გადაწყვეტილება №22748/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22748/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22748/2/2024).
დავის საგანი:
მოგების გადასახადის 15 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 127 161,84 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 686 950
ჯარიმა - 343 475
საურავი - 96 736,84
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს სისტემურ-ელექტრონული აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.07.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საზოგადოებას განაწილებული აქვს მოგება, ჯამში 36 723 869 ლარის ოდენობით (დეკლარირებულია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში). მოგების განაწილება მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დეკლარირებულია 32 831 140 ლარის ოდენობით. სხვაობის თანხა, 3 892 729 ლარი, განხილულია მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ (ე.წ. მიწის ობიექტები) და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან (საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად) მიღებულ მოგებად და აღნიშნული მიზეზით არ არის დაბეგრილი მოგების განაწილებისას.
საზოგადოებას 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის მიზნებისთვის გააჩნია შემდეგი სახის ოპერაციები: მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული ოპერაციები, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციები (ესტონური მოდელი) და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციები (საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე 16 ნაწილის შესაბამისად). ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციები ექვემდებარება 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას მოგების განაწილებისას, ხოლო სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციები (ტოტალიზატორის სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში) იბეგრება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამის 7%-ის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების არსებობა გარდაუვლად წარმოშობს საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების გამიჯვნის აუცილებლობას, კერძოდ, იმის გამო რომ გაანგარიშებულ იქნეს გაუნაწილებელი მოგება, თუ რომელი დასაბეგრი ოპერაციიდან არის მიღებული, აუცილებელია ცალკეული ოპერაციების მიხედვით გაანგარიშებულ იქნეს საზოგადოების მიერ კონკრეტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები. აქვე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას საქმიანობის პროცესში გააჩნია იდენტიფიცირებადი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება შესაძლებელია კონკრეტულად გათავისუფლებულ, დასაბეგრ ან სპეციალური წესით დასაბეგრ ოპერაციებთან და ისეთი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტულ ოპერაციაზე შეუძლებელია ე.წ. გაუმიჯნავი ხარჯები“ (რეკლამის ხარჯი, სერვერის ხარჯი, ოფისის ხარჯი, ბანკის საკომისიო ხარჯი და სხვა).
რამდენადაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია შემოსავლების აღრიცხვა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით გამიჯნულად, თუმცა შეუძლებელია გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის მიკუთვნება, გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნებას (მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ და სპეციალური წესით დასაბეგრ ოპერაციებზე) საზოგადოება ახდენს ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად და აღნიშნული მეთოდის შესაბამისად აქვს დადგენილი გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, კონკრეტული საქმიანობების მიხედვით, კერძოდ: ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებულ შემოსავლად განიხილავს ე.წ. მთლიან ჯამური ოდენობის სპინებს. შედეგად, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებული შემოსავლის წილი არის გაზრდილი და გაუმიჯნავი ხარჯების შესაბამისი ნაწილი (გაზრდილი ოდენობით) მიკუთვნებულია სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავალზე (ამცირებს ამ ნაწილში მოგებას) და პირიქით სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების (ტოტალიზატორის ნაწილი) წილი არის შემცირებული და შესაბამისად, გაუმიჯნავი ხარჯების ნაკლები ოდენობა მიეკუთვნება ტოტალიზატორის ნაწილს, შედეგად იზრდება ტოტალიზატორის ნაწილში მიღებული მოგება.
რისკის მიმოხილვის დასკვნით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია შემდეგზე, კერძოდ:
1. ცალკეული საქმიანობაში შემოსავლის ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, კერძოდ, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებულ შემოსავლებად აღებულ უნდა იქნას დადებული ფსონები, ე.წ. „რეიკ თამაშებზე“ შემოსავლად განხილულ უნდა იქნას წმინდა საკომისიო შემოსავლები, ხოლო სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავლად აღიარებულ უნდა იქნას მოთამაშეების მიერ დადებული თანხები ე.წ. „ინ“ და აღნიშნულის მიხედვით მოხდეს გაუმიჯნავი ხარჯების გადანაწილება და მიკუთვნება შესაბამის საქმიანობასთან.
