გადაწყვეტილება №27320/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27320/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 9.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27320/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20844 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის №042-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8414 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 216 629,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 130 897,76
დღგ - 74 475,37
საშემოსავლო გადასახადი - 56 422,39
ჯარიმა - 64 678,08
საურავი - 21 053,70
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა უპირატესად საკვები პროდუქტებით (მაგალითად: ზეთი, კარაქი, კონსერვი, მაკარონი, ფქვილი, ყავა, ჩაი, უალკოჰოლო სასმელი, ა.შ.). გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 17 აგვისტოს. არის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელი და მიეკუთვნება მცირე გადამხდელთა კატეგორიას. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 17.08.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის სახელზე 2023 წლის 21 აგვისტოდან რეგისტრირებულია და 2024 წლის 11 მაისს გაუქმებულია ერთი სალარო აპარატი, მისამართზე - ---, ასევე 2024 წლის 16 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტირებულია ერთი სალარო აპარატი მისამართზე - ---. სარეალიზაციო საქონელი, სულ 698 296,8 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე, შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე. დღგ-ის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 437 118.90 ლარს (ამ დროს ამორტყმული ჩეკებისა და ტერმინალის ჯამი 322 143 ლარია დღგ-ის გარეშე), მიღებული ჩათვლა - 123 403,99 ლარი. შეძენილი აქვს, როგორც დასაბეგრი ისე დაუბეგრავი კატეგორიის საქონელი.
დასაბეგრი კატეგორიის საქონლის შეძენის თვითღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) არის 822 467,91 ლარი, ხოლო დაუბეგრავის - 1 522,35 ლარი. დღგ-ის დეკლარაციაში ბოლო არანულოვანი ბრუნვა ფიქსირდება 2024 წლის დეკემბერში. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 0,08724%. დოკუმენტურ რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატი არის 14%. ტერმინალითა და ჩეკებით დაფიქსირებული თანხების ჯამი შეადგენს დეკლარირებული ბრუნვების 74%-ს. შემოწმების პროცესში საზოგადოების უფლებამოსილ პირთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემების, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების და ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 2 მაისის №8406 ბრძანებით 8 მაისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სმფების ფაქტიური ნაშთი. ამასთანავე, 2025 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციის დანართ №2-ში სმფ-ს ნაშთი 2024 წლის ბოლოსთვის მითითებულია 0 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: 2025 წლის 1 აპრილისთვის სმფ-ის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის - ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილი და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალოდ რეალიზებულად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. თავის მხრივ, საცალო რეალიზაციიდან შეძენის წილის მიხედვით გამოიყო 18 ჯგუფი: ზეთი და ცხიმი -1.43%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 66%), კონსერვი - 3.37%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 40%), მაკარონ-ბურღულეული - 1.81%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 66%), მზა საკვები -0.13%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასანამატი 26%), მწნილი - 0.04%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 30%), ნახევარფაბრიკატები - 0.23%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 66%), რძის-პროდუქტები - 0.39%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 41%), საკვებ-დანამატი -16.68%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 104%), სასმელი ალკოჰოლის გარეშე -0.42%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 46%), საყოფაცხოვრებო ნივთები - 51.51%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 28%), სნექები -1.35%- იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 50%), სოუსები -0.16%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 37%), ტკბილეული -1.92%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 54%), ფქვილი -1.69%- იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 37%), შაქარი - 3.93%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 33%), ჩაი/ყავა - 0.35%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 40%), ჰიგიენური საშუალება - 14.37%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 52%), ჰიგიენური საშუალება დაუბეგრავი - 0.22%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 52%). დაანგარიშებულმა საცალო რეალიზაციამ ჯამში შეადგინა 1 024 546.86 ლარი.
შესამოწმებელი პერიოდის მთლიანი რეალიზაციის თანაფარდობა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან (საშუალო შეწონილი ფასნამატი) შეადგენს 47%-ს. ზემოაღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმებით ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები და ყველა ხელთარსებული დანახარჯი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილ III- ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7775 ბრძანებით 8 ივნისს შპს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა.
გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" და მასში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში არარეზიდენტ მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები, კრედიტორული დავალიანების განსაზღვრის მიზნით, სრულად გაითვალისწინება.
შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა, დაკვალიფიცირდა საზოგადოების დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის ვალდებულებები შემცირდა სულ 122 796 ლარით (დღგ 31 322 ლარით, საშემოსავლო გადასახადი 50 490 ლარით, ხოლო სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა ჯამში 40 985 ლარით). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 10 თებერვლის№042-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 11.03.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.04.2026 წლის №8414 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
I. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დაუშვებლობა:
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის განსაზღვრა პირდაპირი მონაცემებით შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს გააჩნდა რეალური ეკონომიკური ოპერაციების ამსახველი მონაცემები, კერძოდ: სალარო აპარატის მონაცემები, ტერმინალის ოპერაციები, საბანკო ოპერაციები აღნიშნული მონაცემები სრულად იძლევა შესაძლებლობას რეალიზაციის განსაზღვრა განხორციელდეს პირდაპირი მეთოდით. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, რაც მოცემულ საქმეში არ დასტურდება.
II. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას მტკიცების ტვირთი: აუდიტის დეპარტამენტმა რეალიზაციის განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და ფასნამატი განსაზღვრა სხვა, „მსგავსი პირის“ მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის შერჩეული პირი მსგავსი მათი კომპანიის საქმიანობისთვის, მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საცალო ვაჭრობასთან. აღნიშნული საქმიანობა თავის მხრივ გულისხმობს: მალფუჭებად პროდუქციას, ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერას, ფასდაკლებებსა და აქციებს, დანაკარგებს. ეს გარემოებები პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურ ფასნამატზე, რაც აუდიტის მიერ საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული.
III. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სტანდარტები.
საქმე №ბს-366-362(კ17) უზენაესი სასამართლოს განმარტებით: „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ ათავისუფლებს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებისგან, დაასაბუთოს დარიცხვის რეალურობა. „სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ: სხვა პირის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად; აუცილებელია გადამხდელის ინდივიდუალური გარემოებების კვლევა, მათ შორის დანაკარგები და მალფუჭებადი საქონლის სპეციფიკა.
საქმე №ბს-463-463(კ-18) უზენაესი სასამართლოს განმარტებით: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადასახადის ოდენობის დადგენა შეუძლებელია პირდაპირი მტკიცებულებებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა გამოიყენოს რეალური ეკონომიკური ოპერაციების მონაცემები და არა სავარაუდო მაჩვენებლები.
საქმე №ბს-827-827(კ-17) უზენაესი სასამართლოს განმარტებით: საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლების გამოყენება არ შეიძლება გახდეს გადასახადის დარიცხვის ერთადერთი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ: საშუალო ფასნამატი წარმოადგენს მხოლოდ ანალიტიკურ მონაცემს. იგი ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტული გადამხდელის რეალურ ოპერაციებს.
საქმე №ბს-1202-1195(კ-19) უზენაესი სასამართლოს განმარტებით: საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა იყოს:• დასაბუთებული. ინდივიდუალურად მორგებული კონკრეტულ გადამხდელზე. სხვა კომპანიების მონაცემების გამოყენება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გადასახადის განსაზღვრისთვის. IV. ფასნამატის მეთოდის არასწორი გამოყენება: შემოსავლების სამსახურმა რეალიზაციის დასადგენად გამოიყენა 47%-იანი საშუალო ფასნამატი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არ ეფუძნება გადამხდელის საქმიანობის რეალურ ეკონომიკურ მონაცემებს.
გადამხდელის საქმიანობა წარმოადგენს საცალო ვაჭრობას საკვები პროდუქტებით, რაც გულისხმობს: მალფუჭებად პროდუქციას ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერას, ფასდაკლებებს, აქციებს, რეალიზაციის დანაკარგებს. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალურ ფასნამატზე და მათი გაუთვალისწინებლობა ქმნის არარეალურ, თეორიულ ეკონომიკურ მოდელს, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო სამართლის პრინციპებს.
V. დირექტორის ხელფასად თანხის კვალიფიკაციის უკანონობა: შემოწმებით გამოვლენილი „ვირტუალური სხვაობა“ ავტომატურად იქნა მიჩნეული საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული შეფასება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლს, რომლის მიხედვით ხელფასის არსებობისთვის აუცილებელია: ხელფასის დარიცხვა. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერი. საქმეში ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად (საქმე №ბს-642-638(კ-16)): არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი სხვაობა არ წარმოადგენს ავტომატურად გაცემულ ხელფასს, თუ საგადასახადო ორგანო ვერ დაამტკიცებს თანხის რეალურად მიღების ფაქტს. საგადასახადო ორგანოს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, როგორიცაა: საბანკო ამონაწერი, სალაროს გასავლის დოკუმენტი, გადარიცხვა დირექტორის სასარგებლოდ. შესაბამისად აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არა ფაქტობრივ მტკიცებულებას.
VI. კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა: საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 18 – სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება დააფუძნოს ობიექტურ და გამოკვლეულ ფაქტებზე. მუხლი 19 – საკუთრების უფლება იცავს საკუთრების უფლებას და გადასახადის დაკისრება წარმოადგენს საკუთრებაში ჩარევას, რაც უნდა ეფუძნებოდეს: ზუსტ მონაცემებს, მტკიცებულებებს, პროპორციულობას.
მოცემულ შემთხვევაში 47%-იანი ფასნამატის გამოყენება ყოველგვარი ფაქტობრივი დანაკარგის გაუთვალისწინებლად არღვევს: სამართლიანი ადმინისტრირების პრინციპს, პროპორციულობის სტანდარტს.
VII. სანქციებისგან გათავისუფლება: გადასახადის დარიცხვასთან ერთად დაკისრებულია სანქციები საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. თუმცა გადამხდელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და არსებული დავა გამოწვეულია არა გადასახადების დამალვით, არამედ აუდიტის მიერ განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „შპს ---- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა: „სანქცია არ უნდა იყოს თვითმიზანი და მისი გამოყენება დაუშვებელია, როდესაც პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის პირობებში“. შესაბამისად არსებობს საფუძველი გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადამხდელი გათავისუფლდეს ჯარიმებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გადაანგარიშდა დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე'' პუნქტის, 73-ე მუხლის მე-5-,,ა" და მე-9-,,ბ" პუნქტების, 159-ე, 154-ე და 101-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირებულია სულ 122 796 ლარით. კერძოდ, დღგ შემცირდა 31 322 ლარით, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 50 490 ლარით, ხოლო სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა შემცირდა ჯამში 40 985 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 10 თებერვლის №№042-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდი და ფასნამატის მეთოდი გამოყენებულია არამართლზომიერად, შემოწმებით გამოვლენილი „ვირტუალური სხვაობა“ ავტომატურად არ უნდა იქნას მიჩნეული საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აცხადებს, სადავო დარიცხვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანების შინაარსზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20844 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20844 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №20844 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის ვალდებულებები შემცირდა სულ 122 796 ლარით (დღგ 31 322 ლარით, საშემოსავლო გადასახადი 50 490 ლარით, ხოლო ჯარიმა ჯამში 40 985 ლარით). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №8414 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20844 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).