გადაწყვეტილება №20143/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20143/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20143/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20143/2/2023).

 

დავის საგანი:

1. უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №053-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 533 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 22 556

დღგ - 18 122

მოგების გადასახადი - 3 202

საშემოსავლო გადასახადი - 1 232

ჯარიმა - 10 997

საურავი - 1 980

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1758 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6407 ბრძანება და №053-4 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის №12532 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

კომპანიის დირექტორის წერილობითი განცხადებით, საწარმო ეწეოდა როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიან მომსახურებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით (კომბაინით მარცვლის აღება). კომპანიის მიერ სასყიდლიანი მომსახურების გაწევა სრულად იყო დეკლარირებული, მაგრამ გადასახადის გადამხდელმა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ განიხილა ეკონომიკურ საქმიანობად, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირზე.

შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა გაანგარიშდა შემდეგნაირად: საბაზრო ფასად განისაზღვრა კომპანიის დირექტორის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მომსახურების გაწევის ღირებულება 1 ჰექტარზე, რომელიც გამრავლდა საჯარო რეესტრში დირექტორის სახელზე შესამოწმებელ პერიოდებში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჰექტრობრივ რაოდენობაზე. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 6 169 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, მომჩივნის მიერ მეწარმე ფიზიკური პირისთვის (------- (ს/ნ -------)) გაწეული მომსახურება, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით და დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 21 364 ლარი. მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა გაანგარიშდა შემდეგნაირად: საბაზრო ფასად განისაზღვრა დირექტორის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მომსახურების გაწევის ღირებულება 1 ჰექტარზე, რომელიც გამრავლდა საჯარო რეესტრში ------- სახელზე შესამოწმებელ პერიოდებში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჰექტრობრივ რაოდენობაზე.

ასევე, გადასახადის გადამხდელმა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა არ განიხილა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის დირექტორის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-9, მე-19, 73-ე, 158-ე, 159-ე, 1601 , 164-ე, 97-ე, 983 , 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, დროულად წარადგენდა შემოწმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, დარიცხვის შედეგებს გაეცნო ელექტრონული ფოსტით, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება მოხდა საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის მიცემული წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე. არსებობს გარკვეული უზუსტობები მომჩივნის მიერ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშებულ მონაცემებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის, რაც გავლენას ახდენს შემოწმების შედეგებზე. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემმოწმებლებთან ერთად ხელახლა მოხდეს აღნიშნული საკითხი გავლა, რათა სწორად მოხდეს საწარმოსთვის დამატებით დარიცხული თანხების განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმო მის საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო ტექნიკით ეწეოდა როგორც სასყიდლიან, ისე უსასყიდლო მომსახურებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა არ განიხილა ეკონომიკურ საქმიანობად. შედეგად, მომჩივნის მიერ კომპანიის დირექტორისთვის და მეწარმე ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება (კომპანიის დირექტორის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით) განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და დაიბეგრა საშემოსავლო, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული ინფორმაცია სრულად იქნა გათვალისწინებული, რის საფუძველზეც მოხდა გადასახადების დარიცხვა. ამასთან, მომჩივანი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, დროულად წარადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დარიცხვის შედეგებს გაეცნო ელექტრონული ფოსტით, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ამასთან, მომჩივანს დავის პროცესში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №053-4 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 35 533 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 22 556 ლარი, ჯარიმა - 10 997 ლარი და საურავი - 1 980 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, მის მიმართ დარიცხული თანხები გამოწვეულია არა ბოროტი განზრახვით თავი აარიდოს გადასახადის გადახდას, არამედ შეცდომით, რის გამოც ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები; ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმო მის საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო ტექნიკით ეწეოდა როგორც სასყიდლიან, ისე უსასყიდლო მომსახურებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა არ განიხილა ეკონომიკურ საქმიანობად. შედეგად, მომჩივნის მიერ კომპანიის დირექტორისთვის და მეწარმე ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება (კომპანიის დირექტორის მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით) განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და დაიბეგრა საშემოსავლო, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(3); 19(2); 73(9); 1601(2); 164(3); 983; 101; 154; 269(7)