ბრძანება N 12881
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12881
31 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "------")
(მის.: "--------")
2024 წლის 26 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") 2024 წლის 26 აპრილის №22964/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №075-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მის მიერ ხორციელდება რძის ნაწარმის და ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია, რომელიც არ გაითვალისწინება 100 000 ლარიან ზღვარში, ვინაიდან მათი მიწოდება არ იბეგრება დღგ-ით. აღნიშნავს, რომ მის მიერ რძის ნაწარმის მიწოდება ხდება საკუთარი ფერმიდან, სადაც ყოველდღიურად ამზადებს საჭირო რაოდენობის ყველს და სხვა რძის ნაწარმს და ახდენს მაღაზიაში ტრანსპორტირებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ხოლო ხილ-ბოსტნეულის შესყიდვა ხდება თბილისში არსებულ ბაზრებში გლეხებისგან (ქართული წარმოშობის), ხოლო იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება მცირე ოდენობით (დაახლოებით 5%). მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა როგორც მსხვილფეხა პირუტყვისგან მიღებული რძის გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ხილ-ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა მხოლოდ რძის წარმოება, ხოლო ხილ-ბოსტნეულის შესყიდვები არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31110 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია), ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლის არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31110 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 28 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 27 280 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 346 ლარი, ჯარიმა 5 934 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 11 აპრილის №075-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად შემოწმებამ გაითვალისწინა წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, შემოწმებამ სეზონურობის გათვალისწინებით გაიანგარიშა გადამხდელის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისაგან მიღებული რძის გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის ყოველდღიური რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ხოლო, შესყიდვების დანარჩენ ნაწილში (ხილ-ბოსტნეული) შემოწმებამ როგორც გადამხდელისაგან, ასევე წარმოდგენილ შესყიდვებში მონაწილე პირებისაგან, მოითხოვა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვების აქტების ნამდვილობის დამოწმება, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმებას წარუდგინა როგორც მსხვილფეხა პირუტყვისგან მიღებული რძის გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა მხოლოდ რძის წარმოება, ხოლო ხილ-ბოსტნეულის შესყიდვების გათვალისწინება არ მომხდარა, ვინაიდან შესყიდვები არ იყო ნოტარიულად დამოწმებული, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის მომწოდებელმა პირებმა სატელეფონო საუბრით ზეპირსიტყვიერად დაუდასტურეს აქტების ნამდვილობა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პირები იმყოფებიან ქალაქგარეთ, რის გამოც მოკლე დროში ვერ განხორციელდა აქტების ნოტარიულად დამოწმება.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა შესყიდვის აქტებში მითითებული საქონლის მიმწოდებელ რამდენიმე პირთან, რომლებმაც დაადასტურეს შესყიდვის აქტების ნამდვილობა, თუმცა აღნიშნული აქტები არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან არ იყო სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გაითვალისწინოს შესყიდვის ის აქტები, რომელთა რეალობა დადასტურდა/დადასტურდება მიმწოდებლებთან კომუნიკაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "--------" -ის (ს/ნ "-------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გაითვალისწინოს შესყიდვის ის აქტები, რომელთა რეალობა დადასტურდა/დადასტურდება მიმწოდებლებთან კომუნიკაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ სეზონურობის გათვალისწინებით გაიანგარიშა გადამხდელის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისაგან მიღებული რძის გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის ყოველდღიური რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ხოლო, შესყიდვების დანარჩენ ნაწილში შემოწმებამ როგორც გადამხდელისაგან, ასევე წარმოდგენილ შესყიდვებში მონაწილე პირებისაგან, მოითხოვა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვების აქტების ნამდვილობის დამოწმება, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გაითვალისწინოს შესყიდვის ის აქტები, რომელთა რეალობა დადასტურდა/დადასტურდება მიმწოდებლებთან კომუნიკაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
159,163,164,165,172(4).