2. რისკის მიმოხილვის პერიოდში ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს არაზუსტად ჰქონდა მიკუთვნებული გამიჯვნადი ხარჯები შესაბამის შემოსავლის სახეს.
3. რისკის მიმოხილვის პერიოდში ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს არაზუსტად ჰქონდა აღრიცხული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული ოპერაციები.
საზოგადოება არ დაეთანხმა მსხვილ გადამხდელთა ოფისის რეკომენდაციას. დამატებით არ წარმოადგინა რეკომენდაციის ნაწილში მოთხოვნილი ინფორმაცია (სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლების ე.წ.„ინ“-ის და „აუთებ“-ის შესახებ ინფორმაცია, ცალკეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია) და არ განახორციელა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახედვა/დაზუსტება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობის თანხა 3 892 729 ლარის ოდენობით, სრულად ჩათვლილ იქნა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, მისი განაწილების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს სულ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 686 952 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 343 475 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 97-ე, 98-ე, 99- ე, 309-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს გაწეული აქვს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათი მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისათვის შეუძლებელია, გამოსაქვითი ხარჯები უნდა განისაზღვროს საერთო შემოსავალში მოგების გადასახადის ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ პირველ რიგში ახდენდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირებას, ხოლო მეორე ეტაპზე ახდენდა საერთო ხარჯების შეპირისპირებას თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მეთოდით ხდებოდა წმინდა მოგების გაანგარიშება და დივიდენდების გაცემა. არ ეთანხმება წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილის კორექტირებას და სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდის შეცვლას და მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხების შემოსავლად აღიარებას.
გადამხდელი განმარტავს, რომ სისტემურ-ელექტრონული თამაშების მოწყობის პირობებში, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის, თუ ტოტალიზატორის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება თითოეული ფსონი, არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში სხვა პრინციპი იყოს გამოყენებული და ჯამური ფსონების ნაცვლად მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტის ბალანსზე გადატანილი ე.წ „ინ“-ები განიხილებოდეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ. ინების შესახებ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
განსახილველ საკითხში სიცხადის შეტანის მიზნით, სრულყოფილად სახეობების მიხედვით აღვწერთ შემოწმებულ პერიოდში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის პროცესში მიღებულ შემოსავლებს, შემოსავლებთან დაკავშირებულ შეპირისპირებულ ხარჯებს, ასევე განვმარტავთ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებულია ფინანსური მოგების გასაანგარიშებლად.
მოგების გადასახადის მიზნებისთვის კომპანიის შემოსავლები იყოფა სამ კატეგორიად: - შემოსავლები, რომლებიც იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრული 15 პროცენტიანი განაკვეთით (სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი სლოტ თამაშობებიდან მიღებული, რეიკზე დამოკიდებული თამაშებიდან მიღებული, ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა თანმდევი მომსახურებებიდან მიღებული);
- შემოსავლები, რომლებიც იბეგრება საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-16 ნაწილით განსაზღვრული 7 პროცენტიანი განაკვეთით (სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორის თამაშობებიდან მიღებული);
- შემოსავლები, რომლებიც გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით (სათამაშო აპარატების სალონიდან, ტოტალიზატორიდან მიღებული შემოსავლები, გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლებისა).
ეკონომიური საქმიანობის პროცესში კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები იყოფა ორ კატეგორიად:
- პირდაპირი ხარჯები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება, რომელიმე კონკრეტული ტიპის შემოსავალს; - საერთო ხარჯები, რომლებიც გარკვეული ზედმეტ-ნაკლებობით კავშირშია ყველა ტიპის შემოსავალთან და რომელთა იდეალური სიზუსტით მიეკუთვნება ცალკეულ შემოსავალთან შეუძლებელია (მაგალითად, დირექტორის ხელფასი, რომლის შესრულებული სამუშაოები უკავშირდება ყველა ტიპის შემოსავალს, შეუძლებელია გაიყოს იმგვარად სიზუსტით, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა თითოეულ სამუშაოზე დახარჯული დროის პროპორციულად დათვლილი ხელფასის წილი).
