გადახდილი ავანსების გამოქვითვა სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ შემთხვევებში N 0265
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადახდილი ავანსების გამოქვითვა სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ შემთხვევებში N 0265
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს რეზიდენტი საწარმო იყენებს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის დარიცხვის მეთოდს.
· ვარიანტი I საწარმომ 2012 წელს არარეზიდენტ საწარმოსთან გააფორმა ხელშეკრულება, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. პირმა არარეზიდენტ საწარმოს 2012 წელს ავანსად გადაუხადა მომსახურების ღირებულების 60% (6,000 ლარი), რაც საწარმომ 2012 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინა. მომსახურება ფაქტობრივად შესრულდა 2013 წელს.
· ვარიანტი II საწარმომ 2012 წელს დაიქირავა ფიზიკური პირი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საწარმომ დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2012 წელს ავანსად გასცა 2013 წლის 3 თვის ხელფასი (3,000 ლარი), რაც საწარმომ 2012 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინა.
შეფასება
· სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა; ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს; გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას. ამასთან, სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიუხედავად ამ მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა ან მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.
· განსახილველ შემთხვევებში, ვინაიდან გადახდა უკავშირდება, ერთ შემთხვევაში - ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ხოლო მეორე შემთხვევაში - არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, ხარჯის გაწევის მომენტის განსაზღვრისთვის, გარდა სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობებისა, სახეზე იყოს ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირობაც. მოცემულ შემთხვევებში მართალია სახეზეა სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირობა (თანხა გადახდილია), მაგრამ არ არის შესრულებული ამავე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. კერძოდ, 2012 წელს გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილეს ფაქტობრივად არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით. ხოლო სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც ხარჯების გაწევის მომენტის დადგენისთვის განმსაზღვრელია ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება. შესაბამისად, ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება არა 2012 წელი, არამედ 2013 წელი, როდესაც მომსახურება/სამუშაო ფაქტობრივად შესრულდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევებში, ავანსად გაცემული თანხები წარმოადგენს 2013 წლის გამოსაქვით ხარჯს.
ღონისძიებები
· საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ გაწეულ ხარჯებს საწარმო სრულად იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, ამასთან არ აქვს მიღებული მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავლები და ხარჯის გამოქვითვაზე არ ვრცელდება სსკ-ით დადგენილი შეზღუდვები
ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ არარეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი თანხა არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 ივნისისთვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით