2/2017

12.01.2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------„ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულიმა დავების განხილვის საბჭომ 12.01.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---„ 22.06.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

ჩთვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებული საქონლის/მომსახურების დღგ-ის აღდგენა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3457891 ლარი;

მათ შორის:

დღგ - 244272 ლარი;

მოგების გადასახადი - 1352320 ლარი;

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 3174 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - (-22172 ლარი);

ჯარიმა - 1394306 ლარი;

საურავი - 485991 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საწვავით საცალო-საბითუმო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.10.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 9.12.2016 წლის აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის №35499 ბრძანება და 12.12.2016 წლის №094-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.12.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2017 წლის №15436 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „--------„ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდა 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან, ასევე გათავისუფლდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გაუქმების შედეგად დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისაგან და უკუდაბეგვრის დღგ-ს გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან; საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხი:

ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებული საქონლის/მომსახურების დღგ-ს აღდგენა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დღგ-თი როგორც დასაბეგრი, ისე დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები (გრანტის ფარგლებში და ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი პირებისათვის საწვავის მიწოდება). საწარმო ყოველ საანგარიშო პერიოდზე (თვეზე) ანგარიშობს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვის პროცენტულ წილს მთლიან ბრუნვაში და ამ წილის მიხედვით არ ითვლის საანგარიშო პერიოდში (თვეში) შეძენილი საქონლის/მომსახურების (როგორც აღნიშნულ ოპერაციებში გამიჯნულ, ისე გაუმიჯნავ) დღგ-ს თანხებს. საანგარიშო თვეებში ჩაუთვლელ დღგ-ს თანხებს გადამხდელი სრულად (როგორც აღნიშნულ ოპერაციებში გამიჯნულ, ისე გაუმიჯნავ საქონლის დღგ-ს) იბრუნებს დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, იმ მოტივით, რომ წლის განმავლობაში დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა საერთო ბრუნვის 5 %-ზე ნაკლებია და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები ეხება როგორც ასეთ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებულ, ისე გაუმიჯნავ საქონელს/მომსახურებას.

შემოწმება უთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამასთან განმარტავს რომ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები არ ავალდებულებს გადამხდელს წლის ბოლოს დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში დღგ-ის თანხის გადაანგარიშებას/დაზუსტებას, რის გამოც მე-4 და მე-5 ნაწილებზე არ ვრცელდება მე-10 ნაწილის მოთხოვნები. მე-10 ნაწილი შეღავათს ანიჭებს მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებს, როცა გადამხდელს უუქმდება ვალდებულება, დააზუსტოს კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით როგორც ძირითად საშუალებებზე (გაუქმების შემთხვევა), ასევე დანარჩენ საქონელზე/მომსახურებაზე განხორციელებული ჩათვლები (დაზუსტების შემთხვევა). შემოწმების მიერ დეკემბრის თვის დეკლარაციაში დაბრუნებულია წინა საანგარიშო პერიოდებში მხოლოდ გაუმიჯნავ საქონლზე/მომსახურებაზე და ძირითად საშუალებებზე გაუქმებული დღგ, ხოლო დაბრუნებას არ დაექვემდებარა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებული საქონლის/მომსახურების დღგ.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;

ამავე მუხლის თანახმად:

4.ამ მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.

5.თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

6. თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

7. ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:

გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;

გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა,იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული მუხლის და საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხის გაუქმების შედეგად დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლედს ამ ნაწილში

2016 წლის 12 დეკემბრის №094-317 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისაგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის შეძენისას არ იყო ცნობილი რომ საქონელი იქნებოდა თუ არა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციებში, ამიტომ იხელმძღვანელა 174-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სსკ-ის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ჩათვლილი დღგ-ს თანხა ექვემდებარება გაუქმებას თუ გათვალისწინებული იქნება 174-ე მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების პირობები. სსკ-ის 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში კომპანიის ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატებოდა მთლიანი ბრუნვის 5 პროცენტს (რეალურად იყო 1 პროცენტზე ნაკლები) და სსკ-ის ეს მუხლი წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების მიზნებისათვის იმპერატიულ სპეციალურ პირობას/ნორმას, საზოგადოება ახდენდა სსკ-ის174-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაუქმებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხის აღდგენას.

ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება არ შეიცავს რაიმე სახის დამატებით განარტებას იმ შემთხვევებზე როდესაც საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა გამოყენებულია ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება. ასეთი განმარტება ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში საჭირო არც არის ვინაიდან ბრძანების 73-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გადაანგარიშებას ან/და გაუქმებას, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც „კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტი ან მეტია“, რა პირობაც ამ შემთხვევაში არ დამდგარა.

აღნიშნული ჩანაწერი თავდაპირველად 2011 წლამდე საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-8 ნაწილის სახით დაემატა 2010 წლის 21 ივლისს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლოა ნათლად უთითებს რომ თუ საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლები იყო ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ვალდებულება გაეუქმებინა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, რაც თავისთავად უარყოფს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს განმარტებას რომ ეს მუხლი შექმნილია მხოლოდ დეკემბრის პერიოდში გადაანგარიშების შეზღუდვისათვის. ასევე, 2011 წლიდან მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში 5%-იანი გადაანგარიშება/გაუქმების შეზღუდვა უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული და მთლიანად 174-ე მუხლზე (დღგ-ის ჩათვლით) იქნა გავრცელებული. ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე დაყრდნობით განმარტა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ რომ, აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ დეკემბრის პერიოდში გადაანგარიშებას ეხება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, მე-6 და მე-10 ნაწილების თანახმად,2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:

ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის;

ბ) საქობელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.

4.ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.

5.თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა:

ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;

ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

6.თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

10.ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 73-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად,1.ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გადაანგარიშებას ან/და გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტი ან მეტია. ამასთან, ამ შემთხვევაში ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;

ა)იმ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე, რომელიც ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილი წესით;

ბ)იმ საქონლის დანაკარგზე, რომელიც არ აღემატება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ საქონელზე დადგენილი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას.

2.თუ საქონელი/მომსახურება რომლის მიხედვითაც დღგ-ს გადამხდელმა მიიღო ჩათვლა, ერთდროულად გამოყენებულ იქნა ჩათვლის უფლების მქონე და ჩთვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული, ნაწილობრივ, საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასაუქმებელი დღგ-ს თანხა ექვემდებარება დაზუსტებას მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისულებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

4.გასაუქმებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2017 წლის №80419-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დღგ-თი როგორც დასაბეგრი, ისე დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები (გრანტის ფარგლებში და ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი პირებისათვის საწვავის მიწოდება).

საწარმო ყოველ საანგარიშო პერიოდზე (თვეზე) ანგარიშობს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვის პროცენტულ წილს მთლიან ბრუნვაში და ამ წილის მიხედვით არ ითვლის საანგარიშო პერიოდში (თვეში) შეძენილი საქონლის/მომსახურების (როგორც აღნიშნულ ოპერაციებში გამიჯნულ, ისე გაუმიჯნავ) დღგ-ს თანხებს. საანგარიშო თვეებში ჩაუთვლელ დღგ-ს თანხებს გადამხდელი სრულად (როგორც აღნიშნულ ოპერაციებში გამიჯნულ, ისე გაუმიჯნავ საქონლის დღგ-ს) იბრუნებს დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით, იმ მოტივით, რომ წლის განმავლობაში დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლებია და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები ეხება როგორც ასეთ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებულ, ისე გაუმიჯნავ საქონელს/მომსახურებას.

შემოწმების მიერ დეკემბრის თვის დეკლარაციაში დაბრუნებულია წინა საანგარიშო პერიოდებში მხოლოდ გაუმიჯნავ საქონლზე/მომსახურებაზე და ძირითად საშუალებებზე გაუქმებული დღგ, ხოლო დაბრუნებას არ დაექვემდებარა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამიჯნულად გამოყენებული საქონლის/მომსახურების დღგ.

აუდიტორის შეფასებით სსკ-ის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.სსკ-ის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ საქონელზე/მომსახურებაზე, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოიყენება ისეთ ოპერაციებში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდზე, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. სსკ-ის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არა აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ამასთან, სსკ-ის 174-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები არ ავალდებულებს გადამხდელს წლის ბოლოს დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში დღგ-ის თანხის გადაანგარიშებას/დაზუსტებას, რის გამოც მე-4 და მე-5 ნაწილებზე არ ვრცელდება მე-10 ნაწილის მოთხოვნები. ამავე მუხლის 10-ე ნაწილი შეღავათს ანიჭებს მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებს, როცა გადამხდელს უუქმდება ვალდებულება, დააზუსტოს კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო წლის დეკლარაციით როგორც ძირიტად საშუალებებზე (გაუქმების შემთხვევა), ასევე დანარჩენ გაუმიჯნავად გამოყებებულ საქონელზე/მომსახურებაზე განხორციელებული ჩათვლები (დაზუსტების შემთხვევა). გამიჯნულად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციაში გამოყენებულ საქონელზე/ მომსახურებაზე ჩათვლის მიღების უფლება არ გაჩნია გადასახადის გადამხდელს. ასევე, აღნიშნული საფუძვლით გაუქმებულ ჩათვლებზე სსკ-ით არ არის დადგენილი წლის ბოლოს კორექტირების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილი ეხება მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (გაუმიჯნავ საქონელზე/მომსახურებაზე წლის ბოლოს ჩათვლის დაზუსტება) და მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან (ძირითად საშუალებებზე ჩათვლის დაზუსტება) დაკავშირებულ ჩათვლის კორექტირების შემთხვევებს.

ამდენად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციაში გამიჯნულად გამოყენებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელს არ გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება ამასთან ამ საფუძვლით მიუღებელ ჩათვლებზე საგადასახადო კოდექსით არ არის დადგენილი წლის ბოლოს კორექტირების ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.