იმისათვის, რომ კომპანიის მხრიდან დაცული ყოფილიყო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოგების გადასახადებით დასაბეგრი ბაზების სწორად გამოანგარიშების მიზნით, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ:
პირველ რიგში ხდებოდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირება. მეორე ეტაპზე ხორციელდებოდა საერთო ხარჯების შეპირისპირება თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
ზემოაღწერილი მეთოდით ხდებოდა დასაბეგრი მოგების გაანგარიშება და შემდეგ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით დივიდენდების გაცემა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ტოტალიზატორიდან მიღებული შემოსავლები (მოცემულ შემთხვევაში ფსონები) იბეგრება ყოველ საანგარიშო თვეში და ტოტალიზატორიდან მიღებული წმინდა მოგების დივიდენდად განაწილება დამატებით აღარ წარმოშობს მოგების გადასახადი გადახდის ვალდებულებას, თანახმად საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-9 ნაწილისა.
კომპანიას არჩეული ჰქონდა მიდგომა - დამფუძნებელ პარტნიორზე პირველ რიგში გაეცა მოგება, რომელზე უკვე გადახდილი იყო მოგების გადასახადი და მისი დივიდენდად გაცემისას მოგების გადახდის ნაწილში სხვა ვალდებულება აღარ წარმოიშობოდა. კომპანიისთვის გაურკვეველი რჩება საგადასახადო ორგანოს მხრიდან, რა სამართლებრივი საფუძვლით გახდა მოგების გაანგარიშების მეთოდი უარყოფითად შეფასებული და რა გზით მოხერხდა ტოტალიზატორიდან მიღებული წმინდა მოგების 3 892 729 ლარიდან 0 ლარამდე შემცირება, რა დროსაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 3 892 729 ლარის განაწილება, ანუ იმ თანხისა, რომელიც შემოწმებამ ჰიპოთეტური გაანგარიშებითა და ვირტუალური საფუძვლებით მიიღო, მიჩნეული იქნა მოგების 5 გადასახადის 15 პროცენტიანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად, კომპანიას დაერიცხა როგორც ძირითადი გადასახადი, ასევე ჯარიმა.
როგორც შემმოწმებლის შეფასებიდან ირკვევა, მის მიერ წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლების ნაწილში განხორციელდა კორექტირებები, კერძოდ - ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლები და რეიკიანი თამაშების შემოსავლები დატოვა უცვლელი, ხოლო სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდე შეცვალეს და შემოსავლად აღიარეს მხოლოდ მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხები ე.წ. „ინ“- ები.
იმისათვის, რომ გავაანალიზოთ სლოტ თამაშების შემთხვევაში, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის, თუ რა უნდა იქნეს აღიარებული შემოსავლად, საჭიროა შედარება გავაკეთოთ ტოტალიზატორის შემთხვევაში, რა ითვლება შემოსავლად (რასაც შემმოწმებელიც მართებულად მიიჩნევს). ტოტალიზატორის თამაშისას ფსონი იდება მოვლენების შედეგების პროგნოზზე, არსებობს წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური და მინიმალური ფსონები. მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგებზე. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლის მიერ ტოტალიზატორის შემთხვევაში თამაში იწყება ფსონის დადებით და მთავრდება შედეგის დადგომისას. სლოტ თამაშობებში, ისევე როგორც ტოტალიზატორში არსებობს მაქსიმალური და მინიმალური ფსონების არჩევის შესაძლებლობა. თამაშის დაწყებისას მომხმარებელი ირჩევს ფსონს. თამაშის მსვლელობისას შესაძლებელია ფსონის გაზრდა და შემცირება. ფსონის განთავსების შემდეგ ტრიალდება დოლურა და მისი გაჩერებისას ცნობილი ხდება თამაშის შედეგი. მოგების ფაქტი ფიქსირდება სიმბოლოების კომბინაციების სრული ან ნაწილობრივი დამთხვევით.
