ბრძანება N 7625
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7625
07.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №79500/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №005-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს აღსრულების შედეგებს, კერძოდ, ქონების გადასახადში დარიცხულ თანხას და ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმებას. აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის N3/6573-15 გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ კომპანიის მიერ ქონების საკუთრებაში მიღების საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (ქონების ღირებულება 3 047 529 ლარი) და არა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება (ქონების ღირებულება 4 915 510 ლარი). დამატებით მიუთითებს, რომ ქონების ღირებულების შემცირება შესაძლებელია არამარტო ცვეთის გამო, არამედ ქონების დაზიანების ან/და გარკვეული უფლებრივი ნაკლოვანებების გაზრდის გამო, მაგალითად დევნილებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახლების გამო. აცხადებს, რომ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი დაუსაბუთებელია და დარიცხვა უკანონო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მომართვისა და სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების ჩათვლით 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში.
შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2014 წლის 19 დეკემბრის №53098 ბრძანება და ამავე თარიღის №005-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 60 407 ლარი, მათ შორის: გადასახადი 23 246 ლარი, ჯარიმა 10 872 ლარი, საურავი 26 289 ლარი.
საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 28 იანვარს გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის N005-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. დავის საგანს წარმოადგენდა:
1. ვალუტის გაცვლითი კურსის და იჯარით მიღებული შემოსავლების კორექტირების გამო დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დეკლარირებული ზარალის შემცირება;
2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 21 ივლისის N9532/2/15 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგამოძიებო სამსახურს დაევალოს გამოითხოვოს ინფორმაცია მესამე პირებისგან ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 21 ივლისის N9532/2/15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტმა გამოსცა 2015 წლის 23 სექტემბრის აქტი შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2014 წლის 12 დეკემბრის შემოწმების შუალედური აქტის კორექტირების შესახებ, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 979 ლარი, მათ შორის, 2009 წლის პერიოდზე დღგ-ში დარიცხული გადასახადი 1 986 ლარი და ჯარიმა 993 ლარი. აღნიშნულზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2015 წლის 15 ოქტომბრის №38261 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-236 საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 დეკემბრის N53098 ბრძანებისა და 2014 წლის 19 დეკემბრის N005-251 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (საჩივარი N9532/2/15) ბათილად ცნობის მოთხოვნით, ქონების გადასახადისა და შპს „----------“-სგან იჯარით მიღებული შემოსავლების კორექტირების გამო დღგ-ის დარიცხვის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის №3/6573-15 გადაწყვეტილებით, შპს „----------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 დეკემბრის №53098 ბრძანება და 2014 წლის 19 დეკემბრის N005-251 საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (საჩივარი N9532/2/15) ქონების გადასახადისა და შპს „----------“-სგან იჯარით მიღებული შემოსავლების კორექტირების გამო დღგ-ის დარიცხვის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 3 902 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 051 ლარით და ჯარიმა 851 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №005-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 222 ლარი, მათ შორის გადასახადი 20 195 ლარი, ჯარიმა 10 021 ლარი და საურავი 31 006 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულ მასალებში, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს „----------“ ასაბუთებს საიჯარო ქირის შემცირებას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია შპს „----------“-ს 2015 წლის 16 ნოემბრის ცნობა, სადაც საწარმოს დირექტორი ადასტურებს, რომ 2009 წლის 1 მაისიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე შპს „----------“ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შპს „----------“-სა და შპს „----------“ შორის არსებული შეთანხმების გამო, იჯარით გადაცემული ფართით სარგებლობისათვის (მის: ----------) არ მომხდარა საიჯარო ქირის დარიცხვა თვეში 1500 დოლარის ოდენობით, შესაბამისად, 2009 წლის 1 მაისიდან 2010 წლის წლის 1 თებერვლამდე შპს „----------“-ს ერიცხებოდა მხოლოდ კომუნალური გადასახადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მომხდარა საიჯარო თანხის 1500 აშშ დოლარის დღგ-ის ჩათვლა და ხარჯის სახით გამოქვითვა. აღნიშნული ცნობა გაიცა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „----------“ შეუმცირდა 2009 წლის მაისიდან 2009 წლის დეკემბრის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, 1500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში. სულ შეუმცირდა 3 902 ლარი, აქედან გადასახადი 3 051 ლარი და ჯარიმა 851 ლარი. შესაბამისად, დაკორექტირდა შპს „----------“ 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი, შემოსავალმა ძირითადი საქმიანობიდან შეადგინა 317 194 ლარი. შესაბამისად, გაიზარდა 2009 წლის ზარალი.
ქონების გადასახადის შემცირების ნაწილში, სადავო საკითხთან დაკავშირებული (საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე) ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოვლენილა, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული სადავო საკითხის კორექტირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმოსთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები.
ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის 2009 წლის 24 ივლისიდან მოქმედი რედაქციის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2009 წლის 8 აგვისტოდან მოქმედი რედაქციის 273-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/6573-15), რომელშიც განმარტებულია შემდეგი:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და საბუღალტრო რეგისტრებში არ იყო ასახული საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლს დაემატა 12 ნაწილი, რითაც საგადასახადო ორგანოს ჰქონდა უფლება, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით, მაგრამ არ არის დასაბუთებული, რატომ მოხდება 2009 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშება 2001 წელს საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის ღირებულების მიხედვით ცვეთის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც 2008 წლის პირველი სექტემბრის მიღებაჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 2008 წლის პირველი სექტემბრისთვის შეადგენდა 3 047 529 ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნულ საკითხს გააჩნია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა, დაუშვებელია, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს მხოლოდ ბუნებრივი ცვეთა და 2009 წელს ქონების ღირებულების დასადგენად გამოიყენოს 2001 წელს დაფიქსირებული ქონების ფასი, რადგან რვა წლის განმავლობაში ქონების ღირებულების ცვლილება მხოლოდ ბუნებრივ ცვეთაზე არ არის დამოკიდებული და მასზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მით უფრო, რომ დადასტურებულია, ამ პერიოდის განმავლობაში ქონების სხვა საწარმოსათვის გადაცემის და შემდგომში უკან დაბრუნების ფაქტი“.
ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს შემდეგს: „რაც შეეხება ქონების გადასახადს, ასევე, დაუსაბუთებელია 2001 წელს დაფიქსირებული ღირებულების გამოყენება 2009 წლისთვის, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე მიუთითებენ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საკითხის დამატებითი სრულყოფილი შესწავლა, გამოკვლევა და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალსიწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება (ქონების გადასახადის ნაწილში).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენი ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს აღსრულების შედეგებს, კერძოდ, ქონების გადასახადში დარიცხულ თანხას და ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის განმარტებით კომპანიის მიერ ქონების საკუთრებაში მიღების საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (ქონების ღირებულება) და არა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება (ქონების ღირებულება). დამატებით მიუთითებს, რომ ქონების ღირებულების შემცირება შესაძლებელია არამარტო ცვეთის გამო, არამედ ქონების დაზიანების ან/და გარკვეული უფლებრივი ნაკლოვანებების გაზრდის გამო, მაგალითად დევნილებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახლების გამო. აცხადებს, რომ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი დაუსაბუთებელია და დარიცხვა უკანონო.
1. ვალუტის გაცვლითი კურსის და იჯარით მიღებული შემოსავლების კორექტირების გამო დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დეკლარირებული ზარალის შემცირება;
2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
(2009 წლიდან მოქმედი) 272; 273