მოგება განისაზღვრება სათამაშოდ არჩეული ფსონის და სიმბოლოების დამთხვეული კომბინაციის სიდიდით. ტოტალიზატორის და სლოტ თამაშობის პრინციპის ურთიერთშედარებისას გამოჩნდა, რომ ორივე შემთხვევაში ბეთის გაკეთების პროცესი შინაარსობრივად იდენტურია, განსხვავება შესაძლოა მხოლოდ თამაშის დაწყების და დასრულების ხანგრძლივობაში იყოს, თუ სლოტის თამაშისას შედეგი მომენტალურად, დოლურის გაჩერების შემდეგ ხდება ცნობილი, ტოტალიზატორის შემთხვევაში შედეგი შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგაც კი დადგეს.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილია (და რასაც შემმოწმებელი არ უარყოფს), რომ ტოტალიზატორის შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია თითოეული განთავსებული ფსონი (თვის ჭრილში ფსონების ჯამი) და არა ძირითადი ბალანსიდან ტოტალიზატორის ბალანსზე გადატანილი მხოლოდ ე.წ. „ინ“-ები. ს
ისტემურ-ელექტრონული თამაშების მოწყობის პირობებში, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის, თუ ტოტალიზატორის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება თითოეული ფსონი (ანუ თვის ჭრილში ფსონების ჯამი), არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში სხვა პრინციპი იყოს გამოყენებული და ჯამური ფსონების ნაცვლად მოგების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტების ბალანსზე გადატანილი ე.წ. „ინ“-ები განიხილებოდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის ხედვა - სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორისა და სლოტის თამაშებში, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით შემოსავლების აღიარების ნაწილში, აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საკითხის შეფასებისას გამოყენებულ მცდარ და უსაფუძვლო მიდგომას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ სლოტ თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ფორმირება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა ფსონი, მათ შორის მოთამაშეების მიერ მოგებული თანხების ხარჯზე განხორციელებული ფსონები (ე.წ. ჩატრიალებული/ჩაბრუნებული თანხები/სპინები), კანონშესაბამისობაშია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ამასთანავე, აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №2533, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მიდგომა და კომპანიის მიერ არჩეული მეთოდოლოგია დასაბეგრი მოგების გაანგარიშების საკითხში იდენტურია. მოყვანილ ფაქტებთან ერთად განსახილველ საკითხზე სიტუაციური სახელმძღვანელოს არსებობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით გადასახდელი ძირითადი თანხისა და სანქციების დარიცხვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და დარიცხვები ექვემდებარება გაუქმებას. ამასთანავე, გაურკვეველი რჩება წინამდებარე საჩივრის „შემმოწმებლის პოზიციის“ ნაწილში დაფიქსირებული №2 და №3 რეკომენდაციით გათვალისწინებული საკითხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7 %-იანი განაკვეთით.
ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს გააჩნია ისეთი ხარჯები, რომლის მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობის მიხედვით გამიჯნულად შეუძლებელია, საბჭო მიიჩნევს, რომ გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნება კომპანიის ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად და აღნიშნული მეთოდით გაუნაწილებელი მოგების ოდენობის კორექტირება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოგების გადასახადის 15 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საზოგადოება არ დაეთანხმა მსხვილ გადამხდელთა ოფისის რეკომენდაციას. დამატებით არ წარმოადგინა რეკომენდაციის ნაწილში მოთხოვნილი ინფორმაცია (სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლების ე.წ.„ინ“-ის და „აუთებ“-ის შესახებ ინფორმაცია, ცალკეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია) და არ განახორციელა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახედვა/დაზუსტება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობის თანხა 3 892 729 ლარის ოდენობით, სრულად ჩათვლილ იქნა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, მისი განაწილების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309 (16 ); 73 (5); 97.